კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (18/09/26 - 26/09/26

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობაზე, ოკუპაციაზე, რეგიონულ და ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხოლო ასობით ათასი დევნილი საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მან მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებსა და ოსებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებითა და მშვიდობით მიღებული სიკეთეებით სარგებლობა გამყოფი ხაზების მიუხედავად ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

გამოსვლაში კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის, სტრატეგიულ როლზე. მისი თქმით, 2032 წლამდე ქვეყანა 7 მილიარდი დოლარის სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს, მათ შორის ანაკლიის პორტის, თბილისის ახალი აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის განვითარებას, რომლითაც საქართველო მიზნად ისახავს უსაფრთხო, მდგრადი ციფრული კავშირების განმტკიცებას ევროპასა და აზიას შორის.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას ეხმაურება და მასში საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი განცხადებით, გამოსვლაში არ იყო საუბარი ევროინტეგრაციის კურსზე, არ იყო აღნიშნული ოკუპაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობა და კობახიძეს არ მოუთხოვია დეოკუპაცია. აქუბარდიას თქმით, მაშინ როდესაც მეზობელი ქვეყნები საკუთარ რეგიონულ როლს აშშ-სთან, ევროკავშირსა და სხვა მოკავშირეებთან კონკრეტული პარტნიორობით ამყარებენ, საქართველო გაეროს ტრიბუნიდან ევროკავშირში წევრობას აღარ ასახელებს მიზნად. აქუბარდია მიიჩნევს, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური წონის შემცირება და დასავლურ პარტნიორობაზე უარის თქმა საქართველოს მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციის ამარა ტოვებს, რაც სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

მოსამართლემ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა თანამდებობის პირების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული მუხლი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის კონსტიტუციურობის შეფასება ითხოვა. აღნიშნული ნორმა სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 1500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლის შეფასებით, სადავო მუხლი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით დაცულ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, აჩენდეს „მსუსხავ ეფექტს“ კრიტიკული აზრის მიმართ და გამორიცხავდეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებას.

საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომდე კონკრეტული საქმის განხილვისას მივიდა: შსს–მ ოქმი შეადგინა მოქალაქე ირაკლი კეზევაძის წინააღმდეგ, რომელმაც Facebook-ზე თბილისის მერს, კახა კალაძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კეზევაძემ განმარტა, რომ კომენტარი ნასვამ მდგომარეობაში დაწერა, არის უმუშევარი, უვლის ავადმყოფ დედას და ცხოვრობს მისი პენსიით, ხოლო მსგავსი ქმედება აღარ განუმეორებია. მოსამართლე კიკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ საჯარო პირებს კრიტიკის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვთ, ხოლოდ სპეციალური, მკაცრი სანქციების დაწესება სასამართლოს არ უტოვებს შესაძლებლობას, გაითვალისწინოს მოქალაქის მძიმე სოციალური მდგომარეობა და გაათავისუფლოს იგი პასუხისმგებლობისგან.

მოსკოვი, ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი თბილისისგან „თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტირებს“ მოითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოსგან „ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებსა“ და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და საოკუპაციო რეჟიმების დე ფაქტო წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ძალის გამოუყენებლობის საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ–ერთი მთავარი თემაა. საქართველო თავდაუსხმელობის ცალმხრივ ვალდებულებას წლებია აღასრულებს.

დიმიტრი სამხარაძის მამა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან კონცერტებისთვის 164 750 ლარს მიიღებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, დიმიტრი სამხარაძის მამა, მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კონცერტების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჯამში 164 750 ლარს მიიღებს. მომსახურების შესყიდვა ყველა შემთხვევაში გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე ხორციელდება.

მმართველი გუნდის მუქარისა და უსაფრთხოების რისკების გამო გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა

გორში 26 სექტემბერს დაგეგმილი „კამარა ფესტივალი“, რომელიც ვორქშოფებს, კულინარიას, საჯარო დისკუსიებსა და მუსიკალურ პროგრამას გაერთიანებდა, უსაფრთხოების მიზნით გადაიდო. ღონისძიების ორგანიზატორმა, „დანიის კულტურის ინსტიტუტმა“, გადაწყვეტილება ადგილზე არსებული რისკების გამო მიიღო. ფესტივალი Kordz-ის კონცერტით უნდა დახურულიყო, თუმცა ხელოვანის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და სამთავრობო მედიის მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისა და „გაბრაზებული ბრბოთი“ მუქარის გამო, უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობდა.

შალვა პაპუაშვილმა, საჯაროდ გააკრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლობა და ფესტივალის ორგანიზატორები Kordz-ის მიწვევის გამო. მუსიკოსი მმართველი გუნდისა და მისი მხარდამჭერების განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე სიმღერა „ოლე ოლას“ გამო გახდა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს აქციის მონაწილეები მღეროდნენ.

მუსიკოსის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი (TUMIG) და ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურნენ. პროფკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა Kordz-ს, დაგმო ხელოვნების პოლიტიკური დევნა და აღნიშნა, რომ მსგავსი ცენზურა დამანგრეველია კულტურული გარემოსთვის. ევროკავშირის ელჩის ოფისმა კი წუხილი გამოთქვა ფესტივალის ჩაშლის გამო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი დაინიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე დაინიშნა: გოგა კიკილაშვილი პრეზიდენტის კვოტით, ხოლო სერგო მეთოფიშვილი უზენაესი სასამართლოს პლენუმის კვოტით. კიკილაშვილი გიორგი კვერენჩხილაძეს ჩაანაცვლებს, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება, ხოლო მეთოფიშვილი 2 ნოემბრიდან თეიმურაზ ტუღუშის ადგილს დაკავებს. ახლადდანიშნული გოგა კიკილაშვილი, რომელიც ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, 2023 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო.

რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილს, მას სამოქალაქო სექტორი სასამართლოს „კლანის“ წევრად მოიაზრებს. იგი ღიად ეწინააღმდეგება მოსამართლეთა შემოწმებას „ვეტინგს“ და გამოირჩევა არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი თავდასხმებით, ის დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ. ხოლო მისი ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების პროცესი სასამართლომ შეაჩერა.

მოსამართლეები კვერენჩხილაძე და ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოში პრინციპული და განსხვავებული პოზიციებით გამოირჩეოდნენ. მათ განსხვავებული აზრი დააფიქსირეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საჩივრებზე, ასევე აქციების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე.

საია–ს ყოფილი თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ამ დანიშვნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოდან განსხვავებული აზრები, ფაქტობრივად, აღარ დაიწერება.

ევროპაში ვიზიტით მყოფი პაპუაშვილი ევროინტეგრაციის შეჩერებას არა „ოცნების“ პოლიტიკას, არამედ ევროკავშირს აბრალებს

შალვა პაპუაშვილი, რომელიც გამოირჩევა ევროკავშირისადმი უარყოფითი განცხადებებით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვია. მედიასთან გაკეთებული განცხადებებში მან საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებაში პასუხისმგებლობა ევროკავშირს დააკისრა. პაპუაშვილმა ევროკომისიის 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დადგა მომენტი, ბრიუსელმა გადახედოს თავის პოზიციას და კონფრონტაციის ნაცვლად მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს.

ოფიციალურ დელეგაციაში დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი შედიან.

გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონებისა და გასულ წლებში აამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი კრიტიკული რეზოლუციებს იღებდა და მწვავე განცხადებებს ავრცელებდა. პროცესი საბოლოოდ ჩიხში შევიდა 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რამაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

კახეთში მევენახეების საპორტესტო აქცია იყო

გასულ კვირას კახეთში მევენახეებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი ჩაბარებისას შაქრიანობის მიხედვით დაწესებულ დაბალ ფასებსა და ხელოვნურად შემცირებულ მაჩვენებლებს აპროტესტებდნენ. სოფელ ახალსოფელსა და შილდაში გამართულ აქციებზე მევენახეებმა აღნიშნეს, რომ ქარხნებში გაზომილი შაქრიანობა რეალურზე დაბალია, განმეორებით შემოწმებაზე კი უარს იღებენ.

პორტესტის ფონზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჩასაბარებელი ტარიფები გაზარდა. მათი განცხადებით, მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი ძველი ფასით უკვე ჩააბარეს, სხვაობა დაუკომპენსირდებათ.

პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი დაახარვეზა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უფასო სასკოლო კვების შესახებ წარდგენილი კანონპროექტის განხილვის დაწყება მიზანშეწონილად არ ცნეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დოკუმენტს თან არ ახლავს შესაბამისი ფინანსური გაანგარიშება, რის გამოც ინიციატივა ავტორებს ხარვეზის გამოსასწორებლად უკან დაუბრუნდებათ.

საკანონმდებლო ცვლილება მოძრაობა „ხმას“ ეკუთვნის, რომელმაც პარლამენტში 37 000-ზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერა წარადგინა. პროექტი საჯარო სკოლების ყველა მოსწავლისთვის საყოველთაო, უფასო და დაბალანსებული კვების დანერგვას ითვალისწინებს, რაც ინიციატორების თქმით, განათლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას ისახავს მიზნად.

უცხოეთი

ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას ლიცენზიას მიიღებს – ზელენკსი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპმა ნიუ–იორკში შეხვედრისას დაუდასტურა, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ზელენსკის თქმით, მხარეები რაკეტების ახალი პარტიის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ.

აშშ–ის ადმინისტრაციას ლიცენზიის გადაცემა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა 19 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის შეიარაღების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. პარალელურად, ევროკავშირმა დაუშვა გამონაკლისი და უკრაინას მისცა უფლება, ევროპული სესხიდან 3.2 მილიარდი ევრო სწორედ ამერიკული „პატრიოტის“ სისტემების შესასყიდად გამოიყენოს.

ტრამპთან ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა რუსეთს, უკრაინასა და აშშ–ს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს

აშშ–ის ინიციატივით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესაძლოა რუსეთს, უკრაინასა და ამერიკას შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონისგან ტექნიკურ ფორმატში შეხვედრის თარიღს ელოდება, ხოლო კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა კონსულტაციების მზადება დაადასტურა. ამ შეთანხმებას წინ უძღოდა 22 სექტემბერს ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ე.წ. „ენერგეტიკული ზავი“ და ომის დასრულების გზებია. ზელენსკის თქმით, კიევი მზადაა შეწყვიტოს რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა და შეაჩერებს უკრაინის ელექტროსისტემაზე თავდასხმებს.

რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს, კიევი კი რუსულ ნავთობქარხნებს

ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასიური საჰაერო იერიში მიიტანა.   კიევში საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები და საწყობები დაზიანდა, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი და ათეულობით ადამიანი დაშავდა. მსხვერპლია ოდესის ოლქშიც, ხოლო ზაპოროჟიეში იერიშის შედეგად სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა.

25 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის სამხედრო–სამრეწველო ობიექტებსა და ენერგოინფრასტრუქტურას შეუტიეს. უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დარტყმები  და ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, რამაც ქარხნის გაჩერება გამოიწვია. გარდა ამისა, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ელექტრონიკისა და სამხედრო მოწყობილობების მწარმოებელ ულიანოვსკის ქარხანა „ისკრაზე“. რუსულ რეგიონებში არის მსხვერპლი, დაშავდენ სამოქალქო პირები.

რუსეთმა მოლდოვის, რუმინეთისა და პოლონეთის საჰაერო სივრცეები დაარღვია

23-24 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის პარალელურად, რუსულმა დრონებმა და სამხედრო ტექნიკამ მეზობელი ქვეყნების საზღვრები დაარღვიეს. მოლდოვაში საჰაერო სივრცე ოთხი რუსული დრონის გამო დროებით დაიხურა, საიდანაც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დრონი შეფრინდა რუმინეთშიც, სადაც ჰაერში NATO-ს გამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო ჩამოვარდნის არეალში სასწავლო პროცესი ოთხ სკოლაში შეჩერდა.

პარალელურად, პოლონეთის საჰაერო სივრცე კალინინგრადის მხრიდან რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა Mi-8-მ დაარღვია, რაც ვარშავამ რუსეთის მიერ პოლონური თავდაცვის სისტემების მორიგ შემოწმებად და პროვოკაციად შეაფასა.

პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა დონალდ ტუსკმა არაერთხელ განაცხადა, რომ კრემლი NATO-ს ერთიანობის შესუსტებას ცდილობს და შესაძლოა უახლოეს თვეებში ალიანსის წევრ ქვეყნებზე თავდასხმები განახორციელოს, რომლებსაც „შემთხვევით ინციდენტებად“ წარმოაჩენს.

აშშ–მა და დანიამ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმება გააფორმეს

22 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დანიისა და გრენლანდიის პრემიერ–მინისტრებთან ერთად, ხელი მოაწერა უვადო შეთანხმებას გრენლანდიის თავდაცვის შესახებ. დოკუმენტი აშშ–ს 1951 წლის ხელშეკრულების განახლებულ პირობებს სთავაზობს და არქტიკაში ამერიკული სამხედრო ყოფნის გაფართოებას ითვალისწინებს.

შეთანხმების თანახმად, აშშ განაახლებს არსებულ პიტუფიკის კოსმოსურ ბაზას და ორ ახალ სამხედრო ობიექტს ააშენებს. ამერიკულ ძალებს ეძლევათ თავისუფალი გადაადგილების უფლება გრენლანდიის ხმელეთზე, საჰაერო სივრცესა და წყლებში, ასევე უპილოტო სისტემების განთავსების შესაძლებლობა. დოკუმენტი მკაცრად კრძალავს NATO-ს არაწევრი ქვეყნების სამხედროების გრელანდიის მიწაზე ყოფნასა და მათთვის სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომას.

შეთანხმება ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობას მოიპოვებს.