აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი“

პუბლიკა

8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი“ დაამტკიცა.

კანონპროექტი H.R. 7668 ხაზს უსვამს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას თბილისის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან დაახლოებაში.

დოკუმენტს 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული წესით უყარა კენჭი და პარტიის კონსენსუსით მიიღო.

დოკუმენტი კენჭისყრისთვის სენატს გადაეგზავნება.

ზედა პალატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი და თავდაცვის მდივანი ვალდებულნი იქნებიან, 180 დღის ვადაში მოამზადონ გასაიდუმლოებული მოხსენება. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სპეცსამსახურების გავლენები, მათი შეღწევის მასშტაბები და სავარაუდო კოორდინაცია.

იდენტური ჩანაწერი უკვე ასახულია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც, რომელიც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკვე დაამტკიცა და ახლა სენატის თანხმობას საჭიროებს.

კანონპროექტის კენჭისყრამდე კონგრესმენმა ჯო უილსონმა თქვა:

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი ქვეყანას ყიდის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე და, როგორც თავმჯდომარემ მართებულად აღნიშნა, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე, მათ გაავრცელეს ყველაზე საზიზღარი ანტიამერიკული პროპაგანდა და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს, ადანაშაულებენ რა მას „დიფ სთეითის“ აგენტობაში.

ამ არაპროგნოზირებადი რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს. შუა დერეფნის საზღვაო მარშრუტი საქართველოზე უნდა გადიოდეს, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტია აპირებს, დაეუფლოს და გააკონტროლოს რეგიონის სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე – ანაკლიის პორტი“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, უნდა უარყოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ახრჩობს აშშ-ის ბიზნესს, და დაასრულოს რეპრესიები სიტყვის თავისუფლებაზე“.

ჯო უილსონისვე განცხადებით, „ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად იმ ფონზე, როდესაც ის თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს ამერიკას თავისი პროპაგანდით“.

9 ივნისს მიღებული აქტის შესახებ ირაკლი კობახიძემ აქცენტი ჯო უილსონზე გადაიტანა და მას უწოდა „არასერიოზული კაცი, რომელსაც თავის ქვეყანაშიც არ აღიქვამენ სერიოზულად“.

„ჯო უილსონი წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.