სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევები დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ნორმალიზების მორიგი მკაფიო დადასტურებაა.
„ბოლო პერიოდში გახმაურებული არაერთი საქმე აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უკვე დიდი ხანია ცალკეული თანამშრომლების ერთეულ გადაცდომებს გასცდა და საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილად იქცა, რასაც სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური კონტროლის სისუსტე, დაუსჯელობის კულტურა და პოლიტიკური გავლენები ქმნის.
ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და დე ფაქტო ავტორიტარიზმის ფორმალიზებამ ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებამ, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მაღალმა კონსოლიდაციამ, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვამ და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიციის პოლიტიკური პროცესების სამართავად გამოყენებას“, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, მედიით გავრცელებული შემთხვევები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში, რადგან ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საუბარს შურისძიების, უკანონო დევნის, ახალი ბრალდების წარდგენის, მტკიცებულებების გაყალბების ან სხვა ფორმით ანგარიშსწორების შიშით ერიდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე სავარაუდო ძალადობის მაგალითებად ასახელებს ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ რამდენიმე შემთხვევას, მათ შორის, გორის კომბინატში მომხდარ ინციდენტს, ქობულეთის პოლიციაში განვითარებულ მოვლენებს, ალექსანდრე გოგოჭურის საქმესა და „პუბლიკის“ მიერ გამოქვეყნებულ ალან ყაყიტაშვილის მეგობრის ინტერვიუს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ უკანასკნელის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუ აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა პოლიციის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვის მცდელობას ჰქონდეს ადგილი.
„წლების განმავლობაში ასევე არაერთი შემთხვევა გასაჯაროვდა, როდესაც მოქმედმა ან ყოფილმა პოლიციელმა მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის სხვა წევრის მოკლა ან/და ფიზიკურად იძალადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები ფორმალურად არ უკავშირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, ისინი მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სამართალდამცავ სისტემაში თანამშრომელთა შერჩევის, პროფესიული ეთიკის, შიდა მონიტორინგისა და რისკების მართვის მექანიზმების ეფექტიანობის შესახებ”- წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს 2024-2025 წლების აქციების კონტექსტშიც, მათ შორის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და დემონტრანტების მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევებთან დაკავშირებით პროკურატურამ 5 პირი დააკავა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინ იღებდა კონკრეტულ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს.
„არ არის გამოკვეთილი არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის და ინტენსივობის საპოლიციო ოპერაციები ვერ განხორციელდებოდა მაღალი პოლიტიკური თანხმობისა და კოორდინაციის გარეშე”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ნების არარსებობის ფონზე არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია არაეფექტიანი გამოძიება, პრობლემად რჩება ასევე არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციაც.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების გაძლიერება, ხოლო სამართალდამცავ სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია ნეპოტიზმის, არაფორმალური კავშირებისა და შერჩევითი პასუხისმგებლობის საკითხებზე მსჯელობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობის სავარაუდო შემთხვევები შესაძლოა ერთსა და იმავე სამართალდამცავ სტრუქტურულ ერთეულებში განმეორებითაც ფიქსირდებოდეს.
„სამართალდამცავთა მხრიდან, განმეორებადი ძალადობის შემთხვევები, მათი მასშტაბი და ინტენსივობა, სამართლებრივი რეაგირების არარსებობა, პასუხისმგებელ პირთა შერჩევითი დევნა, არასათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია და ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმების სისუსტე სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ და სტრუქტურულ რეაგირებას მოითხოვს. მიუხედავად ძალადობის მასშტაბურობისა, სახელმწიფო, ფასადური მართლმსაჯულების გარდა, სისტემურ და სტრუქტურულ დონეზე საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლისთვის არაფერ აკეთებს” – აღნიშნულია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოს:
„უზრუნველყოს ჯეროვანი, სამართლიანი და დროული გამოძიება და მართლმსაჯულების განხორციელება პოლიციის ძალადობის თითოეულ გამოვლენილ შემთხვევაზე და დასაჯოს დამნაშავე პირები. აღნიშნულ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება;
უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები კვალიფიცირდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლებით (1441-1443), და არა სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმებით (მათ შორის 333-ე მუხლით), რათა გამოირიცხოს ხანდაზმულობისა და განრიდების გამოყენებით ფაქტობრივი დაუსჯელობა;
უზრუნველყოს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ ხელმძღვანელ და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის ჯეროვანი შესწავლა, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც მასშტაბური და სისტემური ხასიათის ძალადობა ვერ განხორციელდებოდა შესაბამისი დონის ინფორმირების, თანხმობის ან უშუალო მითითების გარეშე;
გააძლიეროს ძალადობის მსხვერპლების დაცვის პოლიტიკა და დაიცვას ისინი შესაძლო ანგარიშსწორების, განმეორებითი დევნის, ახალი ბრალდებების წარდგენისა თუ მტკიცებულებების გაყალბების რისკებისგან, ასევე უზრუნველყოს მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მხარდაჭერა;
გაატაროს სისტემური ცვლილებები პოლიციის სისტემაში ძალადობრივი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, მათ შორის გაზარდოს ანგარიშვალდებულების სამართლებრივი, ინსტიტუციური და ტექნიკური წინაპირობები;
შემოიღოს სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომლისთვის (და არა მხოლოდ პატრულ ინსპექტორებისთვის) სავალდებულო ვიდეო/აუდიო ფიქსაციის ვალდებულება მოქალაქესთან ურთიერთობისას, დაკავებულის სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნისას და გამოკითხვის პროცესში; დაადგინოს ჩანაწერების შენახვის მინიმალური ვადები და უზრუნველყოს ტექნიკური და ინსტიტუციური გარანტიები მათი დაკარგვის, განადგურების ან არასათანადო გამოყენების წინააღმდეგ”