რა თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტში

პუბლიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერება, მიგრაციის კონტროლი და ციფრული რეგულაციების გამკაცრება დააანონსა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმართვისას კავშირის მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ერთსაათიან გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე, მიგრაციის მართვაზე, ციფრული სივრცის რეგულირებაზე, ევროკავშირის გაფართოებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.

ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ფონ დერ ლაიენმა „ევროპული უსაფრთხოების საბჭოს“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა. მისი თქმით, საბჭო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პარტნიორ სახელმწიფოებს: უკრაინას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიასა და კანადას გააერთიანებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირის დონეზე შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც NATO-ს მე-4 მუხლის მსგავსად, უსაფრთხოების კრიზისის შემთხვევაში წევრი ქვეყნების სწრაფ კონსულტაციასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

ფონ დერ ლაიენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დრონების ინციდენტებზე, კიბერშეტევებსა და საბოტაჟზე. მისი თქმით, ევროკავშირს ერთიანი „კონტრჰიბრიდული“ სტრატეგია სჭირდება, რათა მსგავსი საფრთხეების შემთხვევაში ქვეყნებმა კოორდინირებული რეაგირება შეძლონ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სარაკეტო თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტების განვითარებაზე, რაც ევროპას თავდაცვის სფეროში გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებაში უნდა დაეხმაროს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკრაინას „მომავალი უმძიმესი ზამთრის განმავლობაში ისე დაუჭერს მხარს, როგორც არასდროს“. 

„პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, გავაძლიერებთ უკრაინის ენერგეტიკული და გათბობის სისტემების მდგრადობას და გავაძლიერებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვას“, – განაცხადა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა პირველად მიაღწიეს შეთანხმებას ამერიკული PAC-3 ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვაზე, რომლის დაფინანსებაც 90 მილიარდი ევროს ევროპული სესხიდან გამოიყოფა. მისი თქმით, აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეწოდოს.

„ამასთან, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთ კონკრეტულ მიმწოდებელზე დამოკიდებულება შევამციროთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირი და უკრაინა თავდაცვის ერთობლივ პროექტებს ამზადებენ. კერძოდ, ევროკავშირი უკრაინასთან ერთად ხელმისაწვდომი, მოდულური სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარებას გეგმავს. სისტემები პროექტ Freyja-ს პროექტის ფარგლებში შეიქმნება – Freyja უკრაინელი სამხედროების საბრძოლო გამოცდილების, ევროპული ტექნოლოგიებისა და წარმოების შესაძლებლობების გაერთიანებას ითვალისწინებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს პროექტი შესაძლოა უფრო ფართო თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი გახდეს. SAFE-ის პროგრამის ფარგლებში დარჩენილი თანხების გამოყენებით ევროკავშირი უკრაინულ კომპანიებთან ერთად თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის ახალი ინიციატივის დაწყებას გეგმავს.

SAFE Security Action for Europe – „ევროპის უსაფრთხოების მოქმედება“ არის ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსების ახალი ინსტრუმენტი – ეს არის 150 მილიარდ ევრომდე მოცულობის გრძელვადიანი სესხების მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის სფეროში მსხვილი ინვესტიციები და ერთობლივი შესყიდვები უნდა დააფინანსონ. SAFE 2025 წლის მაისში ამოქმედდა და „ევროპის შეიაღება და მზადყოფნა 2030“-ის ერთ-ერთ მთავარი ფინანსური ინსტრუმენტია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის მხარდაჭერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა დაასახელა. მისი თქმით, ევროკავშირი მუდმივად ახალი შეზღუდვების დაწესებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. პრიორიტეტი უკვე არსებული სანქციების სრულად აღსრულება და მათი გვერდის ავლისთვის გამოყენებული არხების დახურვა უნდა იყოს.

„ჩვენი სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს. რუსეთი ყველაფერს აკეთებს მათთვის გვერდის ასავლელად, ამიტომ ყველა ხვრელი უნდა დავხუროთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ილაპარაკა ევროკავშირის გაფართოებაზეც. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ევროკავშირი უახლოეს პერიოდში გაფართოების პროცესის ახალი ეტაპებისთვის შესაბამის გზამკვლევებს წარადგენს.

მან ასევე ისაუბრა უნგრეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებზე და განაცხადა, რომ ევროკავშირის მომავალი მრავალწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსების მიღება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვასთან კიდევ უფრო მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.

ფონ დერ ლაიენმა მკაცრად გააკრიტიკა სერბეთი ბელგრადში ომის დამნაშავე რატკო მლადიჩთან დაკავშირებული მოვლენების გამო. მისი განცხადებით, ომის დამნაშავეების განდიდების ადგილი ევროკავშირში არ არის და ევროპული ღირებულებების პატივისცემა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში „ვაჭრობის საგანი“ ვერ გახდება.

ასევე, საერთაშორისო პარტნიორობებზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა კანადას ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრობა“ შესთავაზა. კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ესწრებოდა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვას.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირსა და კანადას საერთო ღირებულებები და ინტერესები აქვთ და ისინი „სამყაროს ერთნაირი თვალით უყურებენ“. შეთავაზება თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, თავდაცვა, კრიტიკული ნედლეული და არქტიკის საკითხები.

გარდა ამისა:

მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საგანგებო მექანიზმების გაძლიერება დააანონსა. მისი თქმით, მასობრივი მიგრაციული ნაკადების ან სხვა განსაკუთრებული კრიზისების დროს ქვეყნებს გარკვეული დროით უფრო მოქნილი პროცედურების გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ევროკომისია ასევე გეგმავს ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებას, Frontex-ის შესაძლებლობების გაზრდასა და იმ ადამიანების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების პროცესის დაჩქარებას, რომელთაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ.

ფონ დერ ლაიენის გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ციფრულ სივრცეში ბავშვების დაცვა იყო. მან არასრულწლოვანთა სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვისა და მშობლების კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა „ციფრული სამართლიანობის აქტის“ წარდგენა დააანონსა. კანონპროექტი იმ ციფრული პლატფორმების დიზაინისა და მექანიზმების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც მომხმარებლების ყურადღების ხანგრძლივად შენარჩუნებასა და ციფრული დამოკიდებულების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ AI-ის პრაქტიკულ გამოყენებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მათ შორის ჯანდაცვაში, ტრანსპორტსა და სოფლის მეურნეობაში. ამასთან, მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი ექიმებს ვერ ჩაანაცვლებს.

ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. მან ასევე დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის შემთხვევები, მათ შორის ებრაელი დასახლებების მცხოვრებთა მხრიდან.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს ერთსულოვნების მიღწევა ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი ზომების, მათ შორის სანქციების დაწესების საკითხზე.

გამოსვლის ბოლოს ფონ დერ ლაიენმა ილაპარაკა ევროპული იდენტობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, 2027 წლისთვის იგეგმება „ევროპის კონგრესის“ მოწვევა, რომელიც მეცნიერებს, ინტელექტუალებსა და ხელოვანებს გააერთიანებს. ინიციატივა 1948 წელს ჰააგაში გამართულ ევროპის კონგრესს უკავშირდება და მიზნად ევროპული იდეის მომავლის შესახებ დისკუსიის გაძლიერებას ისახავს.

ფონ დერ ლაიენმა გამოსვლის დასკვნით ნაწილში ფრანგულ ენაზე ისაუბრა და ევროპელების „გულების მოგების“ აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ევროპელებმა კვლავ უნდა იგრძნონ, რომ უფრო დიდი, საერთო ევროპული საზოგადოების ნაწილი არიან და რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთის გვერდით დგანან.