შარმანაშვილი: საკონსტიტუციოს ვთხოვ, იანვარს არ გადააცილოს პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა

პუბლიკა

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს, იანვარს არ გადააცილოს პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა“.

საქმე ეხება გიორგი გახარიას პარტიას, რომლის აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს – „გახარია საქართველოსთვის“ უკვე არსებულ სარჩელს ემატება.

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის”, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

„ოცნებამ“ პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს წარადგინა, შემდეგ კი – მიმდინარე წლის აპრილში სიას პარტია „ფედერალისტები” დაემატა.

სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება – „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვის მაქსიმალური ვადა 9 თვეა. ეს პერიოდი აითვლება სასამართლოში სარჩელის ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.

სწორედ 9-თვიან ვადაზე გააკეთა აქცენტი თენგიზ შარმანაშვილმა.

„დაახლოებით იანვრისთვის გადიოდა ვადა სარჩელის წინა დამატებას. თხოვნა გვექნება სასამართლოსადმი, რომ იქნებ მოხერხდეს და ამავე ვადებში იქნას განხილული. ჩვენი ტაქტიკა ცნობილია: პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს სჩადიოდნენ, აგრძელებენ და ახლაც სჩადიან, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, რათა გზა გაეხსნათ იმ პარტიებს და იმ ორგანიზაციებს, რომელსაც ესენი ხელს უშლიდნენ, რომ შესულიყვნენ პოლიტიკურ ველზე.

სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს იანვარს არ გადასცდეს. ეს უბრალოდ ჩვენი პოზიცია იქნება, სასამართლოს ჩვენ ვერაფერს ვერ ვუბრძანებთ”, – თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ „ოცნების“ ამოცანა ახლა ის არის, რომ პარტიები, რომლებიც სარჩელში არიან, არაკონსტიტუციურად იყვნენ ცნობილი.

„ამდენად, ამ ერთ თვეს, ორ თვეს და სამ თვეს მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ხვალ დილითაც რომ ჩანიშნონ, ჩვენ მზად ვართ.

ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ დარჩება და ვინ არ დარჩება. არ უნდა დარჩეს არცერთი არაკონსტიტუციური პარტია პოლიტიკურ ველზე. შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს პარტიები არის არაკონსტიტუციური. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, მათ თავიანთი დაიცვან”, – თქვა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, მოატყუეს თუ არა პარტიები მაშინ, როცა თქვეს, რომ თუ პარლამენტში შევიდოდნენ, მათ აკრძალვაზე არ შეიტანდნენ სარჩელს, რაზეც შარმანაშვილმა უპასუხა, რომ „არავინ მოუტყუებიათ“.

2025 წლის 29 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლით „გადაირჩინა თავი სამართლებრივად სარჩელში მონაწილეობისგან”.