ინგუშეთის საზაფხულო ბანაკში ბავშვებს უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის კამუფლაჟის ბადეების ქსოვა დაავალეს

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

ინგუშეთის „ახალგაზრდა პატრიოტის“ საზაფხულო ბანაკში ბავშვები აიძულეს, მოაექსოვათ კამუფლაჟის ბადეები რუსეთის იმ სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან. ღონისძიება „სახალხო ფრონტის“ რეგიონული ფილიალის მიერ იყო ორგანიზებული – ეს არის პროსამთავრობო მოძრაობა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2011 წელს დააარსა.

„სახალხო ფრონტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვებს თავდაპირველად აჩვენეს, თუ როგორ უნდა მოექსოვათ ბადეები, შემდეგ კი მათ თავად დაამზადეს ისინი. ბადეები რუს სამხედროებს გაეგზავნებათ. ბავშვებმა რუს სამხედროებს მხარდამჭერი წერილებიც მისწერეს. „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციამ 2026 წლის დასაწყისიდან ფრონტზე 57 კამუფლაჟის ბადე შეაგროვა და გაგზავნა.

ორგანიზატორებმა ბავშვებს ეს აქტივობა წარმოუდგინეს, როგორც შესაძლებლობა, „თავიანთი წვლილი შეიტანონ“ სამხედროების მხარდაჭერაში.

ბანაკი „ახალგაზრდა პატრიოტი“ ინგუშეთში ფუნქციონირებს, როგორც სამხედრო-პატრიოტული აღზრდისა და სამხედრო სამსახურისთვის მომზადების ცენტრი. მისი პროგრამა მოიცავს სამხედრო და სპორტულ მომზადებას, ასევე შეხვედრებს მოქმედ და ყოფილ სამხედროებთან.

ფრონტისთვის კამუფლაჟის ბადეების ქსოვა ბოლო წლებში რუსი სკოლის მოსწავლეებისა და საზაფხულო ბანაკებში მყოფი ბავშვების ომის მხარდასაჭერად ჩართვის ერთ-ერთ გავრცელებულ საშუალებად იქცა.

2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის სკოლებში რუსი სამხედროებისთვის სანგრის სანთლების დამზადება და კამუფლაჟის ბადეების ქსოვა შრომის გაკვეთილებში უნდა ჩაერთოთ, რომლებიც სავალდებულო სასკოლო სასწავლო პროგრამის ნაწილია.

2025 წელს კამუფლაჟის ბადეებს დაღესტანში, სოფელ ტერეკლი-მეკთებში მდებარე „ნოღაი ელის“ საბავშვო ბაღის თანამშრომლებიც ქსოვდნენ.

მსგავსი აქტივობები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ფარგლებს გარეთაც ჩატარდა. სტავროპოლის მხარეში სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელს თავად დაამზადეს კამუფლაჟის ბადეები და შემდეგ ისინი რუს სამხედროებს გადასცეს.

ჩეჩნეთში ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2025 წელს რუს სამხედროებს სანგრის სანთლები და კამუფლაჟის ბადეები გადასცეს.

რუსეთის სასკოლო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებას.

2022 წლის სექტემბრიდან რუსეთის ყველა სკოლაში ყოველკვირეულად ტარდება გაკვეთილები სახელწოდებით „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“. განათლების სამინისტრო მათ ოფიციალურად სკოლების აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მუშაობის ნაწილად აღწერს. გაკვეთილებზე განიხილავენ სახელმწიფო დღესასწაულებს, რუსეთის ისტორიას, ტრადიციულ ღირებულებებსა და სხვა თემებს.

ამასთანავე, სკოლებში ფართოდ გავრცელდა ეროვნული დროშის აღმართვა და ეროვნული ჰიმნის შესრულება, „სიმამაცის გაკვეთილები“, სამხედრო მიმართულების აქტივობები და ახალგაზრდული ორგანიზაცია „იუნარმია“ („ახალგაზრდა არმია“). ჩრდილოეთ კავკასიაში ბავშვები სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ სამხედროებისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებში, ეუფლებიან იარაღის გამოყენებას და გადიან მომზადებას, რომელიც მომავალ სამხედრო სამსახურს უკავშირდება.

ჩეჩნეთში სამხედრო-პატრიოტულმა აღზრდამ განსაკუთრებით მკვეთრი ფორმები მიიღო. ბავშვებს ადრეული ასაკიდან აცმევენ სამხედრო ფორმებს, ასწავლიან მწყობრში სიარულს და რთავენ გამარჯვების დღისადმი და სხვა სამხედრო ხსოვნის თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. რესპუბლიკაში ასევე შეიქმნა სპეციალური კლასები და სამხედრო-პატრიოტული პროგრამები.

2024 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ექვსივე რესპუბლიკამ: ჩეჩნეთმა, დაღესტანმა, ინგუშეთმა, ყაბარდო-ბალყარეთმა, ყარაჩაი-ჩერქეზეთმა და ჩრდილოეთ ოსეთმა მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მომღერალ SHAMAN-ის სიმღერა „მე რუსი ვარ“ (Я русский) სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამებში უნდა შეეტანათ. 2024 წლის 23 თებერვლიდან ამ რეგიონების მოსწავლეებს მოუწოდებდნენ, სასკოლო დღე ამ სიმღერის მოსმენით დაეწყოთ.

2025 წელს SHAMAN-ის მუსიკა სასკოლო გაკვეთილებში კლასიკურ მუსიკასთან ერთად შეიტანეს. მოსწავლეები ახლა მუსიკის გაკვეთილებზე სიმღერას „მე რუსი ვარ“ სწავლობენ და მას გაკვეთილების დროს გუნდურადაც ასრულებენ.

სამხედრო კომპონენტი ჩვეულებრივ სასკოლო გაკვეთილებსაც სცდება. დაღესტანში არსებობს სამხედრო-პატრიოტული აღზრდის რეგიონული ცენტრი „ავანგარდი“, სადაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო ბანაკებს გადიან. ცენტრი სულ მცირე 2020 წლიდან არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო-პატრიოტული მომზადების ზოგიერთი ფორმა სრულმასშტაბიან შეჭრამდეც იყო დანერგილი.

ინგუშეთში მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონული პოლიტიკის ცალკე მიმართულებადაც იქცა. 2024 წელს ხელისუფლებამ სულამბეკ ოსკანოვის სახელობის ახალგაზრდული ცენტრის შექმნა გამოაცხადა, რომელიც პატრიოტულ აღზრდას უნდა ემსახურებოდეს. ცენტრი ეროვნული პროექტის „განათლების“ ფარგლებში 2025 წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო. იმ დროს იგი იურიდიულ პირად იყო რეგისტრირებული, თუმცა მისი საქმიანობის შესახებ ინტერნეტში სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება.

ინგუშეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წელს რესპუბლიკის სკოლებში შეიქმნა 97 საზოგადოებრივი სივრცე და მუზეუმი, რომლებიც სრულმასშტაბიან შეჭრაში მონაწილე სამხედროებს ეძღვნება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ინგუშეთიდან სხვადასხვა სამხედრო ფორმირებაში მომსახურე სულ მცირე 252 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია.

ინგუშეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ სლასტენინის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებებში 2000-ზე მეტი ინგუში მონაწილეობს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.