კობახიძე: დღეს ხელი მოეწერა ჩინეთთან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველო ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. თქვენ იცით, რომ, დაახლოებით, 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე – ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი.

ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული. მათ შორის ორმხრივად, იცით, რომ, უვიზო მიმოსვლა დაწესდა. გვაქვს პირდაპირი ფრენა, რასაც წელს ახალი რეისები დაემატება, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველო- ჩინეთს შორის. და ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები.

ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების – ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს, ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან 2023 წელს გააფორმა.