დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

პუბლიკა

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.

ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე – ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

2022 წლიდან გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში.

რაც შეეხება დიპლომატიის აკადემიას – ის „ქართული ოცნების“ ინიციატივით იქმნება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას“.

პარალელურად, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ილიაუნიში მილევად რეჟიმში გადავა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.