საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

პუბლიკა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ერთობლივ დეკლარაციას ხელი ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

„საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება. ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია.

ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.