„გაუქმდეს ან გადაიხედოს შემზღუდველი კანონები“ — ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის კრიტიკული მემორანდუმი

პუბლიკა

ევროსაბჭომ გამოაქვეყნა 2026 წლის მემორანდუმი, რომელიც ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის საქართველოში 14-15 აპრილის ვიზიტის შემდეგ მომზადდა.

მემორანდუმში კომისარი ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოუძიებლობას, რის პარალელურადაც ხელისუფლება იღებს შემზღუდველ კანონებს, რომელთა სამიზნეც არის შეკრების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლება. ანგარიშში გაკრიტიკებულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და მედიაზე ზეწოლა.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ვიზიტის დროს კომისარი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, მაშინდელ შს მინისტრ გელა გელაძეს, მიხეილ სარჯველაძეს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, მთავარ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს, გენერალურ აუდიტორს გიორგი გაბიტაშვილს და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს.

ო’ფლაერტი ასევე შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტრებუკს, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მან მოინახულა ოძისის საოკუპაციო ხაზი და შეხვდა წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს. 2026 წლის 5 მაისს კომისარმა ონლაინ შეხვედრა გამართა იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან.​

მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ პრობლემაა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების გამო.

კომისარი მიიჩნევს, რომ 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მიერ სავარაუდოდ ძალის გადამეტების საქმეების გამოძიებაში პროგრესი ძალიან მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასობით საჩივარი. კომისარი მიუთითებს, რომ პოლიციის შესაძლო დარღვევების გამოძიება მიმდინარეობს ნელა და არაეფექტიანად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ძალადობის შესახებ მრავალი შეტყობინებისა, ბრალი მხოლოდ რამდენიმე პოლიციელს წარედგინა.

ო’ფლაერტი მიუთითებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებამ და საქმეების პროკურატურისთვის გადაცემამ შესაძლოა შეასუსტოს გამოძიების დამოუკიდებლობა.

მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ არსებობს წამების, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის ბრალდებები მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ.

მემორანდუმში მითითებულია, რომ არასათანადო მოპყრობის სერიოზული შემთხვევები განზრახ დაკვალიფიცირდა მსუბუქი მუხლებით, როგორიცაა „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და არა „წამება“ ან „დამამცირებელი მოპყრობა“, მიუხედავად ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა.

კომისარი მიუთითებს, რომ დაზარალებულად ცნობილ პირთა რაოდენობა არის 181 მოქალაქე და 48 ჟურნალისტი და ამ ფონზე დასჯილია მხოლოდ 5 პირი.

კომისარი აღნიშნავს, რომ სრულად დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარებულა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის საქმეზე. დოკუმენტში წერია, რომ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შეურიეს ქიმიური ნივთიერებები (CS გაზი და პროპილენგლიკოლი), კომისარმა შეშფოთება გამოთქვა ჭავლის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის თაობაზე.

მემორანდუმის თანახმად, 2023 წლიდან და განსაკუთრებით 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაართულა საპროტესტო აქციების ორგანიზება და მათში მონაწილეობა. 

კომისრისთვის შემაშფოთებელია ჯარიმებისა და დაკავებების ისეთი პრაქტიკა, რომლების გამოც შესაძლოა მოქალაქეები დაშინდნენ და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.

კერძოდ, კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს: 

  • მნიშვნელოვნად გაზრდილ ჯარიმებზე – მემორანდუმში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები გაიზარდა დაახლოებით 15 ათას ლარამდე, რაც საგრძნობლად აფერხებს პროტესტში მონაწილეობას.
  • ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების გაზრდასა და განმეორებითი საპროტესტო ქმედებებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზე – დოკუმენტი მიუთითებს, რომ პირველადი სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს შეიძლება შეეფარდოთ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მცირე დარღვევებისთვის (როგორიცაა ნიღბის ტარება ან ტროტუარის ბლოკირება), ხოლო განმეორებითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები კრიმინალიზებულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე.
  • სპონტანური აქციების დამატებით შეზღუდვასა და ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭებაზე, შეცვალოს აქციის დრო ან ადგილი – ახალი კანონები მოითხოვს წინასწარ შეტყობინებას სპონტანური შეკრებების დროსაც კი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას, იძულებით შეცვალოს პროტესტის დრო ან ადგილი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.​

მემორანდუმში ხაზგასმულია შეშფოთება იმის გამო, რომ იზღუდება სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, მედიასა და გამოხატვის თავისუფლება. 

კერძოდ:

არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კომისარი შეშფოთებულია:

  • „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის (FARA) მიღებით;
  • უცხოური დაფინანსებისა და გრანტების მიღებაზე კონტროლის გაძლიერებით;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებებით;
  • ზოგიერთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვით;
  • ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციით.
  • ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით მემორანდუმი ყურადღებას ამახვილებს:
  • კანონმდებლობის ცვლილებებზე, რომლებიც შეიძლება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას ზრდიდეს;
  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე;
  • პოლიტიკური პლურალიზმის შემცირების რისკზე.

კომისარი ასევე გამოხატავს შეშფოთებას მედიისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • კომისარი მიუთითებს, რომ ახალი კანონები მოითხოვს სახელმწიფოს ნებართვას უცხოური გრანტების მისაღებად – ამან აიძულა საერთაშორისო დონორები, გაეყინათ დაფინანსება , რის გამოც წამყვანი ორგანიზაციები, (მაგალითად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) იძულებულნი გახდნენ შეეჩერებინათ ისეთი კრიტიკული სერვისები, როგორიცაა უფასო იურიდიული დახმარება.
  • მაუწყებლების უცხოური დაფინანსების შეზღუდვებზე – მაუწყებლებს სრულად ეკრძალებათ ნებისმიერი პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების მიღება „უცხოური სახელმწიფოებისგან“. ამავდროულად, სახელმწიფომ გააფართოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები მედიასაშუალებების დაჯარიმებისა თუ ლიცენზიის გაუქმების კუთხით.
  • ცილისწამების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც შესაძლოა ჟურნალისტებზე ზეწოლას ზრდიდეს –  ცვლილებებმა ცილისწამების საქმეებზე მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე (ჟურნალისტზე) გადაიტანა. კომისარს მიაჩნია, რომ ეს ქმნის აბსოლუტური სიზუსტის შეუძლებელ სტანდარტს და იწვევს მასობრივ თვითცენზურას.
  • ლგბტ თემატიკის გამოხატვის შემზღუდავი კანონმდებლობის გავლენაზე – კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კვლავაც აქტიურად ახდენს LGBTI პირთა გამოხატვის, შეკრებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული საქმიანობის ცენზურასა და ბლოკირებას.
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ ეს კანონები ნაჩქარევად, საზოგადოებრივი კონსულტაციებისა და გავლენის შეფასების გარეშე იქნა მიღებული. ანგარიშით ის აფრთხილებს საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან „სახელმწიფოს მტრისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ რიტორიკის აგრესიული გამოყენება არის წინასწარ განზრახული მცდელობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი პირის დასაშინებლად, გასაჩუმებლად და იზოლაციისთვის.
  • ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე შეშფოთებულია მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო. 

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მემორანდუმში ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციას გასცემს ორი: სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულებისა და შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მიმართულებით. 

სამართალდამცველთა ანგარიშვალდებულება

კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • მიიღოს და ეფექტიანად განახორციელოს კანონი, რომელიც ყველა სამართალდამცველს დაავალდებულებს, ატაროს ხილული და ინდივიდუალურად ამოსაცნობი საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • უზრუნველყოს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებები მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის საქმეებზე იყოს სრულყოფილი, სწრაფი და რეალურად დამოუკიდებელი, მათ შორის, შეისწავლოს ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობაც;
  • გამოიძიოს 2023 და 2024–2025 წლების პროტესტების დროს არასათანადო მოპყრობის ყველა სარწმუნო ბრალდება;
  • ჩატარდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სრულყოფილი გამოძიება წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის შესახებ;
  • დანერგოს გაეროს 2020 წლის სახელმძღვანელო ნაკლებად ლეტალური იარაღების გამოყენების შესახებ;
  • შეფერხების გარეშე აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება შეკრების თავისუფლების დარღვევებსა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას.

შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება

კომისარი ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს:

  • გაუქმდეს 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ის შემზღუდველი ცვლილებები, რომლებიც საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
  • დაიცვას სპონტანური შეკრებების უფლება;
  • გააუქმოს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული არაპროპორციული ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორებითი დარღვევებისთვის დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
  • უზრუნველყოს, რომ თავისუფლების აღკვეთა აქციების კონტექსტში მხოლოდ უკიდურესი ზომა იყოს.
  • შეწყვიტოს FARA-სა და გრანტების კანონზე დაყრდნობით დაწყებული გამოძიებები;
  • შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები „საბოტაჟის“ ბრალდებებზე და დაუყოვნებლივ აღუდგინოს მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომა;
  • გააუქმოს:
  • FARA;
  • გრანტების კანონში 2024 წლის შემდეგ შეტანილი ცვლილებები;
  • გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2024 წლის შემდეგ შეტანილი ყველა ცვლილება.
  • ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლება) მუხლების შესაბამისად, საფუძვლიანად გადაიხედოს ან გაუქმდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები.
  • მათთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ნორმები.
  • გადახედოს ან გააუქმოს ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის:
  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები;
  • გადაიხედოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის თვითნებური შეზღუდვა.
  • თავი შეიკავოს ისეთი ზომებისგან, რომლებიც თვითნებურად ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.

კომისარი მიუთითებს 2025 წლის მარტში გაცემულ რეკომენდაციაზე, რომლითაც მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის დაკავებული ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და უზრუნველყლს ჟურნალისტების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა.