გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია ამბობს, რომ არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მისი თქმით, ის, „რაც ახლა ხდება, უსამართლობაა“.
გიორგი მალანია 1 ივლისს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა, თუმცა, დღეს, 3 ივლისს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით (სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი).
პროკურატურა ამბობს, რომ „გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი“.
მერაბ მალანიას თქმით, მის შვილს „თვალით არ უნახავს ადამიანი, მაგრამ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება“.
„არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი. იცოდა, რომ გიორგის ბავშვობის მეგობარს [ნია იმნაძეს], ერთად არიან გაზრდილები, არასათანადოდ ექცევაო [მასწავლებელი], ჩემი ინფორმაციით და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ასე ვინ რეკავს, რომ წამოდი, თავი გავუტეხოთ ვინმეს. ეს იყო მაგათ შორის კომუნიკაცია – „წამომყევი – არ წამომყევი“ და არ გაჰყვა.
ხან ფაშისტური დაჯგუფების წევრი იყოო, ხან ქუჩის ბანდის წევრი და ა.შ. ჩემი შვილი ისე გაიზარდა, ყოველ წუთს ვიცოდი, სად იყო. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა სკოლიდან. მეცადინეობა ჰქონდა. მასწავლებელთანაც მე მიმყავდა და მომყავდა. მაგრამ ამბობენ, რომ მე ვიღებდი დაგეგმვაში მონაწილეობას, იმიტომ, რომ ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და წამოვიყვანე“, – თქვა მერაბ მალანიამ.
გიორგი მალანია მას შემდეგ დააკავეს, რაც 29 ივნისს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და მის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს მხარდაჭერა სთხოვა. ეკატერინე ხვედელიძემ მას მეორე დღეს, 30 ივნისს უპასუხა და თქვა, რომ „იმედი აქვს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი“. 1 ივლისს დააკავეს გიორგი მალანია.
ამ დრომდე გიგა ავალიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 4 არასრულწლოვანი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და ანი ნასყიდაშვილი.
სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ გიგა ავალიანს ჯგუფურად მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა, ხოლო სამივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში.
გაბაშვილსა და რიკაძეს 10 წლითა და 6 თვით, ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე სასჯელები 1/4-ით შემცირდა.
რაც შეეხება ანი ნასყიდაშვილს — სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში. მას არ დაუდგინდა თავდასხმაში უშუალო მონაწილეობა, თუმცა სასამართლოს შეფასებით, იცოდა დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. სასჯელი იყო 5 წელი და 3 თვე.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა გიგა ავალიანზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს, შეისწავლეს მისი გადაადგილების მარშრუტი და თავდაპირველად 2025 წლის 29 სექტემბერს სცადეს განზრახვის განხორციელება, თუმცა ვერ შეძლეს.
გამოძიების ცნობით, გეგმა 1 ოქტომბერს განახორციელეს, როდესაც ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მოითხოვს, დააკავონ კიდევ ერთი არასრულწლოვანი ნია იმნაძეც, რომელსაც ბრალი წარდგენილი არ აქვს.
პროკურატურის ვერსიით, სწორედ ნია იმნაძემ უთხრა ალექსანდრე გაბაშვილს, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან და, მისი თქმით, მასწავლებელი მის მიმართ „ზედმეტ ყურადღებას“ იჩენდა. ამ ინფორმაციის შემდეგ, პროკურატურის მტკიცებით, გაბაშვილმა მეგობრებთან ერთად ავალიანზე თავდასხმა დაგეგმა.
სასამართლო პროცესებზე ნია იმნაძე ერთ-ერთ მთავარ მოწმედ მიიჩნეოდა. 2026 წელს ის რამდენჯერმე არ გამოცხადდა სხდომაზე, რის შემდეგაც სასამართლომ მისი იძულებით მიყვანა დააკმაყოფილა.
2026 წლის მაისში, იძულებით მიყვანის შემდეგ, სასამართლო პროცესზე მისი დაკითხვა დაიწყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა და იმ დღეს სრულყოფილი ჩვენება ვერ მისცა.