შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტ, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება უკრაინის 17 მოქალაქე.
შსს ამბობს, რომ მათ შორის არ არიან ქალები და ბავშვები.
უწყების განცხადებით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
ამასთან, როგორც შსს წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
რუსეთიდან უკრაინაში წასვლის მსურველი უკრაინის მოქალაქეები საქართველოში, დარიალის პუნქტში დაახლოებით ერთი წელია, არიან. 2025 წლის 22 აგვისტოს შსს-მ განაცხადა, რომ სამშობლოში უკრაინის 65 მოქალაქე დაბრუნდა.
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში” მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს“, – აცხადებს შსს.