ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრები ამერიკელ და ევროპელ წარმომადგენლებთან დასრულდა. შეხვედრების შემდეგ მხარეებმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მოლაპარაკებების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აშშ-ის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგამ, სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულების საკითხზე „მნიშვნელოვანი“ მოლაპარაკებები გამართეს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი და მნიშვნელოვანი დისკუსია. ეს ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია და მზად ვართ, ეს პროცესი იმდენ ხანს გავაგრძელოთ, რამდენიც საჭირო იქნება“ – განაცხადა უიტკოფმა მოლაპარაკებების შემდეგ.
„იმედი მაქვს, ამ ვიზიტმა წინსვლის რამდენიმე ახალი გზა გამოკვეთა. ვფიქრობ, ამ ვიზიტის შედეგად ბევრი რამ ვისწავლეთ“, – განაცხადა კუშნერმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
ამერიკელ და ევროპელ წარმომადგენლებთან შეხვედრების დეტალების შესახებ ვრცლად ბრიფინგზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინული მედია kyivpost წერს, რომ მან დღის განმავლობაში გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან შინაარსიანი“ უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები შეეხებოდა ყოვლისმომცველი „ზამთრის პაკეტის“ მომზადებას, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ენერგეტიკული ქსელის დაცვასა და ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) წვდომას, ასევე ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალურ განახლებას. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ტერიტორიული საკითხები ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს.
„ჩვენ საკმარისი ყურადღება დავუთმეთ დღეს ზამთრის პერიოდს, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც რეალურად შეიძლება წარმოიშვას…თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს „ზამთრის პაკეტის“. ამის შესახებ დღეს აბსოლუტურად დეტალურად ვესაუბრე სტივს, ჯარედს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის, ენერგეტიკული მხარდაჭერისა და ამერიკული LNG-ის სერიოზული მოცულობისა და მისი გამოყენების შესაძლებლობების”.
„ჩვენი არმია ძლიერი უნდა იყოს და ეს არის ჩვენი მთავარი უსაფრთხოების გარანტია. ამ ყველაფრისთვის რესურსებია საჭირო. გარანტიები უკრაინისთვის ძლიერი და მკაფიო უნდა იყოს” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, საომარი საჭიროებების მიღმა მან გრძელვადიანი სტაბილურობის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებზე, არამედ უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო ეკონომიკურ გარანტიებზეც“ – თქვა მან.
უკრაინა, აშშ და ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდებიან, რათა სამართლიანი მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებები გააგრძელონ. ზელენსკის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება შემდეგი შეხვედრა, თუმცა მისივე განცხადებით, ისინი „ნებისმიერი შესაძლებლობისთვის ღია არიან“.
ამერიკის წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა საკუთარ ტელეგრამის არხზე დაწერა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრამდე განმარტა, რომ მოლაპარაკებები ეტაპობრივად წარიმართებოდა. პირველ ეტაპზე ცალკე გაიმართებოდა ორმხრივი შეხვედრა უკრაინის ხელმძღვანელობასა და აშშ-ის დელეგაციას შორის. ამის შემდეგ კი შემდგომი შეხვედრა ევროპელ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან.
უიტკოფისა და კუშნერისთვის ეს პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ამერიკული დელეგაცია უკრაინის დედაქალაქში სახმელეთო გზით, მატარებლით ჩავიდა. უკრაინული მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ განხორციელებულმა დრონებითა და რაკეტებით დარტყმებმა უკრაინის მოქმედ აეროდრომებზე თვითმფრინავით ჩაფრენის თავდაპირველი გეგმა ჩაშალა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ წარმომადგენლებს მათი ვიზიტის პერიოდში უსაფრთხოების გარანტია მისცა და განაცხადა, რომ რუსეთი სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმებს არ განახორციელებდა.
მატარებლის სადგურზე აშშ-ს დელეგაციას უკრაინის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დახვდნენ, მათ შორის, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი პირველი მოადგილე სერჰი კისლიცია, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.
მაქამდე, 5 სექტემბერს ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებოდნენ. ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.
პუტინის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა გამართულ შეხვედრას შინაარსიანი და ნდობით აღსავსე უწოდა.