4 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიზანიც მსოფლიო რუკებზე ქვეყნებისა და კონტინენტების უფრო ზუსტი ზომების წარმოჩენაა.
რეზოლუცია 164 ხმით მიიღეს. ერთადერთი მოწინააღმდეგე აშშ იყო, საქართველო კი იმ ექვს ქვეყანას შორისაა, რომელმაც კენჭისყრაზე თავი შეიკავა. ეს ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სერბეთი, ლიეტუვა და ესტონეთი.
ინიციატივას ტოგო ხელმძღვანელობდა, მას კი აფრიკის კავშირი უჭერდა მხარს. კამპანიის მთავარი მიზანი ე.წ. მერკატორის პროექციის ჩანაცვლებაა ისეთი რუკებით, რომლებიც დედამიწის რეგიონების რეალურ ფართობებს უფრო ზუსტად ასახავს.
რატომ გახდა მერკატორის რუკა სადავო?
დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება 1569 წელს ფლამანდიელი კარტოგრაფის, ჟერარ მერკატორის მიერ შექმნილი პროექცია. მისი მთავარი უპირატესობა ნავიგაციასთან არის დაკავშირებული – რუკაზე მიმართულებების შენარჩუნება შესაძლებელს ხდის ზღვაში ნავიგაციას.
თუმცა მერკატორის პროექცია დედამიწის ზედაპირს თანაბრად არ ასახავს: რაც უფრო შორს არის ტერიტორია ეკვატორიდან, მით უფრო მეტად იზრდება მისი ვიზუალური ზომა.
ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი გრენლანდიაა. მერკატორის რუკაზე ის აფრიკის ზომასთან შედარებით გაცილებით დიდად ჩანს, მაშინ როცა რეალურად აფრიკა გრენლანდიაზე დაახლოებით 14-ჯერ დიდია.
სწორედ ამ მიზეზით აფრიკის ქვეყნები წლებია საუბრობენ იმაზე, რომ რუკა კონტინენტს რეალურ ზომასთან შედარებით ვიზუალურად ამცირებს და, მათი შეფასებით, ეს გავლენას ახდენს მსოფლიოს შესახებ ადამიანების წარმოდგენებზეც.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ არსებული კარტოგრაფიული დამახინჯება ხელს უწყობს აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ აზიის „სიმბოლურ მინიმიზაციას“ და სამყაროს არათანაბარი სურათის დამკვიდრებას.
რას ითვალისწინებს ახალი რუკა?
რეზოლუცია რეკომენდაციას უწევს, მათ შორის, Equal Earth-ის რუკის გამოყენებას. ის 2018 წელს შეიქმნა და დედამიწის ზედაპირის ფართობებს ისე ასახავს, რომ კონტინენტებს შორის რეალური ზომობრივი თანაფარდობა უკეთ იყოს შენარჩუნებული.
ასეთ რუკაზე აფრიკა გაცილებით მასშტაბურად ჩანს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კი მერკატორის რუკასთან შედარებით ვიზუალურად მცირდება.
თუმცა გაეროს გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ მერკატორის რუკა დღეიდან აკრძალულია. რეზოლუცია არასავალდებულოა და სახელმწიფოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, სადაც შესაბამისია, უფრო ზუსტი პროექციები გამოიყენონ.
გაეროს კენჭისყრამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ქვეყანა მერკატორის პროექციის გამოყენებაზე უარს იტყვის და უფრო ზუსტი, ფართობების რეალურ თანაფარდობასთან შესაბამისი რუკების გამოყენებაზე გადავა. საფრანგეთი ამ მიზნით Eckert IV-ის პროექციას გამოიყენებს, რომელიც Equal Earth-სთან ახლოსაა.
„აშშ, რუსეთი და ჩინეთი ვიზუალურად არაპროპორციულად დიდი მნიშვნელობით წარმოჩნდებიან აფრიკასთან, ლათინურ ამერიკასთან ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან შედარებით“, – განაცხადა ბარომ და დასძინა, რომ „დამახინჯება საბოლოოდ ადამიანების აღქმაში იკიდებს ფეხს“.
აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, მაიკ უოლცმა, განაცხადა, რომ ინიციატივა მხოლოდ რუკის ტექნიკურ განახლებად არ უნდა განვიხილოთ. ვაშინგტონის შეფასებით, რეზოლუცია უფრო ფართო „რადიკალურ იდეოლოგიურ პროექტს“ უკავშირდება, რადგან ტექსტში საუბარია „კოგნიტიურ სამართლიანობაზე“, ისტორიულ მეხსიერებასა და რეპარაციაზე.
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ „Correct the Map“ მხოლოდ კარტოგრაფიული სიზუსტის საკითხი აღარ არის და მასში კოლონიალიზმისა და რეპარაციების უფრო ფართო პოლიტიკური დღის წესრიგია ჩადებული.
მედიის ცნობით, მხარდაჭერისგან თავშეკავების შესახებ უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას „რეზოლუციის პროექტში განხილული ბირთვული საკითხების“ წინააღმდეგობა არ აქვს.
„თუმცა, რასაც ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, არის ტექსტში მითითებული Equal Earth-ის კარტოგრაფიული პროექციის კონკრეტული საკითხი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ პროექციაში უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად არის აღნიშნული, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
რატომ შეიკავა საქართველომ თავი, ოფიციალური განმარტება ამ დროისთვის უცნობია.