გუმბაათ რცხილაძის ადვოკატი: თვითონაც გაოგნებულია, ვერ ხვდება რატომ შეიძლება ყოფილიყო მისი დაკავება გადაწყვეტილი

პუბლიკა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„თვითონაც გაოგნებულია, ვერ ხვდება რატომ შეიძლება ყოფილიყო მისი დაკავება გადაწყვეტილი.

კატეგორიულად უარყოფს. ეს ადამიანი ამბობს თვითონ, რომ არანაირი ჯაშუში მე არ ვარ და პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, იყო მიმართული იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყოო. რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო რომ შექმნა მაგას უკავშირებს თვითონ, ალბათ, ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო.

ობიექტივზე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა, 27 მარტიდან მე მგონი, უფრო გააქტიურდა და გარკვეული თემები გაშალა, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა ამას. არ ვიცი ვის ინტერესში შედიოდა ბატონი გულბაათის დაკავება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ. თვითონაც გაოგნებულია, ვერ ხვდება რატომ შეიძლება ყოფილიყო მისი დაავება გადაწყვეტილი.

ირანში აპირებდა წასვლას, კი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო მომენტშ გადაიფიქრა.” – განაცხადა მედიასთან ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა.

დღეს ლაშა გოლუბიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო მისული, სადაც გულბაათ რცხილაძეს ბრალდების შესახებ დადგენილება ოფიციალურად გააცნეს.

30 მაისს დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს პროკურატურამ ბრალდება დღეს სსკ-ის 314-ე მუხლით წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახით 12 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.