წინანდალი N8 - ვარიაციები კლასიკური მუსიკის თემებზე

დავით ბუხრიკიძე

მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, ახალგაზრდა და უკვე აღიარებული პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ახალი თაობის ბრწყინვალე ვენესუელელი დირიჟორი რაფაელ პაიარე, ანიტა რაჭველიშვილი კარმენის მორიგი დრამატული და ვოკალური მღელვარებითმოკლედ, ბევრი გამორჩეული და მნიშვნელოვანი კონცერტით ეგებება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 2026 წელს უკვე მერვედ, 3-დან 13 სექტემბრამდე გაიმართება. პროგრამაშია ოცზე მეტი სახელოვანი, ახალგაზარდა თუ კამერული შემადგენლობის მუსიკოსთა კონცერტი.

ღია ამფითეატრი, რომელიც 2019 წელს, ფესტივალის დაარსების პარალელურად აშენდა, დღემდე საფესტივალო მოვლენების ეპიცენტრია. თუმცა არანაკლები მნიშვნელობისაა შედარებით მცირე, დახურული დარბაზიც, სადაც კამერული კონცერტები იმართება.

ფესტივალის უკვე რვაწლიანი ბიოგრაფიის ნაწილია პანკავკასიური ორკესტრიც, რომელიც ასევე 2019 წელს დაარსდა და ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. რეალურად, პანკავკასიური ორკესტრი მეგობრობისა და თანამშრომლობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, სადაც დღეს უკვე ცხრა ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) ახალგაზრდები უკრავენ. მასტერკლასებს კი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ატარებენ.

წინანდლის მუსიკალური ფესტივალი სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ერთერთ ყველზე ცნობილ მუსიკალურ პლატფორმად იქცა. ყოველწლიურად წინანდალში ცნობილი პროდიუსერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო პრესის წარმომადგენელები და ცხადია, თავად კლასიკური მუსიკის პროფესიონალები იკრიბებიან. კონცერტები გადაიცემა კლასიკური მუსიკის ისეთ გავლენიან და უმსხვილეს სატელევიზიო არხზე, როგორიც არის Medici.tv.

ფესტივალი 3 სექტემბერს გაიხსნა. ამფითეატრში გამართულ საზეიმო კონცერტს ფესტივალის მუსიკალური სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა, ხოლო სოლისტი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი იყო. პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, ბათიაშვილმა პოლონელი კომპოზიტორის, კაროლ შიმანოვსკის სავიოლინო კონცერტი (Violin Concerto No. 1, Op. 35) შეასრულა; მეორე ნაწილში კი პუბლიკამ ნიკოლაი რიმსკიკორსაკოვის ალბათ ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, სიმფონიური სიუიტაშეჰერეზადამოისმინა.

ლიზა ბათიაშვილის ბგერითი ფერების სიმდიდრე ამ არცთუ პოპულარული დართულადმოსასმენი კონცერტის შესრულებისას (განსაკუთრებით ბეთჰოვენის, მენდელსონის, ან ბრამისის ცნობილი სავიოლინო კონცერტების ფონზე),  საოცარი დინამიზით იცვლებათითქმის ცივი და ვერცხლისფერი ჟღერადობიდან თბილ, ქარვისფერ ტონალობამდე. მუსიკოსი არ აჩქარებს ფრაზებს და განსაკუთრებულ ეფექტს აღწევს ხანგრძლივი ნოტების შესრულებისას, როდესაც ვიბრატოს გამოყენებას ლამის ბოლომდე აყოვნებს, რითაც მსმენელში ერთგვარ მისტიკურ მოლოდინსა და მუსიკალური სასპენსის (დაძაბულობის) შეგრძნებას ქმნის.

საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნების ფონზე ერთერთი გამორჩეული დღეა 9 სექტემბერი, როდესაც  შესრულდება გუსტავ მალერის მონუმენტური მეორე სიმფონია (“აღდგომა”), რომელსაც უდირიჟორებს მსოფლიოში აღიარებული ვენესუელელი მუსიკოსი, რაფაელ პაიარე (Rafael Payare). მონაწილეობენ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და სოლისტებიჩენ რეისი (ისრაელელი სოპრანო, რომელიც ცნობილია თავისიკაშკაშა ტემბრით და ხმითდა რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ როგორც რიჰარდ შტრაუსის ნაწარმოებების ერთერთ საუკეთესო შემსრულებელს) და გერმანელი მეცოსოპრანო ოკა ფონ დერ დამერაუ, რომელიც ახალი თაობის ერთერთ წამყვან სოლისტად ითვლება ევროპულ საოპერო სცენებზე.

რაფაელ პაიარე თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ქარიზმატული და გამორჩეული დირიჟორია, რომლის შესრულების სტილიც გამოირჩევა ღრმა ემოციურობითა და ამვდროულად, რაციონალიზმთან შერწყმული სიზუსტით. პაიარე ცნობილი მუსიკალური საგანმანათლებლო პროგრამის, „ელ სისტემას“ (El Sistema)  ერთერთი ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულია.

2012 წელს გაიმარჯვა ნიკოლაი მალკოს სახელობის პრესტიჟულ სადირიჟორო კონკურსში, ამჟამად კი რეგულარულად მართავს კონცერტებს ვენის, ბერლინის და ლონდონის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრებთან. რაფაელ პაიარე ასევე არის მონრეალის სიმფონიური ორკესტრისა (Orchestre Symphonique de Montréal) და სანდიეგოს სიმფონიური ორკესტრის (San Diego Symphony) სამხატვრო ხელმძღვანელი.

წლევანდელი პროგრამის მნიშვნელოვანი მოვლენა ჟორჟ ბიზესკარმენსუკავშირდება, რომელიც წარმოდგენილი იქნება არა ტრადიციული საოპერო ან საკონცერტო სახით, არამედკარმენის ტრაგედიის“ (La Tragédie de Carmen) სახელით, რომელიც პიტერ ბრუკის 1981 წლის ლეგენდარული და შემოკლებული დადგმის გაცოცხლების მცდელობაა. დიმიტრი კრიმოვის მულტიმედიური რეჟისურა და ამ დადგმაში საოპერო ვარსკვლავის, ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობა, ცხადია დიდ ინტერესს იწვევს.

ორიგინალური ოთხმოქმედებიანი გრანდიოზული ოპერის ნაცვლად, მაყურებელი ნახავს დაახლოებით 80-წუთიან, ინტენსიურ და ერთმოქმედებიან მუსიკალურ დრამას. მუსიკალური პარტიტურა გათავისუფლებულია მასშტაბური გუნდებისა და მეორეხარისხოვანი სიუჟეტური ხაზებისგან. აქცენტი გადატანილია ოთხ მთავარ გმირზე (კარმენი, დონ ხოზე, ესკამილიო, მიქაელა).

კრიმოვის დადგმაში გამოიყენებულია პიტერ ვოზნესენსკის თანამედროვე ვიდეოდიზაინი და ეუგენიუს საბალიაუსკასის განათება. ამგვარი ინოვაცია წინანდლის ამფითეატრის ღია სივრცეს თანამედროვე, კინემატოგრაფიულ და ვიზუალურად შთამბეჭდავ გარემოდ გადააქცევს.

ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი გიორგი გიგაშვილი წინანდალში სოლო კონცერტს გამართავს. პროგრამაშია სკარლატის სონატები, შოპენის ბალადა N4, ლილი ბულანჟესსამი პიესა ფორტეპიანოსათვისდა ნატალია ბერიძის პიესაწმინდა ატომები“. კონცერტი 6 სექტემბერს გაიმართება. მუსიკოსმა ახლახან დაასრულა დიდი საკონცერტო ტურნე ევროპაში, სადაც ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.