გიორგი გახარია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მმართველი პარტია მოითხოვს, აიკრძალოს პარტია „გახარია-საქართველოსთვის“.
გახარიამ X-ზე დაწერა, რომ „მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, მისმა პარტიამ მონაწილეობა მიიღო ყველა არჩევნებში, რაც პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მიაჩნიათ“.
„ჩვენი პარტია რჩება ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობს.
ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიციის აკრძალვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, ივანიშვილის რეჟიმმა ვერ აიტანა პარლამენტში თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობა, რადგან კრიტიკულ ხმას ვერაფერს უპირისპირებენ.
ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად.
აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ – გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაცავად“, – დაწერა გახარიამ.
ბრიფინგი ჩაატარა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამაც და „ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიის აკრძალვის მოთხოვნა მის პოლიტიკურ საქმიანობას ვერ შეაჩერებს“.
სიჭინავას თქმით, გააგრძელებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას პარლამენტში, საკრებულოებსა და სხვა პოლიტიკურ პლატფორმებზე.
პარტიაში ასევე თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს მათი მხარდამჭერების პოლიტიკური ხმის გაქრობას და ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოშორებას ქართველი ხალხი მშვიდობიანი მეთოდებით უზრუნველყოფს“.
„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის”, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
„ოცნებამ“ პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს წარადგინა, შემდეგ კი – მიმდინარე წლის აპრილში „სიას პარტია „ფედერალისტები” დაემატა.
სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება – „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვის მაქსიმალური ვადა 9 თვეა. ეს პერიოდი აითვლება სასამართლოში სარჩელის ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.