ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

პუბლიკა

სამოქალაქო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 ქართული ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.

ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.

სამოქალაქო ორგანიზაციების ინფორმაციით, სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

მათივე ცნობით, ევროპულმა სასამართლომ განმცხადებელთა ყველა არგუმენტი მიიღო მხედველობაში და საქმე არსებითად განსახილველად კონვენციის სამივე მუხლთან მიმართებით მიიღო.

ევროპულმა სასამართლომ მხარეებს კითხვები დაუსვა და საქართველოს მთავრობას პასუხისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

რა წერია ორგანიზაციების სარჩელში

განმცხადებელი ორგანიზაციები საჩივარში დავობენ, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 (გაერთიანების თავისუფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), ასევე, კონვენციის მე-18 მუხლი აღნიშნულ მუხლებთან ერთობლიობაში, რომელიც ეხება იმას, რომ სახელმწიფომ უფლების შეზღუდვა არ შეიძლება გამოიყენოს კონვენციით გათვალისწინებულისგან განსხვავებული, ბოროტი მიზნებისთვის.

განმცხადებელმა ორგანიზაციებმა საჩივარში მიუთითეს, რომ საბანკო ანგარიშების ბლანკეტური გაყინვა, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან და ხელმძღვანელთა გამოკითხვებთან ერთობლიობაში, მრავალწლიანი უფლებადაცვითი საქმიანობის მქონე ორგანიზაციების გაერთიანების თავისუფლების უმძიმეს შელახვას წარმოადგენს. მათი შეფასებით, ანგარიშების გაყინვით ორგანიზაციების საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზდა.

„ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც წელიწადში ასობით ადამიანს უწევდნენ უფასო იურიდიულ დახმარებას, აკვირდებოდნენ არჩევნებს, იბრძოდნენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ და მხარდაჭერას უწევდნენ რეგიონულ სამოქალაქო ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას – საბანკო ანგარიშების გაყინვით გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ და მათ დე ფაქტო ლიკვიდაციას გაუტოლდა“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ევროპულ სასამართლოს განმცხადებელმა ორგანიზაციებმა ასევე, დაუსაბუთეს, რომ არც პროკურატურას, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განმცხადებელთა საქმიანობის კავშირს განსახილველ დანაშაულებთან ან რამით მიანიშნებდა დანაშაულებრივ ქმედებაზე.

ორგანიზაციები სარჩელში ასევე დავობენ, რომ განმცხადებელთა საბანკო ანგარიშების გაყინვა წარმოადგენს ჩარევას მათი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, ხოლო ეს ჩარევა იყო უკანონო, არ ემსახურებოდა რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს და იყო არაპროპორციული.

კონვენციის მე-18 მუხლთან მიმართებით განმცხადებლები ასევე უთითებენ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვის რეალური მიზანი კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა.

„ამგვარი ფარული, ბოროტი მიზნის დასასაბუთებლად, ორგანიზაციებმა სხვადასხვა გარემოებაზე მიუთითეს, მათ შორის, საქართველოში ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და აკრძალვისკენ მიმართული კანონმდებლობა და მათი თვითნებური აღსრულება მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციის ყველა მექანიზმის განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დისკრედიტაციისა და შევიწროების კამპანიები, რომლებიც ხელისუფლებისა და მის მიერ მართული მედია ორგანიზაციების მიერ არის წარმოებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

საჩივარში ასევე მითითებულია, რომ პროკურატურა მოკლებულია ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ფუნქციონირებს მმართველი პარტიის ინსტრუმენტად, ამჟამინდელ და ყოფილ მთავარ პროკურორებს სანქციები აქვთ დაკისრებული აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ჩეხეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის. საჩივარში ასევე განხილულია უფრო ფართო არადემოკრატიული კონტექსტი და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციები.

რა კითხვები დასვა ევროპულმა სასამართლომ

სამოქალაქო ორგანიზაციების ინფორმაციით , ევროპულმა სასამართლომ განმცხადებელთა ყველა არგუმენტი მიიღო მხედველობაში და საქმე არსებითად განსახილველად კონვენციის სამივე მუხლთან მიმართებით მიიღო.

კერძოდ, მათი ცნობით, ევროპულმა სასამართლომ იკითხა, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ კონვენციის მე-11 მუხლი (გაერთიანების თავისუფლება) და პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) განმცხადებელი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების (გაყინვის) შედეგად. ამ კუთხით ევროპული სასამართლო დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე მიიჩნიეს ხელისუფლების ორგანოებმა (კერძოდ, ბრალდების ორგანოებმა და შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა), რომ განმცხადებელი ორგანიზაციები, შესაძლოა, ჩართულნი ყოფილიყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში.

უფრო კონკრეტულად, რა ფაქტებმა ან მტკიცებულებებმა მიიყვანა ხელისუფლების ორგანოები იმ ეჭვის დასაბუთებამდე, რომ განმცხადებელმა ორგანიზაციებმა მატერიალური, ფინანსური ან სხვა ფორმის დახმარება გაუწიეს მასობრივ პროტესტებში ჩართულ პირებს.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გამოხატა ინტერესი გაარკვიოს, კვლავ დაყადაღებულია თუ არა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები. ასევე, რა არის მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების სტატუსი და რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა ევროკონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით და პირდაპირ მოსთხოვა სახელმწიფოს განმარტოს, განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები გამოყენებული იყო თუ არა იმ მიზნებისგან განსხვავებული მიზნებისთვის, რომელთაც კონვენციის აღნიშნული მუხლის დებულებები ითვალისწინებს, რითაც ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას.


2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

ეს ორგანიზაციებია: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „საფარი”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „დემოკრატიის მცველები” და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI).

პროკურატურის მტკიცებით, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა და მათი ხელმძღვანელების მიერ გამოხატული მოსაზრებები თბილისში 2024 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

უწყება აცხადებს, რომ „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.

„ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.

აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – ამტკიცებს პროკურატურა.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, პროკურატურის განცხადებები, ისევე როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ყადაღის დადების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია და საქმეში არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.

მათი თქმით, 2024 წელს გამართული მასობრივი პროევროპული საპროტესტო აქციების დროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი გამოიხატებოდა საპოლიციო ძალების მიერ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების დოკუმენტირებაში, წამებისა და სასტიკი ძალადობის მსხვერპლი პროტესტის მონაწილეების, ასევე, უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევაში.