„სადიგოვი დაზარალებულთა საჩივრების საფუძველზე დააპატიმრეს“ — აზერბაიჯანის გენპროკურორი

პუბლიკა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის, მაიკლ ო’ფლაერტის წერილის პასუხად ამბობს, რომ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ გამოძიება „დაზარალებულების საჩივრების შემდეგ განახლდა და შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.

მაიკლ ო’ფლაერტმა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ განმარტებები მოითხოვა.

კომისარი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში არაერთხელ გამხდარა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული დევნის ობიექტი და რომ შეშფოთებულია მის წინააღმდეგ მიმდინარე ახალი საქმის გამო.

წერილში ო’ფლაერტი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს სთხოვა, განემარტა, რა საფუძვლით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად და რატომ განახლდა ის მოგვიანებით.

ამასთან, ის დაინტერესდა, რატომ იქნა მოთხოვნილი სადიგოვისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებების ნაცვლად და მიუთითა, რომ წინასწარი პატიმრობა გამონაკლის ღონისძიებად უნდა დარჩეს, რომლის აუცილებლობაც რეგულარულად უნდა გადაიხედოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

თავის პასუხში აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი პროკურორი წერს, რომ ო’ფლაერტის შეფასებები ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

მისი განცხადებით, სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის გადაწყვეტილება სასამართლომ დაზარალებულთა საჩივრების განხილვის შემდეგ გააუქმა და გამოძიების განახლება დაავალა.

მისივე თქმით, დაზარალებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა საფუძვლები, რომლებიც მიუთითებდა ბრალდებულის მიმალვის ან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რისკზე, უფლებამოსილმა სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის მტკიცებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის სოციალური მედიის საშუალებით ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდა და სხვადასხვა პირზე ზეწოლას ახორციელებდა ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით.

პროკურორი ასევე ამბობს, რომ გამოძიება ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მიმდინარეობს, ხოლო საბოლოო საპროცესო გადაწყვეტილებები გამოძიების დასრულებისა და ყველა მტკიცებულების სამართლებრივი შეფასების შემდეგ იქნება მიღებული.


2024 წელს Azel TV-ის ინტერნეტარხის დამფუძნებლის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც მუქარით გამოძალვას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, აფგან სადიგოვი შანტაჟის გზით ფულს სთხოვდა ნეფთჩალის რაიონის ქურქანდის სოფლის აღმასრულებელ წარმომადგენელს, ფატულა მურადოვს, ასევე ნეფთჩალის რაიონის ხაზარქანდის სოფლის მერს.

2024 წლის 4 აგვისტოს აფგან სადიგოვი საქართველოში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავებისა და აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს აუკრძალა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სადიგოვმა, რომელიც 161 დღე შიმშილობდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტი დაასრულა.

აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა.

2024 წლის 9 მაისს აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2024 წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად მცდელობა ჰქონდა, რომ გამგზავრებულიყო თურქეთში, რის საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.

იმავე წლის 3 აგვისტოს ის საქართველოში დააკავეს. სადიგოვმა 9 თვე გაატარა საემიგრაციო პატიმრობაში. გათავისუფლების შემდეგ მას არ ეძლეოდა საქართველოს დატოვების შესაძლებლობა.

2026 წლის 4 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ღამის 4 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სადიგოვს საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 1 აპრილს აზერბაიჯანში სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება.

3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მასზე დაკისრებული გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს კი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

2026 წლის 1 მაისს მან ბაქოში მიიღო საერთაშორისო პასპორტი, თუმცა როცა 26 მაისს აზერბაიჯანის დატოვება სცადა, მას ამის უფლება არ მისცეს.