ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ 7 აგვისტოს ცხინვალი სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა. ე.წ. საგარეო უწყების შეფასებით, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. ოკუპირებული ცხინვალის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა საქართველოს უნდა დაეკისროს.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება ამავე განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებასაც ეხმიანება და მას „ლოგიკას მოკლებულს“ უწოდებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის „რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან“ დაკავშირებით მორიგი, ლოგიკას მოკლებული განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს „საკუთარი ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია“.
კიდევ ერთხელ მივუთითებთ მეზობელი სახელმწიფოს საგარეო უწყების ყურადღებას აშკარა ფაქტების დამახინჯების დაუშვებლობაზე. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის შეფასებისას ნატოს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავაც შეჰყავს შეცდომაში საკუთარი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. სინამდვილეში, ეს თავიდანვე იყო ცნობილი და ამის შესახებ სამხრეთ ოსეთი ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა.
ასევე სრულიად ცხადია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები და გაეტარებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა. ამიტომ 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებლებმა. ისტორიაში ასეთი მაგალითები ცნობილია.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში წარმოდგენილი შეფასებები უკიდურესად ტენდენციური და რეალობას მოწყვეტილია. სწორედ საქართველოს „მშვიდობისმოყვარე“ პოლიტიკის შედეგად 1989 წლიდან ასი ათასზე მეტი ეთნიკური ოსი იქნა გაძევებული ეთნიკური წმენდის შედეგად. ათასობით დაღუპული და დანგრეული ცხოვრება, ბლოკადა და ნგრევა, ასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი, რომელთა ბედზეც საქართველოს ხელისუფლება დუმს – სწორედ ეს არის ქართული მშვიდობისმოყვარეობის ნამდვილი სახე.
სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად, ხოლო მშენებარე ორმხრივ ურთიერთობებს მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ თბილისს, თავი შეიკავოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებისგან და დაიკავოს უფრო კონსტრუქციული პოზიცია, მათ შორის ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მუშაობაშიც” – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო უწყების განცხადებაში.
გუშინ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ომი 8 აგვისტოს დაიწყო, როდესაც რუსეთის ჯარი შემოვიდა, თუმცა წინა დღით, 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალი დაბომბა და ცეცხლი გახსნა.