კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით, მისი მამა – ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ პერმანენტულ აქციებს იწყებს.
დღეს დილიდან გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურასთან მივიდა და როგორც ის ამბობს ერთადერთი მოთხოვნა აქვს – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. მან პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა და მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითოვს.
აქციას შეუერთდნენ მისი კოლეგა ადვოკატები, რომლებიც ითხოვენ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებელი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქმეზე სათანადო და ეფექტური რეაგირება არ განხორციელდება.
როგორც პროკურატურის განცხადებაშაი ნათქვამი, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის – გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა – ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა – ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით. ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი – ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.
აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი – ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. კერძოდ, 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ვახტანგ ჩარკვიანი გადაყვანილ იქნა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.
ამავდროულად, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ექთანმა – თეა ბეგიაშვილმა გააყალბა ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, სადაც მორიგე ექთნების ნაცვლად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული, ხოლო რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, კერძოდ:
2023 წლის 23 იანვარს, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების უფროს ექთანს – თეა ბეგიაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2024 წლის 19 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თეა ბეგიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენი ძალაში დარჩა ზედა ინსტანციის სასამართლოებში.
ამავე საქმეზე, 2023 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსს – ქეთევან ცერცვაძეს, ხოლო 2025 წლის 6 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ქეთევან ცერცვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
ასევე, 2025 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა რესპუბლიიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმს – ქეთევან ლობჟანიძეს, ხოლო 2026 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და ქეთევან ლობჟანიძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.