პარტია „დროამ“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მათი განცხადებით, ციხის პირობებში შეუძლებელია კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება, საბოლოო დიაგნოზის დასმა და მკურნალობა. შესაბამისად, აუცილებელია ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.
პარტიის შეფასებით, თითოეული დღე, რომელიც ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის გარეშე გადის, „არის შეგნებული დარტყმა მის ჯანმრთელობაზე და სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ“.
„როგორც იცით, ორი დღის წინ ელენე მოინახულა რევმატოლოგმა, მისმა მკურნალმა ექიმმა, ქალბატონმა მაკა იოსელიანმა და მან ვერ მოახერხა ელენეს ჯეროვნად გასინჯვა, სრულფასოვნად გასინჯვა იმ აუტანელი ტკივილის გამო, რომელიც ჰქონდა ელენეს. თუმცა გასინჯვა მაინც მოხერხდა.
ექიმი გაეცნო სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი დასკვნით, ვითარება არის მძიმე და დაავადება პროგრესირებს. ასევე, არსებობს ცენტრალური დაავადების გარდა, დამატებითი ფაქტორები, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას და ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის პირობებში ამ ტიპის კომპლექსური გამოკვლევების, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობს.
ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უარს ვამბობდით, რომ გვესაუბრა სამედიცინო დეტალებზე და სამედიცინო გამოსავალზე, რადგან ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვართ ამ სფეროს პროფესიონალები და არ გვინდოდა, განსაკუთრებით ელენეს არ უნდა, რომ ამ ყველაფერს რაღაც სპეკულაციის ელფერი ჰქონოდა.
თუმცა მას მერე, რაც ექიმს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მკაფიო შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გასაკეთებელი, ჩვენ გვინდა ძალიან მკაფიოდ და ცხადად ვთქვათ, რომ თითოეული ახალი დღე, რომელსაც ელენე ატარებს კლინიკის გარეშე, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და მკურნალობის გარეშე, არის ელენეს ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე და ეს არის არა შემთხვევითი ამბავი, არამედ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ამბავი, რასაც აკეთებს რეჟიმი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ.
თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და არ ეძლევა ადეკვატური შესაძლებლობა სამედიცინო მკურნალობისა, არის შეგნებული დარტყმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ.
ასევე უნდა გითხრათ, რომ ის, რაც გააკეთა რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, სინამდვილეში უნდა გაეკეთებინა პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახურის უშუალო პასუხისმგებლობა იყო დაედგინა დიაგნოზი და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა.
თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, მაგრამ ექიმ-რევმატოლოგის ჩართულობით ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი: ელენე უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში კვლევებისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის.
აქვე ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა ელენეს და „დროას“ პოზიცია: ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რეჟიმის ნებისმიერი ბოროტმოქმედების მიუხედავად, ნებისმიერი ნაბიჯის მიუხედავად, რაც არ უნდა გადადგას რეჟიმმა პირადად ელენეს, პარტია „დროას“ წინააღმდეგ, არც ერთი წამით არ ვაპირებთ უკან დახევას, არც ერთი წამით არ ვაპირებთ ბრძოლის შეჩერებას.
არ არსებობს ფასი, რომელსაც რეჟიმი გადაგვახდევინებს და ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება საქართველოს!“, – აცხადებს პარტია „დროა“.
17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება“, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“ და მისი „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“.
მათივე მტკიცებით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ და „მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის მრტ“.
თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას პარტია „დროამ“ უპასუხა. მათი თქმით, უწყების განცხადება ბევრ ტყუილსა და უზუსტობას შეიცავს.
19 ივნისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მზად არის, შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თუმცა ამისთვის აუცილებელია თავად პატიმრის თანხმობა.
25 ივნისს ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმმა მაკა იოსელიანმა მოინახულა. როგორც მან განმარტა, „დროას“ ლიდერს აქვს „ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად, ხმარობს ხელჯოხს, უჭირს თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს, თვითმომსახურეობის ფარგლებში.“
ექიმის თქმით, პაციენტის გასინჯვა „ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო.“
ის მიიჩნევს, რომ „კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.“
კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიას 24 მარტს ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა 570 ლარი შეადგინა.
2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.
ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.