სომხეთის ოპოზიცია ხელისუფლებას ახალი კონსტიტუციის აზერბაიჯანის მოთხოვნებზე მორგებაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო რაოდენობის მანდატები არ აქვს, სომხეთის მმართველმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ დაადასტურა, რომ ახალ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის დეკლარაცია ნახსენები აღარ იქნება – ეს აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის წინაპირობად არის დასახელებული. ოპოზიცია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ბაქოს კარნახით სომხეთის მთავარი დოკუმენტის გადაწერაში ადანაშაულებს.

სომხეთის მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობა, რომელიც, თავის მხრივ, „ეფუძნებოდა“ საბჭოთა სომხეთის უმაღლესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის „გაერთიანების“ შესახებ. აზერბაიჯანმა არაერთხელ მოითხოვა კონსტიტუციიდან ამ ჩანაწერის ამოღება და განაცხადა, რომ მანამდე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შეუძლებელი იქნებოდა.

„სამოქალაქო შეთანხმებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო რეფერენდუმის ინიცირებისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არ აქვს.

12 აგვისტოს სხდომაზე „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა არუსიაკ ჯულჰაკიანმა, რომელიც ასევე საკონსტიტუციო საბჭოს წევრია, დაადასტურა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციას კონსტიტუციიდან ამოიღებენ. 

მას არ დაუზუსტებია, უკვე განიხილა თუ არა ან კენჭი უყარა თუ არა ამ საკითხს საბჭომ, რომელიც ფაშინიანმა 2025 წელს ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებლად შექმნა. საბჭოს სხვა წევრებმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ პროექტის ტექსტი ჯერ არ უნახავთ. მთავრობა აცხადებს, რომ კონსტიტუციის სრული ტექსტის გამოქვეყნება წლის ბოლომდე იგეგმება.

„სომხეთის ალიანსის“ დეპუტატმა, ოპოზიციონერმა კრისტინე ვარდანიანმა ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთელი პროცესი ალიევის ინტერესებზე მორგებული კონსტიტუციის შექმნას ემსახურება.

„ფაშინიანი ყველა წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდა კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგებაში, ახლა კი მან თავად დაიწყო კონსტიტუციის ალიევის გემოვნებაზე მორგება და სურს, რომ თქვენ მის თანამზრახველებად გაქციოთ“, – მიმართა ვარდანიანმა უმრავლესობის დეპუტატებს.

„სომხეთის ალიანსის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ანა გრიგორიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო შეთანხმებას“ ამ ცვლილების გასატარებლად მანდატების საჭირო რაოდენობა არ აქვს.

„სამოქალაქო შეთანხმებას“ პარლამენტში მხოლოდ 64 მანდატი აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე გასატანად კი პარლამენტში ორი მესამედის, ანუ 70 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. გრიგორიანის განცხადებით, ივნისის არჩევნებზე ამომრჩეველს მხარი არ დაუჭერია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. 

ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა ნარეკ კარაპეტიანმა კი ფაშინიანის პარტიის ინიციატივა პირდაპირ შეადარა ქვეყნის დაბადების მოწმობის დაწვას.

კრიტიკისა და შესაბამისი მანდატის არქონის საპასუხოდ, „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა ედუარდ აღაჯანიანმა გუნდის პოზიცია დაიცვა. მისი თქმით, პარტიის ღია წინასაარჩევნო პოზიცია „ყარაბაღის მოძრაობის“ დასრულების შესახებ და შემდგომ არჩევნებში გამარჯვება ნათლად ადასტურებს, რომ ხალხი ამ ცვლილებას მხარს უჭერს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.