POG: „ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს 9 წლითა და 8 თვით პატიმრობა განესაზღვრა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელი 1/3-ით შეუმცირდა და 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარდგენილ ბრალდებებში.