დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების შეუქცევად განადგურებას.
დაავადების პროგრესირებისას კუნთოვანი ქსოვილი ცხიმოვანი და ფიბროზული ქსოვილით იცვლება. კვლევების მიხედვით, კუნთოვანი ქსოვილის ცხიმით ჩანაცვლების ტემპი 7 წლამდე ასაკში წლიურად საშუალოდ 1.7%-ს შეადგენს, ხოლო 7 წლის ასაკის შემდეგ პროცესი მკვეთრად აჩქარდება და წლიური დანაკარგი დაახლოებით 6.7%-მდე იზრდება.
საქართველოში დიუშენის დაავადების მქონე 100-მდე ბავშვია, მათ მშობლები კი 2 წლის განმავლობაში მოითხოვდნენ, სახელმწიფომ შემოიტანოს და დააფინანსოს FDA-ის მიერ დამტკიცებული ოთხი ტიპის მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ (სავაჭრო სახელით Duvyzat); „ვამოროლონი“ (სავაჭრო სახელით Agamree); exon-skipping თერაპიები (Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45) და „ელევიდისი“ (გენური თერაპია).