დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი სასმელი წყლის მოთხოვნის გამო სამარტოო საკანში მოათავსეს

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებული ჟურნალისტი, OC Media-ს კონტრიბუტორი ალი ზეინალი და პოლიტიკოსი რუსლან იზეთლი უმბაქის მკაცრი რეჟიმის ციხეში სასმელი წყლის მოთხოვნის გამო სამარტოო საკანში მოათავსეს.

იზეთლის ცოლმა გუნელ მანაფლიმ ალი ზეინალზე დაყრდნობით თქვა, რომ ორივე მათგანი სამარტოო საკანში ოთხშაბათს, 19 აგვისტოს მოათავსეს.

ორივე მათგანი დამოუკიდებელი მედია Toplum TV-ის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. ივლისში იზეთლის ფულის კონტრაბანდის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ზეინალს კი – 14 წლით. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

გუნელ მანაფლიმ OC Media-ს უთხრა, რომ ცხელ ზაფხულის დღეებში დაწესებულებაში სასმელი წყლის დეფიციტია.

„იზეთლი იქ 1 აგვისტოს გადაიყვანეს. გადაყვანის შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ვსაუბრობდით, სასმელი წყლის პრობლემას ახსენებდა: წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით იყო ხელმისაწვდომი, ზოგჯერ კი საერთოდ არ იყო. მოკლედ, მუდმივად ჩიოდა“.

მისი თქმით, იზეთლიმ არაერთხელ მიმართა ციხის ადმინისტრაციას პრობლემის მოსაგვარებლად.

„როდესაც ხარვეზებს გამოასწორებდნენ, სიტუაცია ერთი-ორი დღით უმჯობესდებოდა, მაგრამ შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა ისევ მეორდებოდა“, – ამბობს მანაფლი.

მოგვიანებით მანაფლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ იზეთლი სამარტოო საკანში შვიდი დღით მოათავსეს.

„ამასთან, ის საერთოდ არაფერს ჭამს. მას ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სპეციალური დიეტა სჭირდება, თუმცა იქ ასეთი საკვების მიღება შეუძლებელია. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში მშიერი იქნება. სიგარეტსაც კი არ აძლევენ“, – განაცხადა მან.

მანაფლის თქმით, ზეინალიც შვიდი დღით მოათავსეს სამარტოო საკანში.

აზერბაიჯანის ციხეებში განათებისა და სასმელი წყლის პრობლემებზე ასევე საუბრობდნენ დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თოფიგ იაგუბლუ და ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის (PFP) დაკავებული თავმჯდომარე ალი ქერიმლი.

ივლისის ბოლოს იაგუბლუს ქალიშვილმა ნიგარ ჰაზიმ განაცხადა, რომ №17 ციხეში ერთი კვირის განმავლობაში არც ელექტროენერგია და არც წყალი არ იყო ხელმისაწვდომი.

„ამ დაწესებულებაში თითქმის საერთოდ არ არის ელექტროენერგია – დენი დღეში მხოლოდ ერთი ან ორი საათით მოდის. წარმოიდგინეთ ზაფხულის მცხუნვარე სიცხე ელექტროენერგიის გარეშე: მაცივრები არ მუშაობს, პატიმრებს კი არც გრილი წყალი აქვთ და არც დაბანის საშუალება“, – დაწერა ჰაზიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, „საკვები აუცილებლად ფუჭდება და მისი გადაყრა ხდება საჭირო“.

„თითქოს ელექტროენერგიის არარსებობა საკმარისი არ იყოს, გამდინარე წყალიც არ არის. ხვდები, რომ აქ ადამიანებს ზუსტად ისე ამყოფებენ, როგორც საკონცენტრაციო ბანაკებში“, – განაცხადა მან.

აგვისტოს დასაწყისში „სახალხო ფრონტის პარტიამ“ დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (DTX) საგამოძიებო იზოლატორის გუშაგებმა ქარიმლის ოჯახს არ მისცეს უფლება, მისთვის სასმელი წყალი გადაეცათ.

პარტიის განცხადებით, 6 აგვისტოს ქერიმლიმ სასამართლო სხდომის დროს ძლიერი გაუწყლოების გამო გონება დაკარგა.

„მის საკანში ონკანის წყალი დასალევად უვარგისია. გარდა ამისა, მის საკანში ელექტროენერგიაც გათიშულია“, – ნათქვამია სახალხო ფრონტის პარტიის განცხადებაში.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.