ალიევმა დაამტკიცა კანონი იძულებითი ფსიქიატრიული ჰოსპიტალიზაციის შესახებ

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს, პირები ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე მათი თანხმობის გარეშე გადაამისამართოს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, მთავრობის ოპონენტები „იძულებით მოათავსოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“ და ამ გზით გააჩუმოს ისინი. 

ცვლილებები შევიდა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონში“, რომელსაც ალიევმა 23 ივლისს მოაწერა ხელი.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, პროკურორებს უფლება ენიჭებათ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მყოფი პირები ფსიქიატრიულ შეფასებაზე გაგზავნონ, თუ ფსიქიატრიული დახმარების გაჭიანურება საფრთხეს შეუქმნის ამ პირის ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ადამიანის უფლებათა დამცველმა იალჩინ იმანოვმა OC Media-ს განუცხადა, რომ კანონი უკვე ითვალისწინებს იძულებითი ჰოსპიტალიზაციის მექანიზმს.

მისი განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ფსიქიატრის დასკვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

„კანონის მიხედვით, მაშინაც კი, თუ მძიმე ფსიქიკური აშლილობის ან დაავადების მქონე პირს დანაშაული არ ჩაუდენია, კონკრეტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შესაძლებელია მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება გამოკვლევისა და მკურნალობის მიზნით“, – განაცხადა იმანოვმა.

მისივე თქმით, კანონი ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა პირის მიერ საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის დაუყოვნებელი საფრთხის შექმნა, „ფსიქიკური აშლილობის გამო დამოუკიდებლად ელემენტარული ცხოვრებისეული საჭიროებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა“ და ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი, თუ სამედიცინო დახმარება დროულად არ იქნება გაწეული.

იმანოვის შეფასებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ კანონმდებლობაში მკაფიოდ განსაზღვრული არ არის არც „საფრთხის“ ცნება და არც ფსიქიკური აშლილობის დადგენის კრიტერიუმები.

„კანონმდებლობა ამისთვის კონკრეტულ კრიტერიუმებსა და მაჩვენებლებს არ ადგენს. მასში მხოლოდ ნათქვამია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი უნდა წარმოადგენდეს დაუყოვნებელ საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის. ეს ძალიან ბუნდოვანი ფორმულირებაა. ასეთი გაურკვევლობა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენების ნოყიერ ნიადაგს ქმნის“, – ამბობს იმანოვი.

მისი აზრით, „ეს ბუნდოვანება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ აქტივისტებსა და ხელისუფლების კრიტიკოსებს“.

მან ხაზი გაუსვა, რომ გამოცდილება აჩვენებს – ასეთი ბუნდოვანი ფორმულირებები ქმნის პოლიტიკური აქტივისტების, განსაკუთრებით ხელისუფლების კრიტიკოსების იძულებითი ჰოსპიტალიზაციისა და კანონის ბოროტად გამოყენების რეალურ რისკს.

„ასეთი შემთხვევები უკვე მომხდარა და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ისინი კვლავ არ განმეორდება“, – განაცხადა იმანოვმა.

მაგალითად მან ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის წევრის, აგილ ჰუმბათოვის საქმე მოიყვანა.

ჰუმბათოვი 2020 წლის აპრილში, იძულებით გადაიყვანეს რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც პანდემიის პერიოდში მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ, მისი და მისი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, უცნობი წარმოშობის პრეპარატები გამოიყენეს“, – თქვა იმანოვმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ეს მექანიზმი საკუთარი კრიტიკოსების წინააღმდეგაც გამოიყენოს.

„თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის ხელისუფლების უკიდურეს შეუწყნარებლობას პოლიტიკური თავისუფლებების მიმართ, გასაკვირი არ არის, რომ ის პოლიტიკური კრიტიკოსებისა და ოპონენტების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით მოთავსების ტაქტიკას მიმართავს“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.