პოეტი არ არის

პუბლიკა

2026 წლის 11-15 მაისს თბილისმა პირველ იბეროამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლა. თუმცა, ამ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას თან სდევდა მძიმე პოლიტიკური რეალობის ჩრდილი – ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე პოეტისა და პოლიტპატიმრის, ზვიად რატიანის სკამი ცარიელი იყო.

ფესტივალის სტუმარი, ცნობილი ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ავტორების წინააღმდეგ მიმართულ დევნასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას ვრცელი და ემოციური წერილით გამოეხმაურა.

გთავაზობთ ნიკოლას მელინის წერილს უცვლელად:

პოეტის სკამი დგას, მაგრამ პოეტი არ არის, როდესაც ყველა მასზე ლაპარაკობს. ზვიად რატიანი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.

თბილისის ქუჩებში პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან მანიფესტაციაზე პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში შეაფურთხა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. ჟურნალისტმა პოლიციელს პასუხი დაუბრუნა და სახეში სილა გააწნა, ის დაიჭირეს.

ზვიად რატიანმა იმ ღამეს ვერ დაიძინა. საკუთარ თავს და სხვებსაც უთხრა, რომ მისთვის გაუსაძლისი იყო ეს სურათი – დაპატიმრებული და შეურაცხყოფილი ჟურნალისტი, როგორც ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის უხამსი გამოხატულება. მეორე დღეს ყოველდღიურ მანიფესტაციაზე ზვიად რატიანმა – რომლის ესპანურად თარგმნილი ლექსებიც ჟურნალმა სენდამ ჩემი შუამავლობით გამოაქვეყნა – პოლიციელზე ხელი ასწია და სახეში სილა გააწნა.

ეს სიმბოლური აქტი იყო, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი აქტი, რასაც მოსალოდნელი შედეგი მოჰყვა: პოეტი ციხეში გამოკეტეს, პოეტი არ იმყოფება თბილისის პირველ იბეროამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალზე, პოეტის სკამი ყველა ღონისძიებაზე დგას, მაგრამ რეალურად პოეტი არსად არის მაშინ, როდესაც ყველა მასზე ლაპარაკობს.

ზვიად რატიანი ორწლიან სასჯელს იხდის, ის 2025 წლის 23 ივნისიდან ციხეშია. იმ დროიდან მზია ამაღლობელიც ციხეში იმყოფება, მას ცოტა ხნის წინ სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა.

შესაძლოა, ესპანურენოვანმა მწერლებმა, რომლებიც ფესტივალზე ვიმყოფებოდით,  იმის მიუხედავად, რომ გაფრთხილებული ვიყავით პოეტ ზვიად რატიანის არყოფნის შესახებ, რეალურად, ვერ გავიგეთ – ან სრულად ვერ გავიგეთ – ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი მასპინძლები იმყოფებიან. ისეთი ადამიანი, როგორიცაა ჩვენი გამომცემელი, მწერალი ზვიად კვარაცხელია, ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს რამდენიმე დღით, მისი დაპატიმრება საჯაროდ გაავრცელა გამომცემელმა და მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის ქართველმა პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ.

ამიტომ ჩვენთვის, რომლებიც მკითხველებსა და მაყურებლებს შორის ვლივლივებდით, ყველაფერი სიზმარს ჰგავდა, რომ არა ქართველი მწერლების გამოსვლები და ზვიად რატიანის არყოფნა. ქართველები განცვიფრებული იყვნენ, როგორ მოახერხა ლანა კალანდიამ, მარიო ვარგას ლიოსასა და სხვა ესპანურენოვანი მწერლების ქართველმა მთარგმნელმა, ამ ფესტივალის ორგანიზება ყველა პროგნოზის საპირწონედ.

მწერლები პირველები ვართ, ვინც საკუთარ ტყავზე გრძნობს რეპრესიის სუსხს. ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს და ეს ყველამ ვიცით. ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა აქვს სიმართლესთან და მის ყოველ გამოვლინებასთან, სიმართლე მწერლების ხელობაა, სწორედ ამიტომ ვერ გვიტანს ძალაუფლება, როდესაც არ ვეთანხმებით. მაშინაც კი, როდესაც ვცდებით, მწერლები სიმართლისკენ სწრაფვას განვასახიერებთ.

იბეროამერიკული ფესტივალის მიმდინარეობისას ქართველმა მწერლებმა — პოეტის ადგილი არავის დაუკავებია — ხმამაღლა და ნათლად ისაუბრეს ლიტერატურაზე, პოეზიაზე, მოთხრობაზე, რომანსა და ლიტერატურულ თარგმანზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს უკვე  გამოცდილი აქვს დაპატიმრება ან სხვა სახის ზეწოლა ხელისუფლებისგან. ტოტალიტარიზმის პირისპირ ლიტერატურაზე საუბარი თავისუფლების უდიდესი აქტია.

ასე მოიქცნენ სულ ახლახან ქართულად თარგმნილი ავტორებიც – ვენესუელელი ხუან კარლოს მენდეს გედესი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს ტირანების მიერ მიტაცებული ქვეყანა, რაც არაერთხელ აუსახავს თავის ნაწარმოებებში და მექსიკელი დავიდ ტოსკანა, რომლის რომანიც ასევე ითარგმნა ქართულად – რომანი ეძღვნება პოლონელებს, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის ტერორი.

1919 წელს, როდესაც საქართველოს პირველად ვეწვიე ლიტერატურული ღონისძიებისთვის და ლანა კალანდია გავიცანი, უკვე ვიცოდი მისი დიდი სურვილის შესახებ, რომ ესპანურ-ქართული ფესტივალი ჩაეტარებინა, საბოლოოდ,  მისი ოცნება მხოლოდ 2026 წელს ახდა. ფასდაუდებელია ნატაშა ლომოურის მხარდაჭერა, რომელიც მწერალთა სახლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში და ამჟამად საქართველოს პენცენტრს ხელმძღვანელობს.

განვლილი დრო თავისთავად ძალზე მეტყველია: ეს ადვილი არ ყოფილა. ყოველწლიურად ვხედავდი, როგორ რთულდებოდა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება და როგორი შორეული ჩანდა იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობა.

მაგრამ ფესტივალი ჩატარდა და წარმატება იმდენად დიდი იყო – ესპანური ენის ახალგაზრდა სტუდენტებისა და მრავალი ისპანისტისა და მთარგმნელის თანამშრომლობით, – რომ ეჭვი არ მეპარება: მეორე შეხვედრაც აუცილებლად გაიმართება.

ლიტერატურა ყოველთვის აღწერს ძალადობას, რადგან ჩვენ ყველაზე მეტად თავისუფლება გვჭირდება, თავისუფლება კი ძალადობისგან თავისუფლებას ნიშნავს: პოეტი ზვიად რატიანი იქ არის, სადაც არის და არ არის იქ, სადაც უნდა იყოს, ეს არის მთავარი და ხმამაღლა უნდა ითქვას.

შენიშვნა: იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი, თბილისი, საქართველო, 11-15 მაისი, 2026 წელი. საქართველოდან მონაწილეობდნენ: მწერალი და კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე, პოეტი პაატა შამუგია, პოეტი შოთა იათაშვილი, მწერალი რუსუდან რუხაძე, პოეტი ნატო ინგოროყვა, მწერალი დათო ტურაშვილი, მწერალი თამთა მელაშვილი, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია, პროფესორი და მკვლევარი ბელა წიფურია, გამომცემელი გვანცა ჯობავა, ისპანისტი ქეთევან ხუსკივაძე, მთარგმნელი და ჟურნალისტი თეა გვასალია, მთარგმნელი ანა კოპალიანი, ისპანისტი და მთარგმნელი ნინო ფიფია.

იბეროამერიკული ლიტერატურის წარმომადგენლები: მწერალი დავიდ ტოსკანა (მექსიკა), მწერალი ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა), პოეტი როდოლფო ჰასლერი (კუბა), მთარგმნელი და გამომცემელი ვალერი მაილსი (აშშ), რომანისტი ხორხე ედუარდო ბენავიდესი ( პერუ), მწერალი ნიკოლას მელინი ( ესპანეთი), პოეტი აურელიო მახორი ( მექსიკა), დიპლომატი და მთარგმნელი მარკოს გრანადოს გომესი ( ესპანეთი), მწერალი და სტამბოლის სერვანტესის ინსტიტუტის დირექტორი ფერნანდო ვარა დე რეი (ესპანეთი) და ესპანეთის ნაციონალური კლასიკური თეატრის კომპანია.