ავტორი: იუსეფ ბარდუკა
სომხეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. ექსცენტრიკული ბიზნესმენი ივნისში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა პარლამენტში ვერ მოხვდა. არჩევნების შემდეგ მის წინააღმდეგ ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
წარუკიანი, გავრცელებული ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს, დააკავეს.
დამოუკიდებელი მედია CivilNet-ის ცნობით, მისმა ადვოკატმა ერემ სარგსიანმა განაცხადა, რომ წარუკიანს ბრალი თაღლითობის ხელშეწყობასა და ფულის გათეთრებაში ედება. ადვოკატის თქმით, ის იმ საქმის ფარგლებში დააკავეს, რომელშიც თავად „დაზარალებულად უნდა ყოფილიყო ცნობილი“.
სარგსიანის განმარტებით, საქმე ეხება სომხეთ-ირანის ერთობლივი სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნას, რომლის მიზანიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება იყო. მისი თქმით, პროექტს სახელმწიფოსგან ყველა საჭირო ნებართვა ჰქონდა მიღებული და მასში „მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა“. თუმცა, ადვოკატის განცხადებით, ირანის რამდენიმე მოქალაქემ ბოროტად ისარგებლა შექმნილი ვითარებით, რის გამოც წარუკიანმა მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
„იმის ნაცვლად, რომ მისი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაცია დაზარალებულად ეცნოთ, გადაწყვიტეს, თავად გაგიკ წარუკიანი ექციათ ბრალდებულად“, – განაცხადა სარგსიანმა და დასძინა, რომ დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Armenpress საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, რომ წარუკიანმა ირანთან ლოგისტიკური და სატვირთო გადაზიდვების ქსელის შექმნის გზით 8.1 მილიარდ დრამზე მეტი (დაახლოებით 22 მილიონი აშშ დოლარი) მიითვისა. გამოძიების ვერსიით, მისმა ჯგუფმა „თაღლითური გზით შემოიტანა 52 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ტექნიკა, საწვავი და სხვა სხვადასხვა საქონელი, რომლებიც ირანელი ბიზნესმენების კომპანიებს ეკუთვნოდათ“.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი წარუკიანს ასევე ადანაშაულებს იმაში, რომ მან ირანის ერთ-ერთ მოქალაქეს 930 ათას დოლარზე მეტის ღირებულების ბენზინი თაღლითურად გამოსძალა.
ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს კიდევ ორ პირს, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, წარუკიანთან არიან დაკავშირებულნი.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, წარუკიანთან დაკავშირებულ 70-ზე მეტ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების სავარაუდო ფაქტებზე ათზე მეტი სისხლის სამართლის საქმე იძიება.
ჩხრეკები, მათ შორის წარუკიანის საცხოვრებელ სახლშიც 6 ივლისს, დილით დაიწყო.
წარუკიანის გარემოცვის განცხადებით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მათ შორის, Ararat Cement Plant-ში, Yerevan Brandy-Wine-Vodka Plant-სა და ერევანში მდებარე Multi Wellness Centre-ში.
Armenpress-მა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ წარუკიანის რეზიდენციაში მყოფი ლომებიც ჩამოართვა და ისინი ერევნის ზოოპარკში გადაიყვანა. „აყვავებული სომხეთის“ პრესსპიკერმა ივეტა ტონოიანმა განაცხადა, რომ ცხოველები ბიზნესმენის სახლში „შესაძლო საუკეთესო პირობებში“ ჰყავდათ.

გაგიკ წარუკიანი ბოთლიდან აჭმევს ლომის ბოკვერს. ფოტო: Armenpress
წარუკიანის წინააღმდეგ გამოძიება 9 ივნისს, საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღეში დაიწყო.
მაშინ „აყვავებული სომხეთი“ ხმების გადათვლის საბოლოო შედეგებს ელოდებოდა, რაც გადაწყვეტდა, მოიპოვებდა თუ არა პარტია საპარლამენტო მანდატებს. მოგვიანებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების დაწყებამდე წარუკიანმა ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყნის დატოვება სცადა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს.
წარუკიანი სომხეთის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფიგურაა. მან ბიზნესსაქმიანობა 1990-იან წლებში კვების მრეწველობაში დაიწყო და სამი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციები განახორციელა მრავალ სფეროში, მათ შორის ალკოჰოლური სასმელებისა და საკვები პროდუქტების წარმოებაში, კაზინოებში, სასტუმროებში, სამთო მრეწველობაში, ფარმაცევტიკაში და ბოლო წლებში ბიტკოინის მაინინგში.
წარსულშიც წარუკიანს არაერთ საქმეზე ჰქონდა ბრალდება წარდგენილი. 2020 წელს ხელისუფლებამ ის 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. ასევე მიმდინარეობდა გამოძიება იმის თაობაზე, რომ იგი კაზინო Shangri La-ს სთანადო ლიცენზიის გარეშე მართავდა. სომხეთმა ამ კაზინოს ლიცენზია ივნისის ბოლოს გააუქმა.
1979 წელს წარუკიანს ორი ქალის გაუპატიურებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. RFE/RL-ის ცნობით, უცნობია, მოიხადა თუ არა მან საბჭოთა სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი.
2001 წელს, პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მმართველობის პერიოდში, სომხეთის საკასაციო სასამართლომ აღნიშნული განაჩენი გააუქმა და ცარუკიანი გაამართლა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.