„საქართველოს ხელისუფლება მზადაა როგორც „გამჭვირვალობის კანონის“, ისე ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ დისკუსიისთვის“, – ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა.
მისი თქმით, „მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია და ევროკავშირთან დიალოგის განახლების სურვილი ყოველთვის არსებობდა“.
ჭეიშვილის განმარტებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებაში ახალი არაფერი თქმულა და საუბარი მხოლოდ დიალოგის პროცესის განახლებას ეხება.
„არაფერი პოზიცია არ იცვლება. ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. არაერთხელ განვაცხადეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც, რომ ცალმხრივად ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ევროკავშირისთვის კარი არ დაგვიხურავს. ნიკოლოზ სამხარაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ შუამავლობის გზით დიალოგის პროცესი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ“, – თქვა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, „ხელისუფლებას აქვს საკუთარი არგუმენტები იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი აღნიშნული კანონის მიღება და როგორ უნდა განვითარდეს მომავალში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი დათმობებზე არ არის.
„საუბარი არ არის დათმობებზე, საუბარია დისკუსიასა და დიალოგზე ნებისმიერი კანონის ირგვლივ – იქნება ეს გამჭვირვალობის კანონი თუ სხვა საკითხი“, – თქვა მან.
გუშინ, 16 ივნისს, ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს.
სამხარაძის თქმით, საქართველო მზად არის კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ. მისივე განცხადებით, ლუქსემბურგის მხარემ ქართული დელეგაციის პოზიცია კონსტრუქციულად მიიღო.
ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა ლევან მახაშვილიც, რომლის თქმითაც, მხარეებმა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების „გადატვირთვისა“ და პოლიტიკური დიალოგის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს.