TI-საქართველო: პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და მძიმე ეპიზოდად შეიძლება შეფასდეს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა და დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია საქმის პოლიტიკური ბუნება, სამართლებრივი ანალიზი და საპროცესო დარღვევები.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ეს საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნების მქონე ბოლოდროინდელ გახმაურებულ პროცესებს შორის გამოირჩევა იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არასდროს ყოფილა ამდენი პოლიტიკური ლიდერი ერთდროულად განსასჯელის სკამზე, მითუმეტეს ამდენად სერიოზული ბრალდებებით, რომელთა შორის ყველაზე მძიმე მსჯავრდებულ პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ორგანიზაციის თქმით, ის, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტია საზოგადოებაში გარკვეული გავლენის მქონე ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ბუნებრივად აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივი პროცესი პოლიტიკური კონკურენციის შესაზღუდად ან საერთოდ მოსასპობად გამოიყენება.

„ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ფონზე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის პარალელურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის კონსტიტუციური სარჩელი 4 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით“, – წერს ორგანიზაცია.

„პუბლიკა“ ვრცლად გთავაზობთ „გამჭვირვალობის“ ანალიზს, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება:

ნაწილი პირველი

საქმის პოლიტიკური ბუნება

ა) ბრალდებების საბჭოური ხასიათი

ეს საქმე უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ბრალდების საფუძველია არა ერთი რომელიმე კონკრეტული ეპიზოდი ან ქმედება, რომლის ჩადენაც შეერაცხებათ ბრალდებულებს, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ზოგადი კრიტიკული განწყობები და პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების  მიმართ. სხვა სიტყვებით, პოლიტიკოსები ისჯებიან იმიტომ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან.

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ მედიაში ამ საქმეს ხშირად „საბოტაჟის საქმედ“ მოიხსენიებენ, რაც რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში, ბრალდებულებს საკუთრივ საბოტაჟის გარდა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენაშიც აქვთ ბრალი წარდგენილი. თუმცა ამ კომპლექსური ბრალდების საქმისთვის მარტივად “საბოტაჟის საქმის” დარქმევა პროპაგანდისტული ხრიკია, რომელიც ორმაგ მიზანს ემსახურება. ჯერ ერთი, პროპაგანდის ადრესატებზე – “ქართული ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილ მხარდამჭერებსა და გაუთვითცნობიერებელ ადამიანებზე ლაკონური იარლიყები უფრო ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე გრძელი სენტენციები. ნაცვლად იმისა, რომ გრძელი წინადადებით აღწერონ, თუ რაში ადანაშაულებენ პოლიტიკოსებს, მოკლედ აცხადებენ, რომ ესენი ყველანი “საბოტაჟს” ეწევიან. მეორეც, “საბოტაჟი” ისეთი სიტყვაა, რომელიც ბოლშევიკურ-საბჭოური წარსულის რემინისცენციებს აღძრავს. ლენინურ-სტალინური რეპრესიების მსხვერპლებს ძირითადად სწორედ საბჭოთა სახელმწიფოს მიმართ “საბოტაჟში”, ანუ “ძირგამომთხრელ საქმიანობაში” ადანაშაულებდნენ ხოლმე.

შესაბამისად, ამ ერთი შეხედვით მოხერხებულ პროპაგანდისტულ ილეთს სინამდვილეში ბუმერანგის ეფექტიც აქვს, რაც “ქართული ოცნების” პოლიტტექნოლოგებს, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩათ. სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს მე-20 საუკუნის 20-30-ანი წლების საბჭოთა წმენდების სტილში საბოტაჟში სდებენ ბრალს, ამ ბრალდებებს, თავისდაუნებურად, თავადვე ისეთივე ხელოვნურს, გამოგონილს და არადამაჯერებელს ხდიან, როგორც საბჭოთა რეპრესიების მხვერპლთა მიმართ შეკერილი საქმეები იყო.

ამდენად, ეს საქმე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და მძიმე ეპიზოდად შეიძლება შეფასდეს. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ესოდენ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ერთდროულად არის ბრალდებული დანაშაულის ჩადენაში — საქმე სახელმწიფოსა და პოლიტიკური ოპოზიციის ურთიერთობის მოდელს, პროტესტისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას და სისხლის სამართლის ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საკითხს ეხება.

ამ პროცესის მთავარი თავისებურება ის არის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული — საბოტაჟი, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება, უცხოურ ძალებთან დაკავშირებული საქმიანობა — დაუკავშირდა არა შეიარაღებულ ჯგუფებს, საიდუმლო ქსელებს ან ძალადობრივი შეთქმულების ორგანიზატორებს, არამედ ღიად მოქმედ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს და მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ პოზიციებს. სწორედ ეს ქმნის საქმის პოლიტიკურ და სამართლებრივ სიმძიმეს.

ფაქტობრივად, საქმე ქმნის ნარატივს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებისადმი მწვავე პოლიტიკური წინააღმდეგობა, ქუჩის პროტესტის მხარდაჭერა და კრიტიკული პოლიტიკური რიტორიკა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობად არის შეფასებული. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ზღვარი პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის. დემოკრატიულ სისტემაში ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული, რადიკალური და ემოციური პოლიტიკური რიტორიკაც კი, როგორც წესი, დაცულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ ის პირდაპირ და კონკრეტულად არ შეიცავს მოწოდებებს ძალადობრივი ქმედებებისაკენ.

ბ) საქმე არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას და კრიტიკულადუ მოაზროვნე მოქალაქეებსაც ეხება

ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ წარმოადგენდა რაღაც მოვლენებზე „ქართული ოცნების“ ერთჯერად, იზოლირებულ სამართლებრივ რეაგირებას. პირიქით, იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც ეტაპობრივად განვითარებული და თანმიმდევრულად გაფართოებული სახელმწიფო კამპანიის კულმინაცია, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შეეხო.

ამ პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მოქმედებები დროთა განმავლობაში თანდათანობით ფართოვდებოდა როგორც სუბიექტების წრის, ისე გამოყენებული რეპრესიული ინსტრუმენტების თვალსაზრისით.

  • პროცესი დაიწყო 2024 წლის დეკემბერში, უშუალოდ საპროტესტო აქციების პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტების დაკავებით. იმ ეტაპზე სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა პროტესტის უშუალო მონაწილეთა კრიმინალიზაციაზე იქნა კონცენტრირებული. აქტივისტებს ჯერ ბრალი, ხოლო მოგვიანებით მსჯავრი დაედოთ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ძალადობის აქტებში მონაწილეობისთვის. მაშინ მმართველი ძალის სამიზნე ჯერ კიდევ მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტი, როგორც პოლიტიკური გამოხატვის ფორმა იყო. სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად წარმოჩენა იყო. ხოლო, სამოქალაქო აქტივისტების მსჯავრდება კი საზოგადოებაში იმ გზავნილის გაგზავნას ემსახურებოდა, რომ პროტესტში მონაწილეობა ნებისმიერი ადამიანისათვის შესაძლოა მძიმე სამართლებრივი შედეგებით დასრულებულიყო.
  • 2025 წლის აპრილიდან პროცესმა ახალი მიმართულება მიიღო და უშუალო მონაწილეებისგან იმ პირებზე და ორგანიზაციებზე გადავიდა, რომლებიც საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერას ან აქტივისტების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას უზრუნველყოფდნენ. პირველად ყურადღების ქვეშ მოექცა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების სოლიდარობის ფონდები. სახელმწიფომ ეს მხარდაჭერის მექანიზმები წარმოაჩინა როგორც შესაძლო უკანონო ფინანსური საქმიანობა ან დანაშაულებრივი ქმედებების წახალისების ფორმა. სწორედ ამ კონტექსტში განხორციელდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები — ფონდების ხელმძღვანელთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკა, მათი დაბარება მაგისტრატ მოსამართლესთან, ფინანსური ოპერაციების შესწავლა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ამ ქმედებებს ჰქონდა არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ აშკარად შემაკავებელი ეფექტიც: ისინი ქმნიდა სიგნალს, რომ არა მხოლოდ უშუალო პროტესტი, არამედ პროტესტის ფინანსური, ორგანიზაციული ან ჰუმანიტარული მხარდაჭერაც შეიძლებოდა სახელმწიფოს მიერ აღქმულიყო როგორც საეჭვო ან კრიმინალური საქმიანობა.
  • 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში აღნიშნული მიდგომა კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე ზოგადად არასამთავრობო სექტორს შეეხო. ამ ეტაპზე რეპრესიული პრაქტიკა აღარ იყო მიბმული მხოლოდ კონკრეტულ საპროტესტო მოვლენებთან ან ფონდებთან, არამედ შეეხო სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საქმიანობას ეწეოდნენ, აღმოჩნდნენ საგამოძიებო და ადმინისტრაციული ზეწოლის ობიექტები.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც პროკურატურის სამიზნე გახდნენ, აღმოჩნდა ჩვენი ორგანიზაციაც – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი – ეკა გიგაურიც, რომელიც, პროკურატურის შუამდგომლობით, 2025 წლის სექტემბერში და დეკემბერში ორჯერ იქნა დაბარებული და დაკითხული მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. მისი დაკითხვის ოქმები, ისევე, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ფინანსური დოკუმენტაცია საქმის მასალებში მოიპოვება.

ეს ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფო თანდათანობით ახდენდა არა კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებას, არამედ კრიტიკული სამოქალაქო და პოლიტიკური სივრცის სისტემურ შეზღუდვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე უკვე აშკარად გამოიკვეთა „გაფართოებადი პასუხისმგებლობის” ლოგიკა — თავდაპირველად დევნა შეეხო უშუალო აქტივისტებს, შემდეგ მხარდამჭერ ქსელებს, ხოლო საბოლოოდ მთლიანად იმ სამოქალაქო სექტორს, რომელიც ხელისუფლების უკანონო ქმედებების მიმართ, ბუნებრივია, კრიტიკულ მოსაზრებებს გამოხატავდა.

  • ამ პროცესის კულმინაცია გახდა 2025 წლის ოქტომბერში 8 ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის მიმართ ბრალდებების წაყენება. სწორედ ამ ეტაპზე შეიძინა 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულმა პროცესმა საბოლოოდ მკაფიო პოლიტიკური ხასიათი. თუ საწყის ეტაპებზე ხელისუფლება საკუთარ ქმედებებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ძალადობის აღკვეთის აუცილებლობით ამართლებდა, ოპოზიციური ლიდერების სისხლისსამართლებრივ დევნამდე მისვლამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მთელი წინამორბედი პროცესი პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციისა და დასუსტების თანმიმდევრულ სტრატეგიას წარმოადგენდა. საზოგადოდ, სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელიც მმართველი ძალის მიმართ პროტესტს უკავშირდება, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ფიგურებს, გარდაუვალად აჩენს კითხვებს სამართლებრივი პროცესის ნეიტრალურობის, პროპორციულობისა და პოლიტიკური მოტივაციის შესაძლო არსებობის მიმართ.

ამგვარად, მოვლენათა ქრონოლოგიური განვითარება ქმნის სურათს, სადაც სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები შეიძლება აღქმულ იქნეს არა როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საქმეები, არამედ როგორც თანმიმდევრული და პროგრესირებადი პროცესი: თავდაპირველად — პროტესტის მონაწილეთა კრიმინალიზაცია; შემდგომ — მათი მხარდამჭერი ფინანსური და სოლიდარობის ქსელების დევნა; შემდეგ — სამოქალაქო სექტორის ფართო ნაწილის მიმართ ზეწოლა; და საბოლოოდ — პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. სწორედ ეს თანმიმდევრულობა და ეტაპობრივი გაფართოება აძლიერებს არგუმენტს, რომ საქმე ეხება არა ცალკეულ სისხლისსამართლებრივ საქმეებს, არამედ სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის კონტროლისკენ მიმართულ უფრო ფართო პოლიტიკას.

ამ ოთხი დიდი ჯგუფიდან პირველის – სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების მიმართ განაჩენები უკვე გამოტანილია და ისინი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან; მეოთხის – პოლიტიკური ლიდერების მიმართ საქმე სასამართლოშია და ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს ოპოზიციური ლიდერების მსჯავრდებით; დარჩა მეორე და მესამე ჯგუფები – სოლიდარობის ფონდები და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება, რომელთა მიმართ ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

მაგრამ ის ფაქტი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელს – ეკა გიგაურს, ჯერჯერობით ბრალი არ წარდგენიათ, არ ნიშნავს, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ. პირიქით, ასეთი საფრთხე კვლავაც არსებობს და ის სამოქალაქო საზოგადოების თავზე კიდია, როგორც დამოკლეს მახვილი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაეშვას დაბლა, როცა კი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა, უფრო სწორედ კი ბიძინა ივანიშვილი ასე მოისურვებს.

ნაწილი მეორე

საქმის სამართლებრივი ანალიზი: ბრალდებების უსაფუძვლობა

გამოძიების ეტაპებს შორის კავშირის არარსებობა

სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ძალიან მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. აუცილებელია არა მხოლოდ აგრესიული პოლიტიკური ფონის ან საპროტესტო დაძაბულობის აღწერა, არამედ უშუალო კავშირის დადასტურება კონკრეტულ პირსა და კონკრეტულ დანაშაულებრივ გეგმას შორის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსი იმყოფებოდა აქციაზე, აკრიტიკებდა ხელისუფლებას ან ემოციურ განცხადებებს აკეთებდა, ვერ ქმნის ავტომატურად საბოტაჟის ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედების შემადგენლობას.

თუმცა, გამოძიების არცერთ ეტაპზე, არ გამოვლენილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც პროტესტის მონაწილეებს, სოლიდარობის ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა ან/და აწ უკვე ბრალდებულ პოლიტიკურ ლიდერებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ეს მით უფრო ნიშანდობლივია, რომ 45 ტომისგან შემდგარი საქმის მასალების ნახევარი მაინც  სწორედ 2024 წლის დეკემბერში დაკავებულ პროტესტის მონაწილეებს, სოლიდარობის ფონდებისა და სამოქალაქო საზოდოების ორგანიზაციების ლიდერებსა და მათთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება.

თავისთავად წარმოიშვება კითხვა, თუ საქმის ტომების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სამოქალაქო პროტესტს, სოლიდარობის ფონდებს და სამოქალაქო საზოგადოებას ეთმობა, მაშინ სისხლის სამართლის ლოგიკა მოითხოვს, რომ გამოვლენილიყო თითოეული მათგანის პირდაპირი კავშირი პოლიტიკურ ლიდერებთან, რათა ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელი ყოფილიყო, რომ საქმე გვაქვს ერთიან გეგმასთან, ერთიან განზრახვასთან, რომელშიც მის ყველა მონაწილეს საკუთარი როლი აქვს, საკუთარი მიზნები და ამოცანები გააჩნია.

თუმცა, საქმეც ის არის, რომ ამ გიგანტური მოცულობის საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ასეთ კავშირს დაადასტურებდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება უბრალოდ ცდილობს ფართო პოლიტიკური ქსელისა და საფრთხის სურათის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კონკრეტულ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. სისხლის სამართალი არ მუშაობს ასოციაციებით — აუცილებელია მკაფიო კავშირი დანაშაულის თანამონაწილე კონკრეტულ პირებს, თითოული მათგანის განზრახვასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის.

განსაკუთრებით პოლიტიკურად მგრძნობიარეა დროითი ფაქტორიც. თუ სახელმწიფო რეალურად მიიჩნევდა, რომ საქმე ეხებოდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ საქმიანობას ან უცხოეთის ინტერესებთან დაკავშირებულ საფრთხეს, ბუნებრივი იქნებოდა სწრაფი და დაუყოვნებელი რეაგირება. ამის ნაცვლად, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დევნა რამდენიმე თვის შემდეგ იწყება. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ საქმე შესაძლოა ნაკლებად უკავშირდებოდეს უშუალო უსაფრთხოების საფრთხეს და მეტად — პოლიტიკური პროცესების მართვას.

) ბრალდების იდეური ერთიანობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნარატივებთან

პოლიტიკური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მმართველის ძალის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების ჭრილში. მხედველობაში გვაქვს, მათ შორის, „ხუთი რევოლუციის“ ან მსგავს სცენარებზე საუბარი, რომლებიც საჯარო გამოსვლებში ხშირად გამოიყენება ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ, როგორც ერთგვარი მითოლოგიური ნარატივი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო საფრთხეების შესახებ.

ასეთ განცხადებებს, განურჩევლად იმისა, გააჩნიათ თუ არა მათ რაიმე რეალური ფაქტობრივი საფუძველი (საქართველოში მათ საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საზოგადოებისთვის წარდგენილი არ ყოფილა), სამართლებრივ შეფასებაში არ შეიძლება ავტომატურად მიენიჭოს რაიმე მტკიცებულებითი ძალა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. ისინი, როგორც წესი, აღწერენ ზოგად პოლიტიკურ აღქმებს ან უსაფრთხოების შეფასებებს, მაგრამ ვერ ცვლიან იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების საფუძველი უნდა იყოს ინდივიდუალიზებული, კონკრეტულ ფაქტებსა და დადასტურებულ ქმედებებზე დაფუძნებული ლოგიკა.

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინსტრუმენტები არ იქცეს პოლიტიკური ოპონირების, კრიტიკული აზრის ან საპროტესტო აქტივობის კრიმინალიზაციის საშუალებად. თუმცა, პოლიტიკური ლიდერების მიმართ წარდგენილი მოცემული ბრალდების საქმე საპირისპიროზე მიუთითებს.

ქვემოთ აღწერილი იქნება პოლიტიკური ლიდერებისათვის შერაცხული დანაშაულების შემადგენლობები, რათა ცხადი გახდეს, თუ რისი დამტკიცება მართებდა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ პროკურატურას იმისათვის, რომ ეს ბრალდებები რამდენადმე მაინც საფუძვლიანი გამხდარიყო.

ბრალად შერაცხული დანაშაულების შემადგენლობები

სსკ-ის 317-ე, 318-ე, 319-ე და 321¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციით ბრალად აქვთ წარდგენილი პოლიტიკურ ლიდერებს, მიეკუთვნება სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჯგუფს, სადაც პასუხისმგებლობის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ ქმედების ობიექტურ გამოვლენაზე, არამედ მკაცრად განსაზღვრულ სუბიექტურ მიზნებსა და ბრალდებულის განზრახვაზე. თითოეულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს როგორც ქმედების ფაქტობრივი განხორციელება, ასევე მისი მიზნობრივი და გონებრივი მიმართულება.

  • მუხლი 317 – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ

ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: საჯარო მოწოდებას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ; ან ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელებას; ან შეიარაღებისაკენ მოწოდებას.

სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას — პირი აცნობიერებს, რომ მისი ქმედება მიმართულია სახელმწიფო წყობის ძალადობით შეცვლისკენ და მიზანმიმართულად ახორციელებს ასეთ მოწოდებას.

ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს, რომ:

  • გაკეთდა საჯარო მოწოდება (ან გავრცელდა შესაბამისი შინაარსის მასალა);
  • მოწოდების შინაარსი ობიექტურად შეიცავდა ძალადობრივი ცვლილების ან დამხობისკენ მოწოდებას;
  • ქმედება იყო საჯარო და ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის;
  • ბრალდებულს ჰქონდა პირდაპირი განზრახვა — ხელი შეეწყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისთვის.
  • მუხლი 318 – საბოტაჟი

საბოტაჟი მოიცავს ქმედებას, რომელიც: მიმართულია სახელმწიფოს დასუსტებისკენ; და გამოიხატება სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების მიზანმიმართულ ხელშეშლაში. საბოტაჟი მატერიალური, ანუ შედეგიანი დანაშაულია: მისი არსებობისთვის აუცილებელია მავნე შედეგის დადგომა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედგეგს შორის.

ეს დანაშაული განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მიზანს — სახელმწიფოს დასუსტებას, რაც წარმოადგენს სუბიექტური შემადგენლობის ცენტრალურ ელემენტს.

ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს, რომ:

  • კონკრეტული ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა ნორმალურ ფუნქციონირებას;
  • ეს ქმედება იყო უკანონო და მიზანმიმართული;

ქმედების მიზანი იყო სახელმწიფოს დასუსტება (და არა მხოლოდ კერძო ან ადმინისტრაციული დავა);

  • არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ფუნქციონირების შეფერხებას შორის.
  • მუხლი 319 – უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციის დახმარებას საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას.

ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს, რომ:

  • არსებობდა დახმარების ქმედება (ფინანსური, ორგანიზაციული, ინფორმაციული და სხვ.);
  • დახმარება გაეწია უცხო სუბიექტს;
  • ეს სუბიექტი ახორციელებდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას;
  • ბრალდებულს ჰქონდა გაცნობიერებული ამ საქმიანობის მტრული ხასიათი;
  • არ იკვეთება სხვა სპეციალური მუხლებით გათვალისწინებული უფრო სპეციფიკური დანაშაული.
  • მუხლი 321¹ – საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა

ეს მუხლი მოიცავს: ფინანსური სახსრების, ქონების ან რესურსების შეგროვებას ან მიწოდებას; იმ ცოდნით, რომ ისინი გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში.

სუბიექტური მხარე განსაკუთრებით მკაცრია — აუცილებელია წინასწარი შეცნობით მოქმედება.

ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს:

  • ბრალდებულმა უზრუნველყო ფინანსური ან მატერიალური მხარდაჭერა;
  • ეს მხარდაჭერა პირდაპირ ან ირიბად მიემართებოდა კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმიანობას;
  • ბრალდებულმა წინასწარ იცოდა ან უნდა სცოდნოდა რესურსების დანიშნულება;
  • არსებობდა კავშირი დაფინანსებასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას შორის;
  • ქმედება არ ექვემდებარება სხვა, ნაკლებად მძიმე ან სპეციალურ ნორმას.

წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობა და ინკრიმინირებულ დანაშაულებთან შეუსაბამობა

ამგვარად, თითოეულ ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ევალებოდა არა მხოლოდ ქმედების ობიექტური შემადგენლობის დამადადასტურებელი ფაქტების დადგენა, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი სუბიექტური მხარის ელემენტების — მიზნის, განზრახვის და გაცნობიერების დამტკიცებაც. ეს ვაკლდებულებები ბრალდების მხარემ ვერ შეასრულა, მაგალითად:

  • როდესაც საქმე ეხება საბოტაჟს, პროკურატურა ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ თითოეული პოლიტიკური ლიდერის ქმედება, რომელსაც ბრალად საბოტაჟი აქვს წარდგენილი, რეალურად და არსებითად აფერხებდა სახელმწიფო ინსტიტუტის, მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას და ეს ხდებოდა საქართველოს დასუსტების მიზნით. მხოლოდ პოლიტიკური კრიტიკა, აქციაში მონაწილეობა, ბოიკოტისკენ მოწოდება ან სისტემის მიმართ მწვავე განცხადებები ვერ ქმნის საბოტაჟის შემადგენლობას. პროკურატურას უნდა წარმოედგინა მკაფიო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა როგორც კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს, ისე პირდაპირ განზრახვას — რომ პირს გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი მოქმედების ანტისახელმწიფოებრივი მიზანი და სურდა სწორედ სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება.

მოცემულ შემთხვევაში, ცალკეული პოლიციელების (და არა ყველა მათგანის) ჩვენებებით, რომლებიც თავისთავად სანდოობას მოკლებულია, მხოლოდ ის დასტურდება, რომ ბრალდებულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ზოგიერთი, მაგალითად, ელენე ხოშტარია, ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის გარკვეული სახის დაპირისპირება მოხდა. თუმცა, რა სახის იყო ეს დაპირისპირება, ან ვის მიერ იყო იგი ინსპირირებული ან პროვოცირებული, ეს საკითხი გამოკვეთილი საერთოდ არ არის. ამასთან, არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობდა პოლიციელებზე „მიწოლის“ ოპერაციას. და რაც მთავარია, თუნდაც დამტკიცებულიყო, რომ ელენე ხოშტარია ვინმეს პოლიციელებზე „მიწოლისკენ“ მოუწოდებდა, საერთოდ არ არის დამტკიცებული, რომ ამ ფაქტმა პარლამენტის „ნორმალურ ფუნქციონირებას“ რამენაირად ხელი შეუშალა. პირიქით, მთელი 2024 წლის განმავლობაში, მათ შორის, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, არ იყო დროის თუნდაც ხანმოკლე პერიოდი, როდესაც პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა ან მისი ჩვეულებრივი საქმიანობა რამდენადმე მაინც შეფერხდა. პირიქით, ის აგრძელებდა მუშაობას და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ანტიდემოკრატიული კანონი მიიღო.

თუმცა, საბოტაჟის შემადგენლობის ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტების – მავნე შედეგის, აგრეთვე ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა დღევანდელი საქართველოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებს ხელს არ უშლის, რომ პირს ბრალი წარუდგინონ და სულაც მსჯავრი დასდონ საბოტაჟის, როგორც დამთავრებული დანაშაულის ჩადენაში. სულ ახლახანს ლევან ხაბეიშვილს, სხვა დანაშაულთან ერთად, მსჯავრი დასდეს საბოტაჟის ჩადენაში იმის გამო, რომ იგი მოუწოდებდა პოლიციელებს არ შეესრულებინათ მათი ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანებები, რისთვისაც იგი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთვევაში, ამ პოლიციელებს ჯილდოს პირდებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი ქმედება იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ, როგორც დამთავრებული საბოტაჟი (განაჩენის გამოცხადებისას სასამართლოს არ მიუთითებია სსკ-ის მე-19 მუხლზე, რომელზეც მიუთითებენ ხოლმე, როცა სახეზეა დანაშაულის მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული), მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილის ასეთმა დაპირებამ შსს-ს საქმიანობის თუნდაც მცირედი შეფერხება გამოიწვია – არ ყოფილა პოლიციელების მიერ ბრძანებების შეუსრულებლობის არცერთი შემთხვევა.

  • როდესაც საქმე ეხება ბრალდებას, რომ არსებობდა მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა სახის კრიტიკული განცხადებები გააკეთა ბრალდებულმა პირმა კონსტიტუციური წყობილების ან, მით უმეტეს, ხელისუფლების მისამართით, რადგან ასეთი პოლიტიკური განცხადებები გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით არის დაცული. მეტიც, არც პოლიციელებზე „მიწოლისკენ“ გაკეთებული მოწოდებები, თუნდაც ამგვარი დამტკიცებულიყო, გამოდგება ამ სახის ბრალდების წარსადგენად, რადგან ასეთი მოწოდებები არ ნიშნავს, რომ განცხადების ავტორს მაინცდამაინც კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის განზრახვა ჰქონდა. პროკურატურა ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ რომელიმე ბრალდებულმა მართლაც გააკეთა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული განცხადებები და, რომ მათ უკან განცხადებების ავტორის ამგვარი განზრახვა არსებობდა. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, არსებობდა თუ არა რეალური საფრთხე, რომ ასეთ მოწოდებას პრაქტიკული შედეგი მოჰყვებოდა. ყოველივე ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის.
  • ანალოგიურად არ არსებობს საქმეში „მტრულ საქმიანობაში“ უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციის დახმარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას.

იდენტიფიცირებული არ არის უცხო სუბიექტი – სახელმწიფო ან ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მიმართ „მტრულ საქმიანობას“ ახორციელებს და, მით უმეტეს, არ არის დაკონკრეტებული, თუ რაში მდგომარეობდა ამგვარი „მტრული საქმიანობა“. იყო მინიშნებები, რომ ბრალდებულები თითქოს მუშაობდნენ იმ მიმართულებით, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან სანქციებს დაქვემდებარებოდნენ. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, ცალკეული პირების მიმართ – მათი თანამდებობრივი მდგომარეობის მიუხედავად – სანქციების გავრცელება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ მტრულ საქმიანობად ვერ იქნება მიჩნეული.

რაც შეეხება “მტრულ სუბიექტებს”, მმართველი ძალის წარმომადგენლების პოლიტიკური რიტორიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურატურას „მტრულ სუბიექტებად“ ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების (მაგალითად, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ბალტიის ქვეყნების და ა.შ.) სახელმწიფო ორგანოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სახელმწიფო ორგანოები და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობები მიაჩნია.

  • დაბოლოს, როდესაც პირი ბრალდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა ან სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერაში, პროკურატურას არა მხოლოდ იმის დამტკიცება მართებდა, რომ კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა თუ დონაცია იქნა გაცემული, არამედ აუცილებელი იყო იმის დემონსტრირებაც, რომ გაცემული რესურსები კონკრეტულად გამოიყენებოდა ან შეიძლებოდა გამოყენებულიყო სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩასადენად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრალდებული ამას წინასწარი შეცნობით აკეთებდა. სისხლის სამართლის ლოგიკა მოითხოვს კონკრეტული კავშირის არსებობას ფინანსურ რესურსს, დანაშაულებრივ გეგმასა და პირის ცოდნას შორის. ამგვარი რამის დამამტკიცებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი.

ოთხივე დანაშაულის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს. სისხლის სამართალი არ მუშაობს კოლექტიური ეჭვის, იდეოლოგიური სიახლოვის ან ასოციაციური კავშირების საფუძველზე. თუნდაც დამტკიცებული ყოფილიყო რომელიმე უცხო სუბიექტის მხრიდან  საქართველოს მიმართ რაიმე სახის მტრული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რაც ცხადია არასდროს დამტკიცებულა და ვერც დამტკიცდება მისი არარსებობის გამო, ის გარემოება, რომ ბრალდებული პირები მონაწილეობდნენ ერთსა და იმავე საპროტესტო პროცესში, ჰქონდათ საერთო პოლიტიკური პოზიციები პროტესტების თაობაზე, ან თუნდაც ამა თუ იმ ფორმით ურთიერთობდნენ დასავლელ პარტნიორებთან, თავისთავად ვერ დაადასტურებს მათ შორის საერთო დანაშაულებრივი გეგმის არსებობას. თითოეული პირის როლი, განზრახვა, ცოდნა და კონკრეტული ქმედება დამოუკიდებლად და მკაფიო მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროითი და კონტექსტუალური ფაქტორების გათვალისწინებაც. როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ საფრთხეს, ბუნებრივია მოსალოდნელია სწრაფი, თანმიმდევრული და უშუალო რეაგირება. იმ პირობებში კი, როდესაც ფართომასშტაბიანი სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ და ბრალდების ძირითადი ნაწილი აგებულია პოლიტიკურ რიტორიკაზე, ფართო ნარატივებსა და ირიბ კავშირებზე, ბუნებრივად წარმოიშვება ეჭვი, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენებას პოლიტიკური პროცესების სამართავად. სწორედ ამიტომ, ასეთ საქმეებში სასამართლოს განსაკუთრებული სიფრთხილე და მტკიცებულებების მკაცრი შეფასება მოეთხოვება. თუმცა, ამის იმედი მიტაცებულ სახელმწიფოში და კლანური მართლმსაჯულების პირობებში არავის შეიძლება ჰქონდეს.

ე) ბრალდების ე.წ. მტკიცებულებების  არასაკმარისობა და არარელევანტურობა

საქმის მასალებში, რომლებიც 45 ტომისგან შედგება. საქმის მასალები შეიცავს 2025 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საგამოძიებო და სასამართლო მასალების, საბანკო/ფინანსური ინფორმაციის, ჩხრეკების, რევიზიების და მოწმის ჩვენებების მექანიკურ ნაერთს.

საქმის დიდი ნაწილი, ნახევარი მაინც, ძირითადად მოიცავს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, სოლიდარობის ფონდებისა და არსამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ ფინანსურ ინფორმაციას, საბანკო ამონაწერებს და სხვ. ამასთან, არ ჩანს მათი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი კავშირი პოლიტიკოსებთან, არ იკვეთება მათი ორგანიზაციული ან ფინანსური კონტროლის საკითხი, არ ჩანს ბრძანებები, კოორდინაცია ან დავალებები, რომლებიც ბრალდებულ პოლიტიკოსებს შეიძლება ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გაცემულიყო. შესაბამისად, მტკიცებულებების უდიდეს ნაწილს პოლიტიკური ლიდერების ბრალდებასთან შემხებლობა არ გააჩნია და არარელევანტურია.

  • დოკუმენტების ერთ ნაწილში ჩანს კლასიკური საპროცესო მოქმედებები: სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა, ბრალდებულად და დაზარალებულად ცნობის დადგენილებები, რევიზიის დანიშვნა და სხვადასხვა შუამდგომლობები. ეს მიუთითებს, რომ საქმე ეტაპობრივად გაფართოებულია და პროცესში დამატებითი პირები და ეპიზოდები ემატება.
  • მნიშვნელოვანი ბლოკი უკავშირდება ფინანსურ და საბანკო ინფორმაციას. დოკუმენტებში ფიგურირებს რამდენიმე ბანკიდან (ბაზის ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, პაშა ბანკი) გამოთხოვილი მონაცემები, ასევე მონიტორინგის სამსახურთან მიმოწერა. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გამოძიება აქტიურად იკვლევდა ფულად ნაკადებს და სხვადასხვა ფონდების (მაგ. „ნანუკას ფონდი“) ფინანსურ ოპერაციებს. თუმცა, რა კავშირი აქვს ამ მესამე პირების ფინანსურ ოპერაციებს ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხულ ე.წ. დანაშაულთან, პასუხი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. შესაბამისად, საქმის მასალების მთელი ეს მოცულობითი ნაწილი არარელევანტურ მტკიცებულებებს წარმოადგენს.
  • მნიშვნელოვანი მიმართულებაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების წინააღმდეგ მიმართული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დოკუმენტაციის ამოღება და ინფორმაციის გამოთხოვა USAID-თან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების კონტექსტში. ერთი მხრივ, ეს ხაზს უსვამს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მონაცემების მოპოვების წარუმატებელ მცდელობას. მეორე მხრივ, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ მიზნით საერთოდ რაიმე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და სახელმწიფო რესურსების ხარჯვა იმ დროს, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ იგივე USAID-ისგან და სხვა საერთაშორისო დონორებისგან მიღებული მხარდაჭერის ამსახველი მონაცემები ისედაც საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო თოთოეული ამ ორგანიზაციის ვებსაიტზე.
  • საქმის მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ნაწილი არის ჩხრეკების მასობრივი სერია. მრავალი პირის მიმართ ერთდროულად მიმდინარეობს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები, რასაც თან ახლავს შესაბამისი განჩინებები და ოქმები. ეს მიუთითებს კოორდინირებულ და მასშტაბურ საგამოძიებო ოპერაციაზე, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. აშკარაა, რომ დაიხარჯა უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, რომლის ეფექტიანობა ნულის ტოლია, რადგან ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ბრალდების მხარეს ბრალის დასაბუთების მხრივ ვერაფრით დაეხმარა.
  • კიდევ ერთი დიდი ბლოკი ეხება საინფორმაციო და ციფრულ მტკიცებულებებს: ინტერნეტ ღია წყაროების დათვალიერება, სატელევიზიო რეპორტაჟები, სოციალური ქსელების პოსტები და ვიდეოჩანაწერები. ეს აჩვენებს, რომ გამოძიება მნიშვნელოვან წილად ეყრდნობა საჯარო სივრცეში არსებულ მედიამასალებს. თითოეული ამგვარად ამოღებული მტკიცებულება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ბრალდებულები – პროფესიონალი პოლიტიკოსები – პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ, რაც ამ ქვეყანაში, ქაღალდზე მაინც, დანაშაული კი არა, კონსტიტუციით დაცული უფლებაა.
  • განსაკუთრებით ვრცელია მოწმეთა ჩვენებების ნაწილი, რომლებიც მამხილებელ მტკიცებულებებად ასევე ვერ გამოდგება. სხვადასხვა სამართალდამცავი პირები აღწერენ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის საპროტესტო აქციებს და ასახელებენ პოლიტიკურ ფიგურებს, როგორც აქციების „აქტიურ მონაწილეებს ან ორგანიზატორებს“. ზოგიერთი პოლიციელი მოწმის ჩვენებით, მათ ესმოდათ, როგორ მოუწოდებდნენ ბრალდებული პოლიტიკოსები ხალხს „დაუმორჩილებლობისკენ“. ცალკეულ შემთხვევებში, მოწმეები იმასაც აცხადებენ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი პოლიციელებზე მიწოლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

ზოგიერთ ჩვენებაში ასევე ჩანს ალტერნატიული ნარატივი, სადაც მოწმეები ან ვერ ახდენენ ბრალდებული პოლიტიკოსების იდენტიფიცირებას, ან არა საკუთარი მეხსიერებიდან, არამედ მხოლოდ ვიდეომასალაზე დაყრდნობით აღწერენ მოვლენებს.

ხშირად მოწმე პოლიციელები მოვლენებს აღწერენ მსგავსი, ზოგჯერ სრულიად იდენტური ფრაზეოლოგიით, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ჩვენებები წინასწარ არის კოორდინირებული. განსაკუთრებით პრობლემურია გარემოება, რომ მოწმეები ვერ იხსენებენ კონკრეტულ მოწოდებებს, ვერ ასახელებენ ზუსტ სიტყვებს და აღწერენ მხოლოდ ზოგად „აგრესიულ ფონს“.

საბოლოო ჯამში, საქმის მასალების ამგვარი გიგანტური მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი მტკიცებულებებისა და ტიპოლოგიური მრავალფეროვნების ფონზე არ იკითხება პირდაპირი მიზეზობრივი ჯაჭვი, რომელიც ამ „ზღვა“ ინფორმაციის ერთიანი, ლოგიკურად შეკრული ბრალდების ფორმულირებად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ასეთი ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ბრალდებისთვის უმეტეს წილად არარელევანტური გიგანტური ინფორმაციის საფუძველზე ობიექტური დამკვირვებლისთვის აუხსნელი რჩება, როგორ მივიდა ბრალდების მხარე კონკრეტული ბრალდებულების მიმართ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ინკრიმინაციამდე, განსაკუთრებით იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მტკიცებულებების ნაწილი არის ირიბი (მედია-წყაროები, სოციალური ქსელები), ნაწილი ადმინისტრაციული/საპროცესო ხასიათის, ხოლო მოწმეთა ჩვენებები კი ხშირად სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ინტერპრეტაციითა და დეტალების სიზუსტით.

ნაწილი მესამე

საპროცესო დარღვევები

) მოსამართლის მიკერძოება

საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე განიხილავს, რომლის აცილების შუამდგომლობა 2026 წლის 23 თებერვალის სხდომაზე დააყენა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ. შუამდგომლობის საფუძველი მახარობლიძის მიერ წარსულში გაკეთებული საჯარო, პოლიტიკურად მოტივირებული და ბრალდებულთა მადისკრედიტირებელი განცხადებები იყო.

  • ვინ არის თამარ მახარობლიძე?

თამარ მახარობლიძე მოსამართლედ 2024 წელს დაინიშნა. მანამდე, 2015–2022 წლებში, ის იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი იყო და ამავდროულად საჯარო სივრცეში ჩნდებოდა „ექსპერტის“ სტატუსით. სწორედ ამ ეტაპზე გააკეთა ის განცხადებები, რომლებიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

  • რა განცხადებების აქვს მახარობლიძეს გაკეთებული წარსულში?

დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მასალები და თამარ მახარობლიძის განცხადებების საჯარო მონიტორინგი აჩვენებს, რომ მახარობლიძის განცხადებებს ჰქონდა განგრძობადი, განმეორებითი და მკაცრად პოლიტიკურად მიკერძოებული ხასიათი — ერთი მხრივ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, მეორე მხრივ კი დღევანდელი ბრალდებულებისა და ფართოდ ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ:

  • ნიკა გვარამიას შესახებ (2019, NSP.GE): მახარობლიძემ პრაქტიკულად დადანაშაულდა გვარამია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“ და მიუთითა შესაბამის სასჯელზე — 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე.
  • გიორგი რურუას საქმეზე (2020, for.ge): დაცვის მხარის სტრატეგია „პოლიტიკურ შოუდ“ შეაფასა და მხარი დაუჭირაბრალდების ვერსიას, განაცხადა რა, რომ „რურუამ ეს დანაშაულიც ჩაიდინა“.
  • სასამართლოს დამოუკიდებლობაზე (2019, 1tv.ge): აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 721,4%-ით გაიზარდა და ეს ხელისუფლების „უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობის მონაპოვარია“.
  • საარჩევნო და პოლიტიკურ კონტექსტში (2019, kvira.ge): ოპოზიციას ბრალს სდებდა „დაბრალებაში, სიცრუეში, სტაბილიზაციის მოშლასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში“ — სწორედ იმ ნარატივის ენით, რომელიც დღეს „საბოტაჟის“ ბრალდების საფუძველს წარმოადგენს.
  • მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე მახარობლიძემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან დაადასტურა, რომ ციტირებული განცხადებები მართლაც მისია, თუმცა მიუთითა, რომ მაშინ მოსამართლე არ იყო და „არ ყოფილა შეზღუდული მოსაზრებები გამოეთქვა“. მისივე თქმით, მოსამართლის სტატუსის მოპოვებამდე გაკეთებული განცხადებები მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. ეს არგუმენტი, დაუსაბუთებელია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: მიუკერძოებლობის სტანდარტი არ ფასდება მხოლოდ მოსამართლეობის პერიოდით, ის მოიცავს პიროვნების მთლიან საჯარო პორტრეტს, რომელიც პროცესის მონაწილეებში და ფართო საზოგადოებაში ქმნის (ან არ ქმნის) მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ნდობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს ყველას უფლებას მისი საქმე სამართლიანად იყოს განხილული „კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის“ მიერ. სტრასბურგის სასამართლოს მყარი პრაქტიკის თანახმად (Piersack v. Belgium, Micallef v. Malta, Kyprianou v. Cyprus და სხვა), მიუკერძოებლობა ფასდება ორი ტესტით: სუბიექტური (მოსამართლის პირადი დამოკიდებულება) და ობიექტური (გონივრულ დამკვირვებელს არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი მოსამართლის მიკერძოების შესახებ) ტესტით.

როდესაც საქმის განმხილველ მოსამართლეს საჯაროდ, წერილობით, არაერთხელ მკვეთრად ნეგატიურად ჰყავს შეფასებული ბრალდებულები, მათ შორის ისეთი ტერმინებით, რომლებიც ხელისუფლების პირდაპირ მესიჯბოქსს წარმოადგენს — ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი ვერ იქნება მიჩნეული დაკმაყოფილებულად. აქედან გამომდინარე, ამ პირობებში აცილების შუამდგომლობის უარყოფა კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ტოლფასია.

ბ) საქმის დახურვა და მისი მიზანი: საზოგადოებამ ბრალდების უსუსურობის შესახებ არ უნდა შეიტყოს

„ქართული ოცნების“ კლანურ სასამართლოს უკვე ტრადიციად ჩამოუყალიბდა სხდომების დახურვა ყველა საქმეზე, სადაც მმართველ ძალას პოლიტიკური, ფინანსური ან რაიმე სხვა სერიოზული ინტერესი გააჩნია.

ამ საქმეთან დაკავშირებითაც საქმის განმხილველ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება სხდომების დახურვის შესახებ.

ადამიანის უფლებათა  ევროპული  კონვენციის  მე-6 მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, სამართლიანი სასამართლო, მათ შორის, მოიცავს „საქმის საქვეყნოდ განხილვის“ უფლებას, იმ დათქმით, რომ „მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლო სხდომების საქვეყნოდ ჩატარება წარმოადგენს ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც იცავს დავის მხარეებს საიდუმლო მართლმსაჯულებისგან, რომელიც საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საზოგადოების ნდობის შენარჩუნება სასამართლოების მიმართ. მართლმსაჯულების განხორციელება, მათ შორის სასამართლო პროცესები, ლეგიტიმურობას იძენს საჯაროდ ჩატარების შედეგად. მართლმსაჯულების გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, საჯაროობა ხელს უწყობს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნის შესრულებას, კერძოდ, სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპია Belashev v. Russia, Application no. 28617/03,  4 December 2008, §79).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სხდომის ნაწილობრივ ან მთლიანად დახურვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ამას „მკაცრად მოითხოვს“ საქმის გარემოებები (Welke and Białek v. Poland, Application no. 15924/05, 1 March 2011, §74). ევროპული სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, იყო თუ არა სხდომის დახურვა „გამართლებული“ (იქვე, §75). გარდა ამისა, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, იყო თუ არა სხდომის დახურვა „მკაცრად აუცილებელი“ (იქვე, §76).

ევროპული სასამართლო ამ პრინციპების ერთგულია მაშინაც კი, როდესაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება. მხოლოდ ის გარემოება, რომ საქმის მასალები შეიძლება შეიცავდეს საიდუმლო ინფორმაციას, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სხდომა დაიხუროს პროცესის საქვეყნოობის პრინციპსა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესს შორის ბალანსის დაცვის გარეშე (Belashev v. Russia, §83).

მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ადვოკატთან არსებული შელაპარაკების ფონზე მიიღო, რაც, ბუნებრივია, არ ქმნის სხდომის დახურვის ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, ამ თვითნებური გადაწყვეტილების ერთი შესაძლო რაციონალური ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ მოქმედ ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადოს აშკარად ხელოვნურად შეკოწიწებული ბრალდების სისუსტეები.

დასკვნა

  • რვა პოლიტიკური ლიდერის  ბრალდების საქმე თავისი მასშტაბითა და შინაარსით სცდება ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარმოადგენს საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სიმბოლურ პროცესს. საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებას პოლიტიკური ოპოზიციის, პროტესტისა და კრიტიკული აზრის მიმართ.
  • საქმეში წარმოდგენილი ბრალდებები ვერ აკმაყოფილებს იმ მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს სჭირდება. პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა კონკრეტულ დანაშაულებრივ გეგმას, ორგანიზებულ კავშირს, ძალადობრივ განზრახვას ან უცხოურ მტრულ ძალებთან თანამშრომლობას.
  • საქმის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ 45-ტომიანი მტკიცებულებითი ბაზა დიდწილად შედგება ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ხშირ შემთხვევაში ირიბი და სამართლებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით სუსტი მასალებისგან — მედია-წყაროების, სოციალური ქსელების, ფინანსური დოკუმენტაციისა და ერთმანეთისგან განსხვავებული მოწმის ჩვენებებისგან. ამ მოცულობითი ინფორმაციის მიუხედავად, არ იკვეთება ლოგიკური და პირდაპირი მიზეზობრივი ჯაჭვი, რომელიც ბრალდებებს სამართლებრივ საფუძველს მისცემდა.
  • განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ეტაპობრივად გაფართოვდა: თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტებიდან — სოლიდარობის ფონდებზე, შემდეგ არასამთავრობო სექტორზე და საბოლოოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე. მოვლენათა ეს თანმიმდევრობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს არა ცალკეულ სამართლებრივ რეაგირებებთან, არამედ პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის კონტროლისკენ მიმართულ სისტემურ პოლიტიკასთან.
  • საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის სისხლის სამართლისა და პოლიტიკური რიტორიკის ერთმანეთში აღრევა. ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები „რევოლუციურ სცენარებზე“, „უცხოურ გავლენებსა“ და „მტრულ ძალებზე“ პრაქტიკულად აისახა ბრალდების შინაარსში, მაშინ როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური ნარატივები ვერ ჩაანაცვლებს ინდივიდუალიზებულ და მკაფიო მტკიცებულებებს.
  • ამასთან, საქმის დახურვა დამატებით აძლიერებს ეჭვს პროცესის პოლიტიკური ბუნების შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა, სათანადო დასაბუთების გარეშე, ეწინააღმდეგება როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას.
  • საქმეში წარმოდგენილი მასალები ბრალად შერაცხული დანაშაულებს ვერაფრით ადასტურებს. ისინი მხოლოდ აჩვენებს, თუ როგორ გადაიქცა “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების ხელში პოლიტიკური აქტივობა, ხელისუფლების კრიტიკა, პროტესტის მხარდაჭერა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ “დანაშაულებრივ საქმიანობად”.
  • საბოლოოდ, მოცემული საქმე ქმნის სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიული სისტემისათვის, რადგან იგი აჩენს პრეცედენტს, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო პროტესტი და კრიტიკული საზოგადოებრივი აქტივობა შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნეს წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ, ამ საქმის შეფასება სცდება მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას და პირდაპირ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის მომავალს.