აზერბაიჯანის მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფი ბელგიას კოლონიალისტური პრაქტიკისთვის რეპარაციების გადახდისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

აზერბაიჯანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ანტიკოლონიალისტურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა“ (BIG) ბელგიას მოუწოდა, გადაიხადოს რეპარაციები იმ დანაშაულებისა და სხვა უსამართლობებისთვის, რომლებიც ქვეყნის კოლონიურ პერიოდში იქნა ჩადენილი.

BIG-ის დირექტორმა აბას აბასოვმა დღეს, 21 აგვისტოს, ბელგიური კოლონიალიზმისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ „რეპარაციები მხოლოდ იმ პერიოდში განცდილი ტანჯვის ფინანსური კომპენსაციით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“.

მანამდე „ბაქოს ინიციატივის ჯგუფი“ მუშაობდა კოლონიალიზმის უარყოფითი ზეგავლენის დეტალურად აღწერასა და უმცირესობათა უფლებების დაცვაზე. თუმცა, ის თითქმის ექსკლუზიურად სომხეთის მოკავშირეებზე, კერძოდ საფრანგეთზე, ასევე ბელგიაზე, ნიდერლანდებსა და ინდოეთზე იყო კონცენტრირებული. ჯგუფის საქმიანობას ჯერ არ მოუცავს სამხრეთ კავკასიასთან უფრო ახლოს მყოფი ქვეყნების, კერძოდ თურქეთისა და რუსეთის, კოლონიური და ნეოკოლონიალისტური მემკვიდრეობა.

ბაქოში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით „ბელგიური კოლონიალიზმის უსამართლობა და რეპარაციებისთვის ბრძოლის 101 წელი“, მონაწილეობდნენ ბელგიის ყოფილი კოლონიების – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ბურუნდისა და რუანდის ოფიციალური პირები, ასევე მაროკოსა და სამხრეთ აფრიკის სხვა წარმომადგენლები.

ბელგიის სასტიკმა კოლონიურმა მმართველობამ აფრიკაში, XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის დასაწყისამდე, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს სახელით იყო ცნობილი.

მიუხედავად ბელგიური კოლონიალიზმის უდავოდ სასტიკი ხასიათისა, გავრცელებული მოსაზრებით, აზერბაიჯანის კრიტიკა ბელგიის მიმართ ძირითადად განპირობებულია ბრიუსელის მიერ სომხეთის მხარდაჭერითა და ამით გამოწვეული უკმაყოფილებით და არა ისტორიული დანაშაულებისთვის სამართლიანობის აღდგენის გულწრფელი სურვილით.

აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური რესურსები დახარჯა სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების წინააღმდეგ ლობირებისთვის. ბაქო ამტკიცებს, რომ ეს გენოციდი არ ყოფილა. 

2026 წლის დასაწყისში ბელგიის პარლამენტმა მრავალპუნქტიანი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აზერბაიჯანს მოუწოდა, უკან დაეხია „სომხეთის ოკუპირებული სასაზღვრო ტერიტორიებიდან, რომელთა ფართობი 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტია“. რეზოლუციით ასევე მოთხოვნილია, რომ აზერბაიჯანში დაპატიმრებულ სომეხ ტყვეებს გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესებზე წვდომა ჰქონდეთ, როგორც „კეთილი ნების ჟესტი“.

აზერბაიჯანმა რეზოლუცია დაგმო და საპასუხოდ ბელგიის ელჩი საგარეო საქმეთა უწყებაში დაიბარა, ასევე, შეწყვიტა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა. 

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ