საბალეტო “არქეოლოგიის” ნაცნობი და უცნობი შრეები

დავით ბუხრიკიძე

თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალზე ალექსანდრ კრეინის ბალეტილაურენსიაგანახლებული ქორეოგრაფიული ვერსიით წარმოდგინეს. მთავარ პარტიებს თანამედროვე ქართული ბალეტის ვარსკვლავებინინო სამადაშვილი და გიორგი ფოცხიშვილი ასრულებენ. საბალეტო გალაზე წარმოდგენილი, კარგად ნაცნობი გლაზუნოვისრაიმონდასადა მუნკუსისდონ კიხოტისფერადოვანი ფრაგმენტების ფონზე კი პუბლიკამ ლეონარდ ბერნსტაინის შედარებით უცნობი ბალეტის, “ლეასსამყაროში, ალექსეი რატმანსკის თანამედროვე ქორეოგრაფიის დახმარებით შეაბიჯა.

ალექსანდრ კრეინის ბალეტილაურენსია”, რომლის ლიბრეტოს საფუძვლად ლოპე დე ვეგას პიესაცხვრის წყაროდაედო, პირველად 1939 წელს, ლენინგრადის, კიროვის სახელობის თეატრში (ამჟამად მარიას თეატრი) დაიდგა, სადაც მთავარ პარტიებს ვახტანგ ჭაბუკიანი და ნატალია დუდინსკაია ასრულებდნენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზელაურენსიაპირველად 1948 წლის 14 ნოემბერს, თავად ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა, რომელშიც ფრონდოსის პარტია სცენურ პარტნიორთან, ვერა წიგნაძესთან (ლაურენსია) ერთად იცეკვა.

ბალეტის მოქმედება ესპანეთში, სოფელ ფუენტე ოვეხუნაში ვითარდება. მთავარი გმირები ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ლაურენსია და მისი სატრფო, ფრონდოსი არიან. სოფლის კომენდანტი ფერნანდ გომესი ძალადობს ადგილობრივ ქალებზე, მათ შორის ლაურენსიაზეც. კომენდანტის თვითნებობას ეწინააღმდეგებიან გლეხები, რომლებსაც ლაურენსია ამბოხებისკენ მოუწოდებს. საბოლოოდ, თავისუფლების იდეით გაერთიანებული სოფლის მოსახლეობა კომენდანტის სასახლეს ანადგურებს და საკუთარ ღირსებასა და თავისუფლებას იცავს.

ვახტანგ ჭაბუკიანმა კლასიკური საბალეტო ელემენტებს ესპანური ხალხური ქორეოგრაფიის, კერძოდ ფლამენკოს საცეკვავო ელემენტებიც შეუხამა. ელვარე ტემპერამენტით, მასობრივი საბრძოლოსახასიათი ცეკვებით და სოლო პარტიებით მდიდარი ბალეტი მეტნაკლები სიფაქიზით და თავისუფლებით აღადგინა ნინო ანანიაშვილმა. მასვე ეკუთვნის განახლებული ქორეოგრაფიული ვერსიაც. წარმოდგენა უდავოდ სანახაობრივი და ფერწერულია, რაც თავის დროზე სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი მხატვრობისა და კოსტიუმების დამსახურება იყო. ახალ წარმოდგენაში მხატვრობა აღადგინა და ხელახლა შექმნა დავით მონავარდისაშვილმა, ხოლო კოსტიუმების ავტორია ალექსანდრ ვასილიევი.

გიორგი ფოცხიშვილის, როგორც მოცეკვავის, ფსიქოემოციური სამყარო, მისი ტემპერამენტი და ბრწყინვალე ტექნიკა კრეინის ბალეტს შესანიშნავად მოერგო. ნინო სამადაშვილის ლაურენსია კი გამორჩეული და მართლაც მეამბოხე სულის მატარებელი პერსონაჟია. ორივე მათგანის გამოჩენა სცენაზე მაყურებლისთვის ენერგიული და ლაღი ცეკვის, არტისტული თვითდაჯერებულობისა და შესანიშნავი ტექნიკის ზეიმია. მათი ცეკვის მიღმა თითქოს ერთდროულად ცოცხლდებოდნენ ჭაბუკიანისა და წიგნაძის პერსონაჟების მთვლემარე თუ ფხიზელი არქეტიპები.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ამ ბალეტის მრავალფეროვანი პერსონაჟებით დასახლებული სამყაროც: პასკუალა (ამ პარტიას ტექნიკურად კარგად უმკლავდება ტომონე კაგავა), ხასინტა (მართლაც გამორჩეულია ანასტაია მილიაჩენკო) და მენგო (მსუბუქი ნახტომებითა თუ სხარტი ნაბიჯებით გამორჩეული კაიტო ჰოსოია). ძალიან მომხიბვლელია ბოშურ ცეკვაში ელენე ღაღანიძე, ხოლო ფრონდოსის მეგობრებიდემიან რეშეტნიკი და ჯოშუა ნუნამეიქერი, შესატყვის ატმოსფეროს და საცეკვავო აურას ქმნიან.

გალაკონცერტი, რომელიც ნინო ანანიაშვილის პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვალაფაურის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა, კლასიკური და თანამედროვე ბალეტის მუდმივ გადაძახილსა და კონტრასტულ სანახაობას ჰგავდა. მაყურებელმა ალექსანდრე გლაზუნოვის ყველაზე ცნობილი, სამმოქმედებიანი ბალეტის, “რაიმონდასპირველი აქტი იხილა ( სანკტპეტერბურგის მარიას თეატრში, მარიუს პეტიპას ლიბრეტოთი და ქორეოგრაფიით დადგმული ბალეტი, ახალი ვერსიით ნინო ანანაიშვილმა და ალექსეი ფადეიჩევმა დაახლოებით 15 წლის წინათ აღადგინეს).

მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის ბალეტილეა”, რომელიც მან 1974 წელს დაწერა ებრაული პიესისდიბუკისმიხედვით. ლეგენდარული ჯერომ რობინსის ქორეოგრაფია წლების შემდეგ, ალექსეი რატმანსკიმ გადაამუშავა და ახალი ქორეოგრაფიული ვერსია შექმნა. პირველადლეათბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიდგა და კარგა ხნის შემდეგ, უკვე თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში იხილა მაყურებელმა.

პუბლიკას მინკუსისდონ კიხოტისმესამე აქტით ასევე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა ელოდა, რადგან დიდი ხნის შემდეგ, სცენაზე იხილა ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტი მაია მახათელი. სცენაზე ვიხილეთ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ახალი წევრი, შესანიშნავი არტისტული თუ საცეკვავო მონაცემების სალომე ლევერაშვილი და გიორგი ფოცხიშვილის ძმა, ასევე ამომავალი ვარსკვლავი, ანდრია ფოცხიშვილი, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის ნაციონალური ბალეტისა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასის სოლისტია.

რაიმონდასპირველ აქტში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ნინო სამადაშვილისა (რაიმონდა) და გიორგი ფოცხიშვილის (ჟან დე ბრიენი) დუეტმა, რომელთა ცეკვაშილაურენსიასცეცხლოვანი ტემპერამენტის შემდეგ, დახვეწილობასა და კლასიკური საბალეტო ფორმებისადმი ერთგულებას ამოიკითხავდით. ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ ვარიაციების შესრულებისას მარიამ ლომჯარია და ანასტასია მილიაჩენკო, ხოლო უნგრულ ცეკვაში ულამაზესად გაიელვეს ელენე ღაღანიძემ და თათა ჯაშმა.

კლასიკური დუეტებისა და სანახაობრივი ფუეტეების ფონზე სრულიად კონტრასტულად წარმოჩინდა ბალეტლეასმეორე აქტი, რომლის ქორეოგრაფია განსხვავებულ ტექნიკურ მონაცემებსა და გამომსახველობას მოითხოვს. ახალგაზრდა და პერსპექტიული სალომე იარაჯული (ლეა) და იტალიელი მოცეკვავე ფილიპო მონტანარი (მან ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია დაამთავრა, ხოლო 2025 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტია) ქმნიან თავშეკავებულ, მაგრამ დრამატულ დუეტს, რომელთა ცეკვა რატმანსკისეკონომიურქორეოგრაფიას შესატყვის რეზონანსს ანიჭებს.

რაც შეეხებადონ კიხოტისმესამე აქტს, აქ უკვე რატმანსკის გონებისმიერი კონცეფციები ადგილს უთმობდა სხეულთა მსუყე გაბაასებას ლუდვიგ მინკუსის მარტივ და კარგად ნაცნობ მელოდიებთან. ეს ეთგვარ შეჯიბრს წააგავდა, ვინ უკეთ გააკეთებდა პირუეტს (ვინ თუ არა ანდრია ფოცხიშვილი), ვინ დატრიალდებოდა 30 ფუეტეთი (შესანიშნავია ჩელიტამაია მახათელი), ვინ შეძლებდაშპაგატისუკეთ შესრულებას (ბახტიარ ადამჟანი, ასტანას საბალეტო დასის სოლისტი), ვინ იქნებოდა დახვწილი, ფეხმარდი და კარგი ამპლიტუდის ნახტომით გამორჩეული (ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წევრი სალომე ლევერაშვილი)…და ა..

ერთი სიტყვით, ბალეტგალა კლასიკური საბალეტო პურიც იყო და სანახაობაც; ორივე ერთად აღებული. ამ სამნაწილიან ქორეოგრაფიულ ზეიმს კი უძვებოდა  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკეტრი, მაესტრო ლევან ჯაგაევის დირიჟორობით.