პაპუაშვილი: „ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება“

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემის ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემასთან დაახლოების მიზნით, დღეს, პარლამენტში აკრედიტაციის წესში ცვლილებები შევა.

როგორც პაპუაშვილი აანონსებს, თუკი აქამდე აკრედიტაციის წესების დარღვევა პირველ ჯერზე 1 თვით აკრედიტაციის შეჩერებას, განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებდა, ცვლილების მიხედვით, პირველ ჯერზე ჟურნლისტს აკდერდიტაცია 1 თვით, ხოლო განმეორების შემთვევაში 1 წლამდე ვადით შეიძლება შეუჩერდეს.

გარდა ამისა, თუკი აქამდე სანქცია მხოლოდ ჟურნალისტს შეეხებოდა, ცვლილების მიხედვით, უკვე სანქცია შეიძლება შეეხეოს მედიას – როგორც პაპუაშვილი ამბობს, „პარლამენტში აკრედიტაციის წესის დარღვევის სიმძიმის და სიხშირის“ გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით.

„მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას, იყო გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო გადმოგვეღო ქართულ პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოვებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპარალამენტში არსებულ სისტემასთან, ასე რომ დღეს აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები, ჩემს ბრძანებაში.

იცით რომ დღეს საქართველოს პარალამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის დროს არის პირველ ჯერზე ერთი თვით აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში არის 6 თვე, ვნახეთ რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოვებთ ჩვენ აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან, და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე, მეორე ჯერზე იქნება 1 წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

მეორე – იცით რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევაზე მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია, ერთი თვე ან 6 თვე, ვნახეთ ჩვენ რომ ევროპარლამენტში არამხოლოდ ჟურნლისტის, მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ ჩვენ დავაახლოვებთ საქართველოს პარალმენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში აკრედიტაციის წესი ასევე მოიცავს ინტერვიუსთვის პარლამენტის წევრის მხრიდან წინასწარი თანხმობის საჭიროებას, არ იგეგმება ამ წესის გადმოღება.