პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების ნაწილი მცირდება

პუბლიკა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების ნაწილი მცირდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით:

  • 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;
  • 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
  • 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს, 300 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას.
  • 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

ცვლილებები შევიდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონშიც, რომლითაც მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ:

პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა 10 ქულით შეუმცირდება როგორც 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების, ასევე 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისას ჩამოაკლდება − 20 ქულა.

გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.

აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5000 ლარისა, ხოლო თბილისის საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ ღამის საათებში – 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომის და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება.


„ქართულმა ოცნებამ“ საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები 1 მაისიდან გაზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სანქციების გამკაცრება „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა“.