ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა:
„ჩვენ შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე. ის მოიცავს ფართომასშტაბიან ზომებს, რომლებიც მიმართულია მოსკოვის ფინანსური სისტემის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ – იმ სფეროების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ამუშავებს.
ჩვენ პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვურტყამთ: ვუზღუდავთ იმ ფინანსურ რესურსებს, რომლებზეც ის ეყრდნობა ომის გასაგრძელებლად.
ეს სანქციების გზაზე ბოლო ნაბიჯი არ არის. ჩვენ უკვე ვმუშაობთ შემდგომ ზომებზე. ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი ესკალაციისთვის პასუხის გასაცემად“.
We have agreed on the 21st sanctions package against Russia.
It delivers sweeping measures targeting Moscow’s financial system, its military-industrial complex and energy sector, that keep Russia’s war economy running.
We are hitting Putin where it hurts most: cutting off the…
— Kaja Kallas (@kajakallas) July 23, 2026
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 9 ივნისს წარადგინა.
ახალი შეზღუდვები მიზნად ისახავს კრემლის სამხედრო მანქანის ეკონომიკური საფუძვლების კიდევ უფრო მეტად დასუსტებას და ფოკუსირებულია იმ სექტორებზე, რომლებსაც ამ კუთხით ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დაასახელა კონკრეტული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სანქციების ეფექტიანობის საილუსტრაციოდ: რუსეთში ინფლაცია 6%-ს უახლოვდება, საპროცენტო განაკვეთი 14.5%-ია, ხოლო რუსეთის სუვერენული ფონდის ლიკვიდური აქტივების 2/3 ამოწურულია.
მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმაგამოყო ორი რეგიონი და ბოლოდროინდელი ინციდენტები: ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ საზღვრები და აღნიშნა, რომ რუსული დრონები რეგულარულად არღვევენ საჰაერო სივრცეს ამ ტერიტორიებზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზოგიერთი ამას „რუსულ ესკალაციას“ უწოდებს, მისი შეფასებით კი ეს კრემლის აშკარა მარცხია, რადგან ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ რუსეთმა უკრაინის დამორჩილება ვერ შეძლო და აგრესიაზე გადადის.
სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის ძირითადი მიმართულებებია:
ენერგეტიკა და „ჩრდილოვანი ფლოტი“: ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული შოკის ფონზე ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კორექტირების მექანიზმი მომავალი წლის იანვრამდე შეჩერდება, რათა შენარჩუნდეს მაქსიმალური ფინანსური ზეწოლა რუსეთზე. სანქცირებულთა სიას ემატება კიდევ 30 გემი. პირველად, სანქციები შეეხება იმ დამხმარე კომპანიებსა და ინფრასტრუქტურას (პორტები, აეროპორტები, გადამამუშავებელი ქარხნები), რომლებიც რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ ემსახურებიან. ასევე იზღუდება რუსეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერების მიყიდვა.
ფინანსები და კრიპტოაქტივები: ტრანზაქციების აკრძალვა ფართოვდება კიდევ 31 რუსულ ბანკზე. შეზღუდვები უწესდება მესამე ქვეყნების 20 ბანკს, კრიპტოპლატფორმასა და ნავთობტრეიდერს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, პირველად შემოდის მესამე ქვეყნებისთვის კრიპტომომსახურების სრულად დაბლოკვის შესაძლებლობა.
ვაჭრობა და მეთევზეობა: წესდება ახალი საექსპორტო შეზღუდვები სამხედრო მრეწველობისთვის საჭირო ლითონებზე, შენადნობებსა და დრონების კომპონენტებზე. იკრძალება 60 მილიონი ევროს ღირებულების რუსული საქონლის (ავტონაწილები, ლითონის მადნები) იმპორტი. პირველად, სანქციები შეეხება მეთევზეობის სექტორს — ნაწილობრივ იზღუდება თევზის პროდუქტების, ხოლო სრულად იკრძალება ვირთევზას (cod) იმპორტი. სავაჭრო შეზღუდვები თანაბრდება ბელარუსისთვისაც, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება „უკანა კარად“.
ასევე, პაკეტით ევროკავშირში შესვლა სრულად ეკრძალება ნებისმიერ პირს, ვინც ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.