სუსი ადასტურებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსი გულბაათ რცხილაძეა

პუბლიკა

სუსი ადასტურებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა.

გულბაათ რცხილაძე ცნობილია თავისი პრორუსული განწყობითა და საქმიანობით.

იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ქართულ მედიასა და მესამე სექტორში მიჩნეულია კრემლის ნარატივებისა და პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ გამტარად საქართველოში.

რცხილაძე არის საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული აქციების — „უკვდავი პოლკის“ (იგივე „საქართველოს უკვდავი ჯარის“) მსვლელობების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი. ეს ინიციატივა რუსული პროექტის ანალოგია და ხშირად ასოცირდება საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებასთან, რის გამოც ორგანიზატორებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გაფრთხილებებიც აქვთ მიღებული.

მისი პროექტები და ღონისძიებები ხშირად ხორციელდება რუსული სახელმწიფო თუ კერძო ფონდების მხარდაჭერით

„ევრაზიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე სხვა პრორუსულმა ჯგუფმა 2026 წლის 25 მაისს საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დააფუძნეს. 

რცხილაძეს „ობიექტივზე“ გადაცემა „მსოფლიო პოლიტიკა და საქართველოც“.

მის სახელზე წლების განმავლობაში რეგისტრირებულია რამდენიმე ორგანიზაცია: „საქართველოს უკვდავი ჯარი“, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“, „კავკასიური თანამშრომლობა“.

გასულ წელს „აი ფაქტმა“ მოიკვლია, რომ ის რუსული „პრავფონდიდან“ ფინანსდება. მედიაგამოცემის მიხედვით, ეს ინფორმაცია „პრავფონდიდან“ გამოჟონილ მასალებში აღმოაჩინეს.

„პრავფონდი“ 2012 წელს დიმიტრი მედვედევის დადგენილებით შეიქმნა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავს. მისი ხელმძღვანელები არიან სერგეი ლავროვი, ევგენი პრიმაკოვი და კრემლის სხვა მაღალჩინოსნები.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ის უცხოეთში რუსი თანამემამულეების უფლებებს იცავს, რეალურად დასავლური სპეცსამსახურებისა და ევროკავშირის მიერ მიჩნეულია კრემლის „რბილი ძალის“ და გავლენის აგენტების დაფინანსების მთავარ იარაღად.

„აი ფაქტის“ მიხედვით, „პრავფონდიდან“ გამოჟონილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ გულბაათ რცხილაძის პროექტები პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

გამოჟონილი ფაილების მიხედვით, „პრავფონდმა“ რცხილაძის ორგანიზაციასა და მასთან დაკავშირებულ პირებს ათიათასობით ევრო გადაუხადა სხვადასხვა აქტივობაში – 2020 წლიდან ფონდი აფინანსებდა „ევრაზიის ინსტიტუტთან“ არსებულ უფასო იურიდიულ ცენტრს, რომელიც თითქოს საქართველოში მცხოვრებ რუსულენოვან მოქალაქეებს ეხმარებოდა. ფონდმა დააფინანსა რცხილაძის ავტორობით გამოცემული წიგნები და ბროშურები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის კრემლისეულ ინტერპრეტაციას და ფაშიზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლის წინ წამოწევას. ყოველწლიური მსვლელობები და მასთან დაკავშირებული მედია-კამპანიები, სადაც აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა სიმბოლიკა, ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, სწორედ მოსკოვიდან იყო ანაზღაურებული.

ამავე გამოძიების მიხედვით, ფონდის დასანქცირების შემდეგ ფულის გადმოსარიცხად იყენებდნენ სომხეთში გახსნილ საბანკო ანგარიშებს, ფულად გზავნილებს ან რუსეთიდან ნაღდი ფულის (ქეშის) ფიზიკურად შემოტანას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებული ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. უწყება არ აზუსტებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

„ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას“, – აცხადებს სუსი.