ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუქპოსტების გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
22 ივლისს ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ცეკვავამ ვახო სანაია შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის სამართალდამრღვევად ცნო.
გიორგი ახობაძეს 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ექიმ და აქტივისტ გიორგი ახობაძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სამთავრობო „იმედის” ცნობით, სასამართლომ ორი ადმინისტრაციული საქმე განიხილა. პატიმრობის საფუძველი შეურაცხმყოფელი ქმედებების განმეორებითი ხასიათი გახდა. არხის ცნობით, სასამართლოში განხილული საქმეები ეხებოდა Facebook-პოსტს და სატელეფონო საუბრისას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და კანცელარიის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. როგორც „იმედი” ამბობს, ახობაძე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული მობილური ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა, რა დროსაც ახობაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ.
აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ
22 ივლისს სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს საკუთარ სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები მწერალ ნოდარ დუმბაძეს. თავდასხმას წინ უძღოდა სამთავრობო მედიასაშუალებებში აგორებული კამპანია, სადაც ოქრიაშვილის დისკრედიტაცია სწორედ ერთ-ერთ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის მოხსენიების გამო მიმდინარეობდა. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ოქრიაშვილმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ის აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა და განმარტავდა, რომ პროპაგანდამ უკონტექსტოდ დაამახინჯა მისი საუბარი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი“, – ასე გამოეხმაურა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე.
ვერაზე სროლის შედეგად 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა
22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან 2 არასრულწლოვანი იყო. ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ–ერთი არასრულწლოვანი კლინიკაშივე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის დედამ „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისს შვილს 3 რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ მან თავად მიმართა პოლიციას, რომ შვილის ფსიქიკური მდგომარეობის გამო იარაღი ჩამოერთმიათ. პოლიციამ მაშინ შემაკავებელი ორდერი გამოწერა და იარაღი წაიღო, თუმცა მოგვიანებით ის პატრონს უკან დაუბრუნეს.
ბათუმში ახალგაზრდა კაცს ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
22 ივლისს კაფეში მჯდომ ახალგაზრდა კაცს, ბაჩო ბერიძეს, უცნობმა პირმა რამდენჯერმე ესროლა. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი მოპედით გადაადგილდებოდა და სახეზე თეთრი პირბადე ეკეთა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციას ჯერჯერობით ის არ დაუკავებია.
დაშავებული მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს გულ–მკერდისა და მუცლის ღრუს არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა 23 ივლისს ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ დაშავებული ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და ექიმები მისი სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციას ახერხებენ.
მარნეულში კაცმა ცოლი დაჭრა
მარნეულში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შსს–ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. უწყების განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, დაშავდა ბრალდებულის დედაც. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
24 ივლისს თბილისში მშენებარე სასტუმროდან 37 წლამდე კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სასტუმროს კომპანია „რუსთაველი ფროფერთი“ აშენებს.
ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის. სანქციები ძალაში 6 თვეში შევა. ეს ექვსთვიანი ვადით ევროკავშირმა თბილისს კიდევ ერთი შანსი მისცა მოთხოვნების შესასრულებლად. თუ 6 თვეში ქარხანა რუსული ნავთობის გადამუშავებას არ შეწყვეტს, სანქციები სრულად ამოქმედდება.
ევროკომისიის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის 21-ე პაკეტი ყველაზე მასშტაბურია. სიაში 218 სუბიექტი შევიდა (48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირი), მათ შორის 100-ზე მეტი ბანკი, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტი გემი და 50-ზე მეტი სამხედრო–სამრეწველო ობიექტი.
რუსეთის მოქალაქის ცემაში ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ტურისტის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
ინციდენტი 18 ივლისს, თელავის ერთ–ერთ სასტუმროში, ჭიღლაძის ძმის ქორწილში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ის ხელს რუსულად მოსაუბრე ქალს. რუსეთის მოქალაქეების თქმით, კონფლიქტის მიზეზი მათ მიერ რუსულ ენაზე ლაპარაკი გახდა. დაცვის მხარის თქმით, შემთხვევა ქალების მხრიდან პროვოკაციამ (შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა და ქორწილის სუფრაზე სითხის გადმოსხმამ და აპარატურის დაზიანებამ) გამოიწვია. ადვოკატის თქმით, დარტყმამდე ქალი ჭიღლაძეს „ყელში სწვდა“.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოს ორგანოების მხრიდან რუს ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას ელოდება – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.
„ღიმილისმომგვრელია“ – კობახიძე აშშ–ს თავდაცვის აქტზე, სადაც საქართველოზე შესწორებებია შესული
აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) 216 ხმით 212-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. აქტში საქართველოს შესახებ 2 შესწორებაც შევიდა, რომელიც კონგრესმენმა ჯო ვილსონმა მოამზადა. NDAA სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდულ 1.15 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს, რაც საბოლოოდ სენატმა უნდა დაამტკიცოს.
საქართველოს შესახებ შესწორებებს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და მას „ღიმილისმომგვრელი“ და „არასერიოზული“ უწოდა. კობახიძის თქმით, „ჯო ვილსონის ინიციატივები არ არის საინტერესო“ და ხელისუფლება ოფიციალური ვაშინგტონისგან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლების შესახებ პოზიციას ელოდება.
ლილუაშვილის ნათესავს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა და 35 მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვა
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ქრთამის მიცემას, ქრთამის აღებაში დახმარებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანდრია ლილუაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა, დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის 70 უძრავი ობიექტი, 17 ავტომობილი, 125 დასახელების ძვირფასეულობა, ფერწერული ტილოები და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე 4 თვე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იქნება
22 ივლისს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის განცხადებით, 4 თვის განმავლობაში რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლის, ლევან გოგსაძის კუთვნილი კომპანია შპს „სმარტ სოლუშენი“ ატარებს.
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილისა და პაპაშვილის კომპანია ფულის გათეთრების კანონის საფუძველზე დააჯარიმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოფილი დეპუტატის ირაკლი სესიაშვილისა და ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანიები დააჯარიმა.
ეროვნულმა ბანკმა სულ 13 კომპანია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე დააჯარიმა. საუბარია ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესების შეუსრულებლობაზე, სადაც ჯარიმა თითო დარღვევაზე 3 000 ლარს შეადგენს.
ირაკლი სესიაშვილის მფლობელობაშია შპს „უნიტრონი“ (Werty) 9 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ძმებ სულხან და ლაშა პაპაშვილების თანასაკუთრებაში მყოფი შპს „ვაითბით ჯორჯია“ 3 000 ლარით.
ერგნეთში შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ჩორჩანას საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა
23 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა ჩატარდა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, მათ კვლავ დააყენეს ჩორჩანა–წნელისის ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებისა და ე.წ. „საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის“ მოთხოვნა.
სუსის ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საოკუპაციო რეჟიმის ამ მოთხოვნაზე. უწყების თქმით, ქართულმა მხარემ მკაცრად მოითხოვა თამაზ გინტურის მკვლელების დასჯა და დაგმო ბორდერიზაცია.
შეხვედრას გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმისთვის „იმედების მიცემაში“ დაადანაშაულა. მათი თქმით, ეს პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და გიორგი გახარიას გასამართლებას.
პროკურატურა გახარიას 2019 წელს ჩორჩანას საგუშაგოს „ერთპიროვნული“ გადაწყვეტილებით გახსნაში, საბოტაჟში, ტერიტორიების დაკარგვაში, სამხედრო ესკალაციასა და შეიარაღებული დაპირისპირების რისკის შექმნაში ადანაშაულებს.
უცხოეთი
უკრაინის დარტყმები Wildberries-ის საწყობებსა და რუსულ ლოჯისტიკაზე
მიმდინარე კვირის განმავლობაში უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთზე მასშტაბური იერიშები მიიტანეს. უკრაინულმა ძალებმა დრონებით დაბომბეს რუსეთის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ცენტრები, ნავთობბაზები, ტერმინალები. თავის მხრივ, რუსეთმა უკრაინის ქალაქები ბალისტიკური რაკეტებითა დაბომბა, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პარასკევს უკრაინამ რუსეთის უდიდეს ონლაინმაღაზიას Wildberries კიდევ სამ საწყობს დაარტყა. კომპანიის დამფუძნებლის, ტატიანა კიმის განცხადებით, დაიბომბა ობიექტები სანქტ–პეტერბურგში და ოკუპირებულ სიმფეროპოლში.
კიევმა Wildberries ობიექტებზე დარტყმები ჯერ კიდევ გასულ შაბათ–კვირას დაიწყო და კვირის განმავლობაში კომპანიის რამდენიმე ობიექტს დაარტყა. რუსული წყაროების ცნობით, ცხრა ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია კომპანიის 8 საწყობი.
Wildberries–ის დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ამ კომპანიის ობიექტები გამოიყენება როგორც ლოჯისტიკური ჰაბები, საიდანაც რუსული ჯარი დრონების ნაწილებითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით მარაგდება.
გუშინ, 24 ივლისს, კიევის მახლობლად მდებარე პოლიგონზე, სადაც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით იარაღის გამოფენა მიმდინარეობდა, რუსეთმა ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უკრაინის გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
პარალელურად, გუშინ რუსეთში კიროვის ოლქში, ქარხანაზე უკრაინული სარაკეტო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.
გასულ კვირაში რუსეთი ოდესის მახლობლად ზღვაში თავს დაესხა გვინეა–ბისაუს დროშით მცურავ გემს. უკრაინის ინფორმაციით, დაიღუპა 10 ადამიანი, რომლებიც სირიის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ფედოროვმა ზელენსკის შეთავაზებაზე უარი განაცხადა
კვლავ დაძაბულობაა უკრაინაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიხაილო ფედოროვის საკითხზე. 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს შესთავაზა ვიცე–პრემიერის პოსტი სამხედრო ნოვაციათა განხრით, რაზეც ფედოროვმა უარი განაცხადა. ფედოროვის თქმით, ქვეყანაში მხოლოდ სამი თანამდებობაა (პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი), რომლებიც ბრძოლის ველზე მყოფ ჯართან ერთად რეალურად განსაზღვრავს ომის ბედს, შესაბამისად, ის არ მიიღებს სხვა არცერთ თანამდებობას.
ზელენსკიმ ფედოროვი თანამდებობიდან 14 ივლისს გადააყენა, რასაც უკრაინაში მასშტაბური საპროტესტო აქციები და მისი პოსტზე აღდგენის მოთხოვნა მოჰყვა.
1.4 მილიონზე მეტი სამხედრო და ათასობით ტექნიკა – უკრაინამ რუსეთის დანაკარგების სტატისტიკა გამოაქვეყნა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის 24 ივლისამდე რუსეთის დანაკარგებმა ცოცხალ ძალაში 1 436 100 სამხედრო შეადგინა.
უწყების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ასევე დაკარგა 12 201 ტანკი, 24 500 ჯავშანტექნიკა, 46 646 არტილერიული სისტემა, 439 თვითმფრინავი, 354 ვერტმფრენი, 34 გემი და 2 წყალქვეშა ნავი.
ირანმა აშშ–ის სამხედრო ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა
ირანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და ბაზებს დრონებით დაესხა თავს. თეირანის განმარტებით, ეს არის პასუხი აშშ–ის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებულ დაბომბვებზე, რომელიც ზედიზედ მე-13 ღამეა გრძელდება.
გუშინ აფეთქებები დაფიქსირდა ირანის სპარსეთის ყურის სანაპიროზე, ასევე ქვეყნის დასავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში. თეირანის ცნობით, სამხრეთ–დასავლეთში განხორციელებული დარტყმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. პარალელურად, ირანმა იერიში მიიტანა აშშ–ის მოკავშირე ქუვეითზეც, განგაშის სირენები ჩაირთო ბაჰრეინსა და იორდანიაშიც.
ივნისში შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმდნენ 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო ოპერაციების შეჩერებას, ჰორმუზის სრუტის გახსნას და მომდევნო 60 დღის განმავლობაში ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევას.
თუმცა, ხელმოწერიდან სამი კვირის შემდეგ, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „დასრულებულად“ გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ირანის მიერ სრუტეში გემებზე იერიშები.
რუბიო და ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ფილიპინებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ASEAN-ის სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ მზადაა, ხელი შეუწყოს უკრაინაში „უაზრო ომის“ დასრულებას. მისი თქმით, ვაშინგტონმა ეს გზავნილი მოსკოვს გადასცა, თუმცა მოლაპარაკებების დროს რუსეთის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა.
კრემლის განცხადებით, მოსკოვს სჯერა, რომ აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებში გულწრფელია. რუსული მხარის თქმით, ისინი ვაშინგტონისგან ახალ სამშვიდობო წინადადებებს ელოდებიან, მიუხედავად იმისა, რომშეერთებულიშტატებიკიევისთვისსამხედროდახმარებისმიწოდებასკვლავაგრძელებს
ღაზის მოსახლეობას შიმშილი ემუქრება
სასურსათო უსაფრთხოების ფაზების კომპლექსური კლასიფიკაციის (IPC) მონაცემების თანახმად, წლის ბოლოსთვის ღაზაში მცხოვრები 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი შესაძლოა შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, დაფინანსების დეფიციტის გამო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები იძულებულნი არიან, შეამცირონ დახმარება.
ჰუმანიტარული კრიზისის დამძიმების პარალელურად, ღაზაში არ წყდება ისრაელის იერიშები. 23 ივლისს ისრაელის ავიაციამ ალ–ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში მეჩეთი სრულად გაანადგურა. გარდა ამისა, გასულ დღეებში ქალაქ ღაზაში საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, 6-სულიანი ოჯახი, ცოლ–ქმარი და მათი ოთხი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.