აზერბაიჯანში რელიგიური შუღლის გაღვივების ბრალდებით ათეისტი ტიკტოკერი და მასზე თავდამსხმელი დააკავეს

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ათეისტი ტიკტოკერი მაქსად ბაგიროვი, მეტსახელად „ჩევიკი“, დააკავა. ასევე დააკავა კაცი, რომელმაც მას რელიგიური შეხედულებების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანს რელიგიური შუღლის გაღვივებას ედავებიან.

როგორც ბაგიროვს, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ისე მის თავდამსხმელს, კამრან ბილალოვს, რელიგიური ან ეთნიკური შუღლისა და მტრობის გაღვივება ედება ბრალად. ბილალოვს ასევე წარდგენილი აქვს ბრალი მუხლით, რომელიც შუღლის გაღვივების მიზნით ძალადობის გამოყენებას ეხება.

ბაგიროვი TikTok-ზე „ჩევიკის“ სახელით არის ცნობილი და პლატფორმაზე დაახლოებით 90 000 გამომწერი ჰყავს. ის ასევე ყარაბაღის მეორე ომის ვეტერანია. ბაგიროვმა საზოგადოებრივი ყურადღება იმ ვიდეოებით მიიპყრო, რომლებშიც ის ისლამს, მუსლიმებისთვის წმინდად მიჩნეულ პირებსა და ისლამურ რელიგიურ სწავლებებს აკრიტიკებს.

ორივე მათგანი 14 სექტემბერს დააკავეს.

ბრალდების თანახმად, ბილალოვს ბაგიროვის მიმართ ძალადობა ედება ბრალად მისი რელიგიური შეხედულებების გამო, რომლებსაც ბაგიროვი, გამოძიების ინფორმაციით, საჯაროდ, მათ შორის მედიაში გავრცელებული ვიდეოების საშუალებით გამოხატავდა.

გამოძიების ვერსიით, ბილალოვმა ბაგიროვის წინააღმდეგ განზრახ გამოიყენა ძალადობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რის შედეგადაც მას სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანებები მიაყენა და ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც რელიგიური შუღლის გაღვივებისკენ იყო მიმართული.

თავდასხმის შემდეგ დააკავეს ბაგიროვიც, რომელსაც TikTok-ზე თითქმის 90 000 გამომწერი ჰყავს. მას რელიგიური შუღლის გაღვივება ედება ბრალად იმ ვიდეოების გავრცელების გამო, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, შეიცავდა განცხადებებს, შეურაცხმყოფელს ადამიანების რელიგიური შეხედულებებისა და სალოცავების მიმართ.

ბაგიროვი TikTok-ზე რელიგიისა და ათეიზმის თემებზე დისკუსიებითა და პირდაპირი ჩართვებით არის ცნობილი. ის სამართალდამცავი უწყებების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვდა. ივლისში მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს მუხლით, რომელიც საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ, საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამომხატველ და უცენზურო ლექსიკის შემცველ ქმედებებს ეხება.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელმა ვიდეომ ან განცხადებების გამო აღიძრა საქმე ბაგიროვის წინააღმდეგ.

სხვა, ერთმანეთთან დაუკავშირებელ საქმეზე, 2 სექტემბერს ბაგიროვს ქალაქ გაბალაში ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც მან რამდენიმე დაზიანება მიიღო.

ბილალოვის მიერ ბაგიროვზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

2024 წლის ბოლოდან აზერბაიჯანში არაერთი ტიკტოკერი და სოციალური მედიის ინფლუენსერი დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფის, ხულიგნობის, მუქარისა და შემოწირულებების უკანონო შეგროვების მუხლებით.

ზოგიერთი მათგანი ტიკტოკერების მასობრივ დაკავებებს ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილად აფასებს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ დაკავებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ზოგად გაძლიერებას ასახავს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.