დღეს შინდისის გმირების მემორიალთან ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადება.
ე.წ. საგარეო უწყების შეფასებით, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. ოკუპირებული ცხინვალის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს უნდა დაეკისროს.
„პირველ რიგში არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები, აქედან გამომდინარე, არ გვაინტერესებს დე ფაქტო წარმონაქმნების წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებენ.
რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ [„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“] ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. იქ გარკვევით ჩაიწერა ასეთი რამ – ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ – ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში რაც მე გავიმეორე.
და ამ ყველაფერს თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი თავის დროზე, 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული. აქედან გამომდინარე, თქვენს პარტიას მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში და მთელს ევროპულ თანამეგობრობასთან ერთად რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში, ანუ ომში გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ და რატომ ჩაიწერა, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია. მას ხელი მოაწერა თქვენმა პარტიამ“, – განაცხადა კობახიძემ.
8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ომი 8 აგვისტოს დაიწყო, როდესაც რუსეთის ჯარი შემოვიდა, თუმცა წინა დღით, 7 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალი დაბომბა და ცეცხლი გახსნა.