სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულას” მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარის გადახდა, ასევე „შაბათის ფორმულას” სადავო სიუჟეტებში გაჟღერებული ფრაზების უარყოფა დაევალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გამოაცხადა.

რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების” მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ფორმულას  სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, ტელეკომპანიამ გააჟღერა „არსებითად მცდარი ფაქტები” და „ღირსების შემლახავი ცნობების” გადაცემის უარყოფასთან ერთად, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვდა.

ხაინდრავამ ფორმულას ეთერით გასულ 2 სიუჟეტზე უჩივლა. პირველი სიუჟეტი გასული წლის 20 დეკემბერს გავიდა, სახელწოდებით „ბოდიშიდან შენდობამდე – რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს, გოგა ხაინდრავას მილიონს“, ხოლო მეორე სიუჟეტი 2026 წლის 17 იანვარს: „ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი – შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში”.

გარდა სამოქალაქო დავისა, აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით დამატებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც მიმდინარეობს. 

ხაინდრავას თქმით, „ფორმულას“ რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, „ფორმულას“ წყარო უყვება, რომ „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუსთან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა”, არის ტყუილი. See less