ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე დაწესებული სანქციების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილმა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა (ЕАЭС/EAEU) უნდა გასცეს პასუხი კითხვას: არსებობს თუ არა ის იმ ძირითადი პრინციპების შესაბამისად, რომლებზეც თავად არის დაფუძნებული.
25 ივნისს, ხუთშაბათის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ევრაზიული კავშირი ოთხ ფუნდამენტურ თავისუფლებას ეფუძნება: საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას.
„კარგი, შეიძლება პრობლემა არსებობდეს ერთი, ორი ან სამი თვის განმავლობაში, მაგრამ თუ მეოთხე თვეშიც პრობლემა კვლავ რჩება, ეს ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. თუ EAEU თავად აცხადებს, რომ აღარ არსებობს, მაშინ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?“ – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი ეს კომენტარი მოჰყვა კითხვას, განიხილავს თუ არა სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თავისი მონაწილეობის გაყინვას, როგორც ეს 2024 წელს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/CSTO) შემთხვევაში გააკეთა. მაშინ სომხეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ორგანიზაციამ 2021 და 2022 წლებში სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის თავდასხმებზე რეაგირება არ მოუხდენია.
25 ივნისს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი სომხეთის ფარგლებს სცილდება და ვარაუდობს, რომ ანალოგიურ წუხილებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც იზიარებენ.
„დარწმუნებული იყავით, ისინი შეშფოთებულები არიან, რადგან ყველას ესმის, რომ იგივე შეიძლება მათაც დაემართოთ. თუ ამ პრობლემას სწრაფად არ მოვაგვარებთ, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დაშლას გარდაუვალს გახდის“, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანალოგიური განცხადებები გააკეთა იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, მთავრობის სხდომაზე, რუსეთის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ექსპორტიორების მხარდაჭერის ზომების შესახებ საუბრისას.
იმავე დღეს, ანუ 25 ივნისს რუსეთმა სრულად აკრძალა სომხური თევზის პროდუქციის იმპორტი. ეს უახლესი შეზღუდვაა რუსული აკრძალვების სერიიდან, რომლებიც სომხური ექსპორტის ფართო სპექტრს შეეხო. სომხურ პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები პირველად 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამოქმედდა. ეს ყველაფერი ფართოდ იქნა შეფასებული პოლიტიკური ზეწოლის ფორმად, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას პრორუსული ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ.
სომხურ იმპორტსა და რუსეთის ტერიტორიის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ ქვეყნებში სომხური საქონლის ტრანზიტზე რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მიუთითა კავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე – საქონლის თავისუფალ გადაადგილებაზე.
„EAEU-მა ამ კითხვას მკაფიო პასუხი უნდა გასცეს – არსებობს თუ არა ის. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს და, როგორც წევრი სახელმწიფო, ვფიქრობთ, რომ უბრალოდ გარკვეული გაუგებრობა მოხდა. მაგრამ თუ EAEU ამბობს: იცით რა, მე აღარ ვარსებობ, მაშინ თუ აღარ არსებობს, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“
ფაშინიანმა დასძინა, რომ ეკონომიკური დივერსიფიკაციის პროცესი ევრაზიული კავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც მიმდინარეობს, თუმცა „ამის შესახებ ოფიციალურად არ აცხადებენ“.
„ამიტომ, EAEU-ის ფარგლებში ნამდვილად არსებობს საკითხები, რომლებიც განხილვას საჭიროებს, და ვაპირებ, უახლოესი შესაძლებლობა გამოვიყენო ამ დისკუსიის დასაწყებად“, – განაცხადა მან.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა იმ განცხადებაზე, რომელიც ევრაზიული კავშირის დანარჩენმა წევრმა სახელმწიფოებმა მის გარეშე იიღეს. ამ განცხადებით რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა სომხეთს მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე ჩაეტარებინა რეფერენდუმი, რათა გადაეწყვიტა, ევროკავშირში გაწევრიანებას აირჩევდა თუ ევრაზიულ კავშირში დარჩენას.
„მე ასევე მაქვს კითხვები ჩვენს პარტნიორებთან იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ჩემი გარეშე მიიღეს“, – თქვა მან და დასძინა: „უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა ევრაზიული კავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები სხვა წევრი ქვეყნის მიმართ – უბრალოდ ერთ დღეს გაიღვიძოს და დაამტკიცოს ისინი. ჩემი შეფასებით, თუ ამ კითხვაზე პასუხია „დიახ“, მაშინ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ფაქტობრივად საკუთარ თვითლიკვიდაციას აცხადებს და ჩვენც შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ“.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი საკუთარ სტრატეგიას სწორედ ევრაზიული კავშირის პასუხის მიხედვით განსაზღვრავს.
„უნდა არსებობდეს ძალიან მკაფიო პასუხი: არსებობს თუ არა EAEU. თუ არსებობს, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას; თუ არა, მაშინ პოზიციონირების საჭიროება საერთოდ აღარ იქნება“, – აცხადებს სომხეთის პრემიერი.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.