„ოცნების“ ლიდერებს 26 მაისს არ უხსენებიათ პირველი რესპუბლიკა და რუსული ოკუპაცია 

პუბლიკა

დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სიტყვით გამოსვლების დროს არც საქართველოს პირველი რესპუბლიკა უხსენებიათ და არც რუსული ოკუპაცია.

26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა.

108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელმაც ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს გახდა შესაძლებელი. 31 მარტს ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი. მასში მონაწილეთა 98,08 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს.

სამთავრობო „ტვ იმედმა“ ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის აღმდგენად გამოაცხადა. მათ გამოაქვეყნეს ქარდი, რომელშიც ზვიიდ გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც არის გამოსახული და აქვს წარწერა: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“.

მანამდე, სიტყვით გამოსვლების დროს არც ირაკლი კობახიძეს და არც „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებს არაფერი უთქვამთ 1918 წლის 26 მაისსა და საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე. მათ არც რუსეთი უხსენებიათ.

ისინი აქცენტს აკეთებენ დამოუკიდებლობის აღდგენაზე, ასევე „ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავზე”.

„35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დასდგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე – ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 

„დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომელმაც ურთულეს ეპოქებში გადაგვარჩინა.

გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ – ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია – ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია. მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

„ამ ისტორიულმა მოვლენამ [ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ] განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებისა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის
წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ „108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო“. 

„ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო.

ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები – სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა“,- თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.