„ოცნების“ პროპაგანდისტი შაკო კუჭაშვილი ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილთან „სიტყვიერი კონფლიქტი“ მას და მის მეგობრებს მოუვიდათ „წარსულში დაწერილი კომენტარების გამო“.
თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს დააკავეს. გუშინ, 3 სექტემბერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც მუქარას გულისხმობს და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება რესტორანში და თამაზ ელიზბარაშვილის ვიდეო, მომხდარის შესახებ.
31 აგვისტოს ელიზბარაშვილი ამბობდა, რომ 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში დაახლოებით რვა პირმა გზა გადაუღობა და ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, მათ შორის, ელიზბარაშვილის პროუკრაინული პოზიციის გამო. ელიზბარაშვილი ჰყვებოდა, რომ სიტყვიერ დაპირისპირებას მისი ცოლიც შემოესწრო. მან მასთან დაპირისპირებულ პირებს უთხრა, რომ ცოლის გარეშე დაბრუნდებოდა და მერე გაეგრძელებინათ კამათი, თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი რესტორანში აღარ დახვდნენ.
როგორც ელიზბარაშვილი ამბობს, ხშირად დადიოდა აღნიშულ რესტორანში.
დღეს შაკო კუჭაშვილმა თქვა, რომ ელიზბარაშვილთან „სიტყვიერი კონფლიქტი“ მას და მის მეგობრებს მოუვიდათ. მისი მტკიცებით, ელიზბარაშვილი რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა.
„30 აგვისტოს, რესტორან „სხვაში“, თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა, ვინაიდან ამ ადამიანს წარსულში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი.
ინციდენტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ. შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს – არც გინება, არც შეურაცხყოფა და, მით უფრო, ხელით შეხება არ ყოფილა. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნობის გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა.
თუმცა ელიზბარაშვილი მომენტალურად გახდა აგრესიული და გვითხრა, – „ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო“ და მართლაც, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა“, – წერს კუჭაშვილი.
მისივე თქმით, „სიცრუეა, რომ თამაზ ელიზბარაშვილი მათი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული“.
დღეს, 4 სექტემბერს, პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო – უწყება ირწმუნება, რომ „ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა“.
პროკურატურის თანახმად, ვიდეოში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილს „ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში“ – უწყება ამბობს, რომ ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო და რესტორანში შეჭრას ცდილობდა, თან დაზარალებულების მიმართ მუქარასა და გინებას განაგრძობდა.