იოსელიანი: მზად ვარ, შევისწავლო ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მზად არის, შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თუმცა ამისთვის აუცილებელია თავად პატიმრის თანხმობა.

იოსელიანის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება, რის გამოც მათი გამოთხოვა და შესწავლა მხოლოდ პირის თანხმობით არის შესაძლებელი.

„ყოველთვის მზად ვიყავი და დღესაც მზად ვარ, შევისწავლო პენიტენციურ დაწესებულებაში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი, მაგრამ რამდენადაც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, აღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ თავად პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში“, – დაწერა იოსელიანმა.

მისი განმარტებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯარო განცხადების გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელი მის ადვოკატს დაუკავშირდა და უწყების პროცესში ჩართვის მზადყოფნა გამოხატა.

მან ასევე აღნიშნა 2025 წლის მარტში ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციული დაკავების პერიოდი, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.

„საჯაროდ გამოვეხმაურე აღნიშნულ ინფორმაციას და დავაფიქსირე პოზიცია, რომ მის მიმართ დაკავებისას სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შევისწავლიდი“, – თქვა მან.

ამასთან იოსელიანი წერს, რომ 2025 წლის 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. მისი თქმით, აპარატის წარმომადგენელი მას გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა, თუმცა ხოშტარიამ თანამშრომლობაზე კვლავ უარი თქვა.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ვიზიტისას შეხვდა პატიმრებს, მათ შორის ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელისა და ანასტასია ზინოვკინას, თუმცა ელენე ხოშტარიამ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„მქონდა სურვილი, ასევე შევხვედროდი ელენე ხოშტარიას, თუმცა მან უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე და განაცხადა, რომ არ აღიარებს სახალხო დამცველს, რაც მისი უფლებაა“, – განაცხადა იოსელიანმა და დასძინა, რომ კვლავ მზად არის ელენე ხოშტარიას უფლებების დაცვის მონიტორინგისთვის.

17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 კვირაა, მოითხოვენ მისი მკურნალობის გეგმის შესრულებას, პენიტენციურ დაწესებულებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება“, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.  

პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“ და მისი „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“. ამ განცხადებაზე პარტია „დროამ“ თქვა, რომ ბევრ უზუსტობას და ტყუილს შეიცავს.