პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების ნაწილი მცირდება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით:
- 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;
- 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
- 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს, 300 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას.
- 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.
ცვლილებები შევიდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონშიც, რომლითაც მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ:
პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა 10 ქულით შეუმცირდება როგორც 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების, ასევე 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისას ჩამოაკლდება − 20 ქულა.
გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.
აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5000 ლარისა, ხოლო თბილისის საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ ღამის საათებში – 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომის და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება.
„ქართულმა ოცნებამ“ საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები 1 მაისიდან გაზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სანქციების გამკაცრება „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა“.