32 წლის IT სპეციალისტმა გიორგი კვიცარიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პუბლიკა

32 წლის IT სპეციალისტმა გიორგი კვიცარიძემ, რომელმაც პოლიციელების ჩატში შეაღწია და ქობულეთში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ბრალდებულის დედამ TV პირველს დაუდასტურა.

მოგვიანებით შიმშილობის შესახებ ცნობები დაადასტურა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც.

„შიმშილზე წავიდა. შიმშილის კამერა ყოფილა და იქაა გადაყვანილი. სამი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდა „ტვ პირველთანო“. ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია იმათმა არ უქნან რამე და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო” – ამბობს ბრალდებულის დედა ტელევიზიასთან.

2026 წლის 13 ივლისს „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები. ვიდეომასალა ტელეკომპანიას ბრალდებულის დედამ მიაწოდა.

ეთერ კვიცარიძე ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელების გამო მის შვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო და გამოგონილი ბრალდებით დააკავეს.

ინტერვიუში ქალი ამბობს იმასაც, რომ არსებობს კიდევ 33 ფაილი, რომელიც გიორგი კვიცარიძის კომპიუტერში ინახება. დედის თქმით, ამ კადრების გაქრობის სანაცვლოდ მის შვილს სასჯელის წლების შემცირებას ჰპირდებიან.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსაც, სადაც გვითხრეს:

„ბრალდებულმა გიორგი კვიცარიძემ 2026 წლის 15 ივლისს, 15:30 საათზე, პირად სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (რაც თავად აქვს მითითებული მიზეზად) შიმშილობა გამოაცხადა. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ბრალდებული გადაყვანილია მოშიმშილე პირებისთვის განკუთვნილ საკანში და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრალდებულს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია ან უკმაყოფილება არ გამოუხატავს“.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებული ძალადობის კადრების ნამდვილობა გასულ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და მიუთითა, რომ ის 2021 წელს მომხდარ შემთხვევას აღწერს, თუმცა დანაშაული 4 თვით ადრე გამოავლინეს.

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით“, – თქვა მაშინ შსს-მ.