ირაკლი კობახიძემ „ჩორტაობა“ უწოდა კითხვას მისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძით შესაძლო ჩანაცვლების შესახებ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა კითხვა მას თავდაპირველად შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშიებით დაუსვა და ჰკითხა, უნდა ველოდოთ თუ არა მის გადადგომასაც მამუკა მდინარაძის შემდეგ.
კობახიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე მას „ყოველ სამ თვეში ერთხელ ეკითხებიან“.
„3 თვეში ერთხელ ისმევა ხოლმე ეს კითხვა. ერთ რამეს ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“, – თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომ გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტი ზურაბ პატარიძემ დაიკავოს, კობახიძემ თქვა:
„ეს არის მარტივი „ჩორტაობა“, რა თქმა უნდა, შედეგს …“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 5-წლიან სასჯელს იხდის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, 2026 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ციხიდან რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა. ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მასზე ზეწოლა გრძელდება.
ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ ლიდერი თავს პოლიტიკურ ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევს და ფიქორბს, რომ მისი ხუთწლიანი პატიმრობა გამოწვეულია არა რეალური დანაშაულით, არამედ „გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის“ მიერ შექმნილი ეჭვებით, შიშებითა და შურით. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ მასსა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
თავის პირველ წერილებში ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისგან კორუფციული ბრალის აღიარებას ითხოვენ. მისი თქმით, მას მამუკა მდინარაძემ შეუგზავნა წერილი შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც „უნდა ეღიარებინა მისთვის უცნობი კორუფციული ბრალი“. სანაცვლოდ მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორებოდა.
რამდენიმე დღეში, 24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრი უნდა გამხდარიყო და აქტიურად დადიოდა რეგიონებში, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.