დამსაქმებლებისთვის საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება. პარლამენტში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ცვლილებათა პაკეტი წარადგინეს, რომელიც 5 კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 მაისიდან გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით დამსაქმებლები ჯარიმისგან გათავისუფლდებიან, იმ პირობით, რომ სრულად შეასრულებენ საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული შესაბამისი თანხის გადახდის ვალდებულებას 2026 წლის ბოლომდე.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი ვალდებულება 4,673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი. მათი განსახორციელებელი საპენსიო შენატანებისა და შესაბამისი თანხების საერთო მოცულობა 23.56 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ან გადასახდელი ჯარიმების ჯამური ოდენობა 13.44 მილიონი ლარია.
დოკუმენტის თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელების პროცესის კომპლექსურობის გამო, დამსაქმებლებისთვის სირთულეს წარმოადგენს საპენსიო შენატანისა და მასთან დაკავშირებული თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა. არის შემთხვევები, როდესაც მცირე შეუსაბამობის გამო საპენსიო შენატანი სრულად არ ხორციელდება, რასაც დამსაქმებლის დაჯარიმება მოჰყვება.
„ამასთან, საპენსიო შენატანის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესის კომპლექსურობის გათვალისწინებით, გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც პენსიის ან საპენსიო აქტივების გარკვეული ოდენობის ზედმეტად გაცემის ფაქტები დგინდება. კანონპროექტი ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებულ წესებსაც არეგულირებს“, – წერია განმარტებით ბარათში.
განმარტებითი ბარათის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმების ოდენობა აღემატება განსახორციელებელი საპენსიო შენატანების მოცულობას.
ცვლილებებით ასევე იცვლება საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების მექანიზმი. დამსაქმებელს კვლავ დაეკისრება ჯარიმა, თუმცა ახალი წესით მას მიეცემა საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეძლებს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებას. კერძოდ, ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ დამსაქმებელი სრულად გადაიხდის განუხორციელებელ საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ შესაბამის თანხას, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
ამასთან, წარდგენილი ცვლილებით ჯარიმა მცირდება და 300 ლარით განისაზღვრება ორივე ჯერზე. ჯარიმის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული შესაბამისი თანხის გადახდის ვალდებულებისგან.
კანონპროექტით ასევე იცვლება ტერმინოლოგია და „საურავის“ ნაცვლად შემოდის „მიუღებელი სარგებლის“ ცნება. ეს არის თანხა, რომელიც დამსაქმებელმა დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის დაგვიანებით ან არასრულად განხორციელების გამო, თავად საპენსიო შენატანთან ერთად უნდა გადაიხადოს. აღნიშნული თანხა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება.
ცვლილებები ითვალისწინებს საპენსიო ფონდში დამოუკიდებელი დავების განხილვის სამსახურის შექმნას, რომელიც საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საჩივრებს განიხილავს, მათ შორის, ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრების საკითხებზე. კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ეს „სასამართლო სისტემის გარკვეულწილად განტვირთვის ღონისძიებას წარმოადგენს, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს რესურსების ოპტიმიზაციას”. აღნიშნული სამსახური საპენსიო ფონდში არსებული პრეტენზიების განხილვის მექანიზმს ჩაანაცვლებს.
როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, დავების განხილვის სამსახურს ეძლევა უფლებამოსილება, დაჯარიმების შემთხვევაში, დამსაქმებელს ჯარიმა პირდაპირ კი არ გადაახდევინოს, არამედ 18 თვეზე გადაანაწილოს.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიანი: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ილია ინჯია, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა და ლევან მაჭავარიანი.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლიდან მოქმედებს. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე თანხას ყოველთვიურად რიცხავენ დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო. დასაქმებულისა და დამსაქმებლის შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2%-ს შეადგენს, სახელმწიფოს თანამონაწილეობა კი შემოსავლის ოდენობაზეა დამოკიდებული. საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა ინვესტირდება და მოქალაქეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო შემოსავლის სახით უბრუნდება.
საპენსიო ფონდის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქედან, 7 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.