მასალა განახლებულია 21:51-ზე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, მინისტერიალში მონაწილეობას 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მიიღებს.
ივნისში სააგენტო Reuters წერდა, რომ სამიტი ეფუძნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანტიტერორისტულ სტრატეგიას, რომელსაც მან ხელი მაისში მოაწერა.
აღნიშნული სტრატეგია ფოკუსირებულია იმ ჯგუფების იდენტიფიცირებასა და ნეიტრალიზებაზე, რომლებსაც თეთრი სახლი უწოდებს „ძალადობრივ, სეკულარულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა იდეოლოგიაც არის ანტიამერიკული, რადიკალურად ტრანსგენდერული ან ანარქისტული, როგორიცაა, მაგალითად, Antifa“.
14 ივლისს ABC-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, მინისტერიალის მთავარი თემა იქნება იმ საფრთხესთან ბრძოლა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღზევებით“ გამოწვეულ და უყურადღებოდ დატოვებულ საფრთხედ აფასებს.
ABC-ის ცნობით, უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის გაზიარებულ წერილში შეხვედრის კონცეფცია შემდეგნაირადაა აღწერილი: „ეს საფრთხე ზედმეტად დიდხანს რჩებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ანტიტერორისტული დღის წესრიგის „ბრმა წერტილად“; მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ საშიშია იგი, მას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და არც შესაბამისი რესურსები გამოიყოფოდა“.
მედიის ცნობით, ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტებმა გამოავლინეს „მკაფიო ტენდენცია“, რომლის მიხედვითაც გლობალურად დაკავშირებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტები – განსაკუთრებით კი უკიდურესი მემარცხენე შეხედულებების მქონენი – საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სულ უფრო ხშირად მიმართავენ ორგანიზებულ და მომაკვდინებელ ძალადობას.
ABC-ის მიხედვით, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხუთშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის „კოორდინირებულ ქმედებებს“ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც „დაშინებისა და ტერორის კოორდინირებული კამპანიების გზით უკიდურესი პოლიტიკური ხედვის განხორციელებას ცდილობენ“.
გამოცემის მიხედვით, თავდაპირველად ღონისძიებაში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა იყო მოსალოდნელი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მინისტრთა დონის შეხვედრის მასშტაბებს გააფართოებდა.
მათი ცნობით, გადაწყვეტილება „უზარმაზარი ინტერესით“ იყო განპირობებული და ითვალისწინებდა დამატებით ქვეყნების მოწვევას, რომლებიც „ულტრამემარცხენე ძალადობის მზარდი საერთაშორისო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაზე მუშაობენ“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, გაიგზავნა 10-ზე მეტი დამატებითი მოწვევა.
The Washington Post წერს, რომ მინისტერიალმა შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის როგორც კარიერულ, ისე პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ზოგიერთ ევროპელ მოკავშირესა და დამოუკიდებელ ანალიტიკოსს შორის, რომლებიც საფრთხეს განსხვავებულად აღიქვამენ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ შიშობენ, ეს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის ნაწილია, გამოიყენოს ტერორიზმთან ბრძოლის მძლავრი ინსტრუმენტები იმ ამერიკელი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებსაც მემარცხენე ექსტრემისტებად მიიჩნევენ.
ამავე მასალის მიხედვით, აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს „ანტიფას“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით გაამართლოს ისეთი მძლავრი საგამოძიებო ინსტრუმენტების ამოქმედება (მაგალითად, ფარული თვალთვალი და მიყურადება), რომლებიც ჩვეულებრივ ამერიკის მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ასევე არსებობს შიში, რომ ეს ნაბიჯი შექმნის პრეცედენტს, რომელსაც მომავალში დემოკრატიული ადმინისტრაციები უკვე კონსერვატორი აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ამავე მასალაში მოყვანილია ტერორიზმის ექსპერტების მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ულტრამემარცხენე ექსტრემიზმის საფრთხე ხელოვნურადაა გაზვიადებული. მათი შეფასებით, ის ბევრად ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე ულტრამემარჯვენე ტერორიზმი, რომელიც ადმინისტრაციის ახალ სტრატეგიაში საერთოდ აღარ არის ნახსენები. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ტერორისტულ სიაში შეყვანილ მემარცხენე ჯგუფებს ვანდალიზმისა და თავდასხმების მიუხედავად, არცერთი მკვლელობა არ უფიქსირდებათ, რაც ტერორისტული სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს აკნინებს.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, იუსტიციის დეპარტამენტისა და თეთრი სახლის იურიდიული მრჩევლის ოფისის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, პროტესტის ნიშნად, გადაწყვიტა საერთოდ არ დაესწროს 16 ივლისს დაგეგმილ მინისტერიალს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპელი და აზიელი პარტნიორები ღიად აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში მემარცხენე ექსტრემიზმი არ მიიჩნევა მაღალი პრიორიტეტის საფრთხედ. ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ ვაშინგტონი მათ საკუთარ შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში ითრევს.
განახლება:
მინისტერიალთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
პრესრელიზის მიხედვით, საერთაშორისო მინისტერიალის მთავარი მიზანია პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა აღზევების გლობალურ გამოწვევაზე რეაგირება, პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თავდაცვითი ზომების გამკაცრება და იმ საკანონმდებლო თუ უსაფრთხოების ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფებები სათავისოდ იყენებენ.
სახდეპი წერს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში – დასავლეთ ნახევარსფეროში, აზიასა და ევროპაში – უკიდურესი მემარცხენე ტერორიზმის ტალღა სულ უფრო მწვავდება. განცხადების მიხედვით, ეს არ არის შემთხვევითი თუ ცალკეული თავდასხმები და საქმე გვაქვს გააზრებულ, იდეოლოგიურ კამპანიასთან, რომლის მიზანიც დემოკრატიული სისტემების რყევაა.
პრესრელიზის მიხედვით, საფრთხის სამიზნეს წარმოადგენს როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, სამართალდამცავები, ბიზნესსექტორი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ისე რიგითი მოქალაქეები. სახდეპი წერს, რომ მიუხედავად რეალური მასშტაბებისა, საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხნის განმავლობაში სათანადო ყურადღებას არ უთმობდა ამ პრობლემას, რის გამოც მემარცხენე ექსტრემიზმი ანტიტერორისტული დღის წესრიგის მიღმა აღმოჩნდა.
პრესრელიზის მიხედვით, 2025 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა ოთხი რადიკალური მემარცხენე დაჯგუფება:
-
Antifa Ost (ანტიფა ოსტი)
-
FAI/FRI (არაოფიციალური ანარქისტული ფედერაცია/საერთაშორისო რევოლუციური ფრონტი)
-
Armed Proletarian Justice (შეიარაღებული პროლეტარული მართლმსაჯულება)
-
Revolutionary Class Self-Defense (რევოლუციური კლასობრივი თავდაცვა)
ამასთანავე, დაწესდა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდო ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციების დაფინანსების არხებს გადაკეტავს. პარალელურად, ვაშინგტონმა გაააქტიურა კავშირები უცხოელ სამართალდამცავებთან და პროკურორებთან. ამის მაგალითია 2026 წლის მაისში გამართული პირველი ანტიტერორისტული სამუშაო შეხვედრა (CTLEW), სადაც 14 ქვეყნის ექსპერტებმა ტრანსნაციონალური მემარცხენე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გააზიარეს.
პრესრელიზის მიხედვით, დაგეგმილი მინისტერიალი სწორედ ამ ძალისხმევის გაგრძელებაა.
გავრცელებული განცხადებით, იგი გააერთიანებს ამერიკის, ევროპისა და აზიის წარმომადგენლებს კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და სადაზვერვო მონაცემების გასაცვლელად და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ყურადღებას გაამახვილებს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე, რათა ერთობლივად მოხდეს ტერორისტული ქსელების რუკის შედგენა, მათი ფინანსების ბლოკირება და ინფრასტრუქტურის დაცვა გლობალური საფრთხისგან, რომელსაც სახელმწიფო საზღვრები არ გააჩნია.